დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვის და რატომ უნდა ქუთაისის „ბუტკაისად“ ქცევა?
ვის და რატომ უნდა ქუთაისის „ბუტკაისად“ ქცევა?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 2244
ავტორი:
ეკა შალამბერიძე

ვისი ინტერესები იმალება გამჭვირვალე ჯიხურების უკან

 

ქუთაისში ბოლო დროს გამოჩენილი მეტალოპლასტმასის კონსტრუქციის ჯიხურები საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა. ნაწილს ჯიხურების გარეგნული იერსახე არ მოსწონს, ზოგი მასში არაჯანსაღ კონკურენციას ხედავს, პოლიტიკაში უფრო გარკვეულები კი ჯიხურების უკან კონკრეტული პიროვნებების ინტერესებზე ალაპარაკდნენ, ადგილობრივებს ჯიხურების უკან მდგომნი არ აინტერესებთ და წარსულში დაბრუნების ასოციაციას აპროტესტებენ.

 

„ჯერ ერთი დიპლომი თუ აქვს, საერთოდ, ვინც ეს დააპროექტა, „ასეთი სიმახინჯეები 90-იან წლებში გვქონდა და უნდათ, იმ ავბედით წარსულში დაგვაბრუნონ, მალე, ალბათ, იმასაც უნდა ველოდეთ, რომ შაქარს და პურს ტალონებზე მოგვყიდიან,“ - ამბობს გამსახურდიას გამზირის მკვიდრი ნარგიზა ხმალაძე.

 

ჯიხურების თემაზე პოლიტიკურად განსხვავებული სამი  პარტიის  მოსაზრებებიც კი ერთმანეთს ემთხვევა. „ნაციონალები“ და „ოცნების“ წარმომადგენლები გამჭვირვალე ჯიხურების  უკან კონკრეტული პიროვნების ინტერესს ხედავენ.  

 

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე: „ამ ჯიხურების უკან გოჩა თევდორაძის ფინანსური ინტერესი დგას, თევდორაძე ის კაცი არ არის, რომ ფაქტები დატოვოს, ამიტომ ეს საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ.“

 

ჯიხურების უკან კერძო პირის ინტერესებს ხედავს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია უკლებაც და კითხვებზე პასუხის გაცემას ქალაქის საკრებულოსგან ითხოვს. „ოცნებაში ამბობენ, რომ ამ უსახური ჯიხურების უკან „პატრიოტი“ გოჩა თევდორაძე დგას, კეთილ ინებოს და თვითმმართველობამ ან დაადასტუროს ფაქტი, ან უარყოს. რას დაახრიგინებენ ამ ჯიხურებს ერთი ადგილიდან მეორეზე. ქალაქი შევარდნაძისეულ ბნელ ეპოქაში დააბრუნეს, აგვიხსნან, ხალხის და მცირე მეწარმის ხარჯზე, რატომ უნდა აკეთოს გოჩა თევდორაძემ მაყუთი?“

 

 

***

 

საიჯარო ხელშეკრულება ქუთაისში 20 ჯიხურის დადგმისათვის ნაკვეთების იჯარით გაცემის შესახებ ქალაქის მერიასა და შპს „მადლს“ შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა. ქონება მოსარგებლეს იჯარის სახით აუქციონის გამოცხადების გარეშე გადაეცა. 20-ვე ნაკვეთზე, რომელიც,  ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული, წლიური საიჯარო გადასახადი 1700 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობის მიხედვით არსებული ქონება მეიჯარეს 7 წლის ვადით გადაეცა.

 

 

გასხვისებული მიწის ნაკვეთების მიზერულ ფასზე საუბრობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია:       „კორუფციის ახალი ბუდეები დაგვიდგეს ჯიხურების სახით, რატომაც არა, 7 წლის ვადით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავიანთი შვილების მომავალი გაიბზიალონ მაშინ, როდესაც გასაცოდავებულ გლეხს ბაზარში დგომისთვის დღეში 4-5 ლარს ახდევინებენ, ამ ჯიხურების მოსარგებლემ  კვადრატულ მეტრზე 5 თეთრი უნდა გადაიხადოს?“

 

ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დასახელებულ თანხაზე გაცილებით ძვირად რომ იყიდება, ამის მომსწრე მერიაში  უახლოეს პერიოდებში ჩატარებული არაერთი აუქციონის მიხედვითაც ვართ. თუმცა ზემოთ ხსენებული ოცი ნაკვეთი თავს იმ მიზეზის გამოც „ვერ დაიფასებდა“, რომ ნაკვეთები საერთოდაც ტენდერის გარეშე გაიჯარდა და გაიჯარების შესახებ ინფორმაციიის  ხელმისაწვდომობის გამო შპს  „მადლი“ „უკონკურენტო და იღბლიანი“ აღმოჩნდა.

 

 მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის  ბესო ცქიფურიშვილისთვის   საიჯარო გადასახადი  ნაკვეთთან შესაბამისობაშია  და კითხვაზე: ხომ არ იქნებოდა  უკეთესი,                                                             გამოცხადებულიყო  ტენდერი,  რაც  მიწის  ნაკვეთების საფასურს უფრო გაზრდიდა? ცქიფურიშვილმა გვიპასუხა: „მასე ისიც  იქნებოდა უკეთესი, ბადრიჯანს ფრთები ჰქონდეს და მერცხალი იყოს, მაგრამ ასე არაა,  რა იქნებოდა უკეთესი და არა, ეს საექსპერტო სამსახურმა უკეთ იცის, ეს ფასი მათ განსაზღვრეს და საკმაოდ შესაბამისობაშია ნაკვეთების ფართობთან.“

 

 

***

 

მერიის ქალაქდაგეგმარების და  ურბანული განვითარების  სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი იჯარის გადასახადს არა, მაგრამ ჯიხურების დიზაინს იწუნებს: „მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტი უფრო დახვეწილი იყო, წინასწარ შეუძლებელია, განჭვრიტო, როგორი იქნება ესა თუ ის პროექტი, ამიტომ ეს ერთგვარი საცდელი ტიპის ჯიხურებია და მისი კორექტირება აუცილებლად მოხდება.“

მოსახლეობას პროტესტი ჯიხურების დიზაინში ცვლილებების შეტანის მიუხედავად რომ ექნება, ამას ადგილობრივთა გამოკითხვებიც ცხადჰყოფს, „ჯიხური ჯიხურია, გინდ შაიტანე, გინდ გამაიტანე,“ - გვითხრა დასმული კითხვით განაწყენებულმა ბუხაიძის ქუჩის მკვიდრმა სერგო გაბადაძემ, -  ყიდვა თუ მინდა, მაღაზიების მეტი რაა, კუბოსავით ბუტკაში  არ ვიყიდო? რომელი კარგი  წარსული ჩვენ გვქონდა, რომ გვაბრუნებენ? არ მინდა, ბატონო, გაახალგაზრდავება და არც ის მინდა, ქალაქი, ქუთაისის ნაცვლად „ბუტკაისს“ დაამსგავსონ.“

 

 

***

 

ქუთაისის „ბუტკაისით“ ჩანაცვლების იდეა არ მოსწონს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს, ნორად მიქიაშვილს, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გამო, ჯიხურების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.  „არსებობს საიჯარო ხელშეკრულება მერიასა და შპს-ს შორის, რაც მეწარმის ინტერესების დაცვას გვავალდებულებს.  ჯიხურები ქალაქში დარჩება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხერხდეს, მათი ადგილმდებარეობის მონაცვლეობაა.“

 

 

არადა, აქამდე მარტივი ჭეშმარიტება გვეგონა, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.“

მაშინ, როდესაც ჯიხურების თემაზე განსხვავებული პოლიტიკური პარტიების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, განსხვავებული აღმოჩნდა თავად ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია მისივე  მოადგილის განცხადებისგან. მიქიაშვილი ჯიხურების გარანტირებულ არსებობაზე საუბრობს, შოთა მურღულია კი, მოიჯარეზე ქონების მართვის უფლების ჩამორთმევას არ გამორიცხავს.

 

 

„მეც არ ვარ მომხრე, ქალაქში ჯიხურები დავდგათ, ხელშეკრულებაში არის მთელი რიგი საკითხები, რაც საფუძვლიან გამოკვლევას საჭიროებს, მათი დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, საერთოდ შესაძლებელია, მეიჯარეს ქონების მართვის უფლება ჩამოერთვას.“

 

თუმცა იქამდე, როგორც თავად ქალაქელები აცხადებენ, ქუთაისის  „ბუტკაისად“ ქცევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ჯიხურების დახლებზე  უკვე პროდუქტიც გამოჩნდა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია