დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა აწუხებთ ევროპაში გადახვეწილ ქართველებს?
რა აწუხებთ ევროპაში გადახვეწილ ქართველებს?
სულ ნანახია 3107
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ღმერთო, მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც შემიძლია და გონიერება, რომ განვასხვავო ერთი მეორისაგან“ (კურტ ვონეგუტი)

 

 

 

„ღმერთო, მოგვეცი მოთმინება“...

 

საქართველოს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ ცოტა ოცი წელია გასული და აღარც ტერიტორია და აღარც მოსახლეობა შერჩა „ვერცხლის ტყავზე გაწოლილ“ ქვეყანას. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველი აღარ არსებობს და ეს ფაქტი არც არავის უჩენს საფიქრალს. ამერიკაში მყოფებს რა უჭირთ! გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში მხოლოდ ფულიანი ქართველები ცხოვრობენ და იმათაც რა უჭირთ! საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ ქართველებს კი მოთმინება მიეცი ღმერთო!

 პულია იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონია. ტერიტორიით საქართველოს ტოლი. აქ ქართველ ემიგრანტთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა. ნაწილი - დროებითი პასპორტით, დიდი ნაწილი - დოკუმენტაციის გარეშე, ძირითადად ქალები. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ემიგრანტი ქართველი ქალების 90 პროცენტის ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ათობით ქალბატონმა ფსიქიური აშლილობით დატოვა იტალია, ათობით ქალბატონმა გაიკეთა მკერდის ამპუტაცია და საშვილოსნოს ამოკვეთა, დანარჩენებს კი სახსრების და ხერხემლის პრობლემები აწუხებთ. იტალია კაპიტალისტური ქვეყანაა და სამედიცინო მომსახურება საკმაოდ დიდი თანხა ჯდება. დროშიც არანორმალურად იწელება და ქართველთა სიკვდილიანობაც შესამჩნევი ხდება.

 

 

შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეიძლება“...

 

დღეს უკეთურება ისე მომრავლდა ქვეყანაზე, რომ სიკეთე დაუჯერებელი ფენომენი გახდა, სიკეთის მაკეთებელი კი სანთლით საძებარი, მაგრამ თურმე...

 

ქუთაისის სამედიცინო კლინიკის დირექტორი, ბატონი ზურაბ ლობჟანიძე ორი კვირით ეწვია ქალაქ ბარს და ოთხასამდე ქალბატონს მოუსმინა, გასინჯა, დანიშნულება და რჩევა-დარიგება მისცა. ბარის ქართველობა ფეხზე დადგა. არავის  სჯეროდა, რომ ეს ღვთისნიერი კაცი უფასოდ, უანგაროდ იხარჯებოდა და საოცარი მზრუნველობით ხვდებოდა ფეხზე მოსიარულე, უფრო მეტიც, მძიმე სამუშაოებზე მყოფ ავადმყოფ ქართველ ქალბატონებს.

 

 ნანა ხურციძე: „ბატონი ზურაბის მოწვევის გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე მეგობრის თანადგომით შევძელით. ქალბატონმა თინათინ ჭელიძემ თავის თავზე აიღო ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

 

ბატონმა გიორგი მაწკეპლაძემ სამუშაო ოთახი გამოძებნა, ხოლო ქალბატონმა თამარ ფხაკაძემ თავისთან ისტუმრა და შეძლებისდაგვარად ცხოვრების პირობები მოუგვარა.

 

ექიმის პროფესია თავისთავად ჰუმანური პროფესიაა, მაგრამ ბატონ ზურაბის პიროვნულმა ჰუმანიზმმა, პროფესიონალიზმმა და ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებამ გაოცებაში მოიყვანა სამშობლოდან გადმოხვეწილი ქართველები. აქაურ გულგრილობას, ხშირად არაადამიანურ მოპყრობას შეგუებულნი მოკრძალებით შედიოდნენ და თვალცრემლიანნი გამოდიოდნენ ექიმის სახელდახელოდ შექმნილი კაბინეტიდან. „თურმე კიდევ არსებობს მადლი და სიკეთე, თურმე კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სითბო და სიყვარული  უფასოდ და უანგაროდ ჩამოარიგონ“ - ამბობდნენ და ცრემლებს ვერ მალავდნენ. არ ვიცი, ალბათ, რაღაც კარგი, საღვთო საქმე გაკეთდა.“

 

ნელი ქავთარაძე: „ზურაბ ლობჟანიძეს აქ ბევრი პაციენტი ჰყავს, რომლებიც აქედან უკავშირდებიან. ტელეფონით უხსნიან საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებს და ტელეფონით ღებულობენ სამედიცინო რჩევებს. აქ ჩამოსვლით მან კიდევ უფრო მეტს გაუწია საჭირო და აუცილებელი დახმარება. გამოიყენა თან ჩამოტანილი თავისი მედიკამენტები. სამწუხაროა, რომ ბარის ემიგრანტი ქართველები მოუმზადებელი შეხვდნენ ქართველი ექიმის ჩამოსვლას. ზოგ-ზოგიერთები კითხულობდნენ: საკონსულომ იცის მისი ვიზიტის შესახებ? რა სასაცილოა...

 

საკონსულომ ის თუ იცის, რამდენი ემიგრანტი ჰყავს და, საერთოდ, თუ ვინმეს გადააფარა მფარველობის კალთა. იმდენად მიტოვებულად ვგრძნობთ თავს, რომ მზად ვართ ბოდიში მოვუხადოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ.“

 

ნარგიზა ბელთანია: „მე ექიმის ოჯახიდან ვარ, შვილიც ექიმი მყავს და კარგად ვიცი ამ პროფესიის ფასი. ბატონმა ზურაბმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამაზე კეთილშობილი საქმე არ არსებობს, განსაკუთრებით, როცა ამ საქმეს უკეთილშობილესი ადამიანი აკეთებს. რამდენიმე დღის ნაცნობობაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველას გასაგონად ვთქვა:  უფალო, უმრავლე ქართველობას ასეთი ადამიანები! პირადად მე ართროზი მაწუხებს და აქაურმა კლიმატმა, ცხოვრების არანორმალურმა დატვირთვამ კრიტიკულ სიტუაციამდე მიმიყვანა. უკვე ტკივილის შიშის ქვეშ ვცხოვრობ. ბატონმა ზურაბმა გულდაგულ გამსინჯა, მომისმინა, ჩემს სამკურნალო თვითდანიშნულებას გადახედა, აქაურ აფთიაქებში შესაბამისი წამლები მომიძებნა და იმდენად კარგად ამიხსნა ამ ავადმყოფობის ღია და ფარული მოვლენები, რომ შემიძლია სხვებსაც ვურჩიო და ტკივილების შემსუბუქებაში მივეხმარო. ისიც საკმაოდ დიდი შეღავათია, რომ ბატონმა ზურაბმა ყველას გადასცა სავიზიტო ბარათი და უფასო კონსულტაციების მიღების საშუალება მოგვცა იტალიიდან - ქუთაისში. მადლობა ძალიან უბრალო სიტყვაა, მაგრამ მადლობა, ბატონო ზურაბ!“

 

თამარ ფხაკაძე: „ბარის რეგიონში ქართველთა სიმრავლე დიდი ხანია დღის წესრიგში აყენებს სათვისტომოს ჩამოყალიბების აუცილებლობას. მრევლის შექმნამ, ქართული წირვა-ლოცვის ჩატარების უფლების მოპოვებამ რაღაც იმედი გააჩინა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდებოდა აქ მყოფი ქართველების დროებითი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. არა, ქართულ დროშას ხშირად აფრიალებენ სადღაც და სადღაც, მაგრამ ამასაც ვიღაცები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. ფაქტობრივად, მიტოვებული არიან ქართველი ბავშვები, რომელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ავადმყოფი და პატიმარი (საუბედუროდ) ქართველები. მიცვალებულების გადასვენებაც კი ვიღაცების სარგებელზე არის გათვლილი.

 

არ მიკვირს - ქართველს ყოველთვის უჭირდა საკუთარი ჯილაგის გატანა, მაგრამ ის, რაც აქ ხდება, ფარგლებში აღარ ეტევა. ყველა ამ უბედურების ფონზე ბატონ ზურაბ ლობჟანიძის ჩამოსვლა ღვთის მოვლენილი მადლი იყო. ეს არის არაჩვეულებრი პიროვნება და ექიმი, უბრალო ადამიანებთან ურთიერთობაში საოცრად მოკრძალებული და თავის საქმეზე შეყვარებული. ორკვირიანი სტუმრობით მან ბევრი რამ შეცვალა, ადამიანებს სიკეთის რწმენა დაუბრუნა, იმედი მისცა, ზოგიერთები საკუთარ სინდისშიც ჩაახედა. ხომ არ შეიძლება მოჩვენებითობითი პატრიოტიზმით,  ამ საცოდავ ადამიანებზე ვითომდა ზრუნვით, ფულები აკეთო? იქნებ, ბატონ ზურაბის ჩამოსვლამ რაღაც სასიკეთოდ შეცვალოს აქ მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაში. უპატრონო ქვეყნის უპატრონო შვილებს ამ კაცმა რაღაცის იმედი დაუტოვა.“

 

 

***

 

ზურაბ ლობჟანიძე: „ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ამდენი თვითმკურნალობაზე მყოფი პაციენტი ნამდვილად არ მყოლია. აქ უამრავი პრობლემა არსებობს ქართველი ემიგრანტებისთვის: შეზღუდვა დროში, რადგან, ძირითადად, 24-საათიანი სამუშაოთი არიან დატვირთული, ექიმის ვიზიტი გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს თანხა 50 ევროთი იწყება; ენის ბარიერი, რადგანაც სამედიცინო ენაზე ელაპარაკო ან გელაპარაკონ, ადვილი არ არის; წამლები, რომელთაც იტალიის სამედიცინო სამინისტრო იყენებს, განსხვავდება ჩვენი ფარმაკოლოგიისგან, რაც ხშირად უარყოფითი შედეგებით მთავრდება. ჯანმრთელობაზე დიდად მოქმედებს კვება, კლიმატი და სამსახურეობრივი დატვირთვა. ბოლოს კი, სამშობლოდან შორს ყოფნა - ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან.

 

მე იმდენ ფეხზე მოსიარულე მძიმე ავადმყოფს შევხვდი, რომ დამიჯერეთ, მე თვითონ მივდივარ დაავადებული სულიერადაც და ფიზიკურადაც. ვწუხვარ, რომ ამდენი ქართველი ემიგრანტი ასე უყურადღებოდ არის მიტოვებული საქართველოს ხელისუფლებისგან.

 

ჩემი აქ ჩამოსვლა საქართველოს პატრიარქის მიერ იყო კურთხეული. მისი თხოვნა იყო, იმედი და რწმენა ჩამომეტანა, ჩემი პროფესიული მოვალეობა მომეხადა და სამომავლო გზები გამომენახა, რომ ცოტა უკეთ იგრძნონ თავი ქართველმა ემიგრანტებმა. ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. მადლობა მათ, ვინც ჩემი ჩამოსვლა დადებითად შეაფასა და ამ ორი კვირის მანძილზე მუშაობის საშუალება მომცა.

 

 

უფალო, მოგვეცი გონიერება“...

 

 

დიდი ხანია, საქართველოს ე.წ. გონიერი ადამიანები უგონოდ მართავენ. დიდი ხანია, ქართველი გონიერს და უგუნურს ვერ არჩევს. დიდი ხანია, ქართველმა კაცმა სიკეთის კეთებით გამოწვეული ბედნიერების განცდა დაკარგა, ალბათ, ამიტომ ვჯახირობთ ამდენს, ალბათ, ამიტომ გვყავს ამდენი ემიგრანტი, დევნილი, თვითმკვლელი და ქვეყნის მკვლელი.

 

რვა ათასმა ქართველმა ვერ შეძლო სათვისტომოს ჩამოყალიბება, ვერ შეძლო ერთ მუშტად გაერთიანება, ქართული ყივილი - „უჩემოდ ვით იმღერეთო“ - აქაც ძალაში რჩება. გაუტანლობა, ორგულობა, გულგრილობა, ზიზღი და ირონია შური და სიავე არც აქ აკლიათ ქართველებს.  თუ ქართველი თავის თავში ქართველს არ აღმოაჩენს, თუ საშობაო სუფრას მხოლოდ გათითოებული მივუჯდებით და სხვებს ლუკმას არ გავუყოფთ, თუ მარტო ჩვენს გადარჩენაზე ვიზრუნებთ და სხვებს გადავაბიჯებთ, საერთოდ დავიღუპებით. როგორც არასდროს, ქართველ კაცს ახლა, სწორედ ახლა სჭირდება სიკეთე და „კეთილი კაცები“. თუ გონება არ მოგვცა უფალმა გადარჩენა არ გვიწერია.

 

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ტკივილი წამოიღო ბატონმა ზურაბ ლობჟანიძემ. იქნებ, ვიღაცები მივეხმაროთ ამ ტკივილის ტარებაში. უფალო, გონიერება გაუნათე ფულსა და ხელისუფლებას დახარბებულ ქართველებს. ბატონო პრეზიდენტო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი არსებობით გაწუხებთ.

 

ცისანა იობიძე,

 

იტალია, ქ. ბარი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია