დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შევუგროვოთ წიგნები პერევის ბიბლიოთეკას!
შევუგროვოთ წიგნები პერევის ბიბლიოთეკას!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1730
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

პერევი საჩხერის განაპირა სოფელია, რომელიც სამხრეთ ოსეთის (გინდა - სამაჩაბლოს, გინდა - ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიის) მესაზღვრეა. ადმინისტრაციული ხაზი პირობითად მდინარეს მიუყვება. პერევი გამორჩეული სოფელია, აქ შსს-ს საგუშაგოცაა, პოლიციის განყოფილებაც, მუდმივი შიშის მოლოდინიც, ახალგაზრდა ექიმი ქალიც, თავდაუზოგავი ამირან შუკაკიძეც, რომელიც ყველანაირად ცდილობს, სოფელი არ დაიცალოს. ერთი ამირანი (რომელიც ჩემს თვალში გმირია რიგი თვისებებისა და ქმედებების გამო) სოფლის დაცლის გააფთრებული მოწინააღმდეგეა, თუმცა მისი ასეთ საქმეში მარტო მიტოვება დანაშაულის ტოლფასია. პერევს გვერდით უნდა დაუდგეს ერი და ბერიც, რადგან აქაური თითო ოჯახი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი ჯავშანტექნიკა.

სოფელს ახალგაზრდა მედპერსონალი ჰყავს, რომელიც „იქეთურებსაც“ ემსახურება. აქ არავინ არჩევს ოსსა და ქართველს. პერევლები დანანებით იხსენებენ ლამაზ ნათესაურ ურთიერთობებს, რომელიც, ძალაუნებურად, რუსეთმა გააცამტვერა. სოფელში სკოლაც რემონტდება, საკრებულოს თავმჯდომარეც ხშირად აკითხავს მათ... მიწის ნაკლებობა რომ არა, პერევს ბევრი სოფელი ვერ შეედრება ვერც სილამაზით და ვერც სიჯანსაღით. პატარა ბიბლიოთეკა, რომელსაც წიგნადი ფონდი ძალიან მწირი აქვს, მუდმივად მკითხველის მასპინძელია. პოლიციის მუშაკები, სოფლის მოსახლეობა ხშირად აკითხავს ბიბლიოთეკარს, რომელიც მიზერული ხელფასით მუშაობს.

წიგნების რაოდენობის სიმცირე ადვილი „დასამარცხებელია“, ჩვენ ყველას შეგვიძლია, თითო წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან ავიღოთ, რომელიმე მითითებულ ადგილას მივიტანოთ და შემდეგ ერთიანად გადავცეთ პატარა სოფლის პატარა ბიბლიოთეკას. რადგან უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, ჩვენ, ქართველები კი უშურველი ხელგაშლილობით გამოვირჩევით, ამ ისრის დაგრძელებისათვის მარტივ და კარგ აქციაში უნდა ჩავერთოთ: ქუთაისში - გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქციაში და თბილისში კი - ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიტანთ წიგნებს, მერე ერთ მშვენიერ დღეს გადავცემთ პერევის ბიბლიოთეკას (სხვათაშორის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეც, აპირებს წიგნების „ჩამოყოლას“ თბილისიდან). თავად დავიწყებ ამას, ჩემს მწირ ბიბლიოთეკას ერთხელ კიდევ გადავავლებ თვალს, რამდენიმე გამორჩეულ წიგნს ავიღებ, დანანებით, მაგრამ მაინც გავიმეტებ პერევის ბიბლიოთეკისთვის. თქვენც, ხომ?

მაშ, ასე, ვიწყებთ სოციალურ აქციას: წიგნები პერევის ბიბლიოთეკისათვის!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია