დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„არც ისე შორს ქალაქიდან, თუმცა - მოკლებული ცივილიზაციას“
„არც ისე შორს ქალაქიდან, თუმცა - მოკლებული ცივილიზაციას“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2473
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

რაია, ბიძიკო, მაგი სოფლის დახმარების პროგრამა, ამიხსენი ერთი?!

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ეწერისათვის, 2013 წლის სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 8000  ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხა მოსახლეობის სურვილის მიხედვით უნდა დახარჯულიყო სოფელში. პრიორიტეტები, სოფელ ეწერის გამგებლის, დავით ქორიძის განცხადებით,  თავად მოსახლეობამ შეარჩია.

 

 

„სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ მოსახლეობა საკმარისად იყო ინფორმირებული, მარტის თვეში ჩატარდა კრება, სადაც სურვილის მიხედვით მიიღო ხალხმა  მონაწილეობა. საინფორმაციო ბუკლეტებიც კი დავარიგეთ მათი ინფორმირებისათვის. თავად შეარჩიეს პრიორიტეტები სოფელში: გზის მოხრეშვა, არხების გაწმენდა, სასაფლაოს შემოღობვა და ე.წ. „ბოგირის“ განახლება. შესაბამისად, ეს ღონისძიებები განხორციელდა,“ განაცხადა სატელეფონო საუბრისას სოფელ ეწერის გამგებელმა, გიორგი ქორიძემ.

 

პატარა ეწერის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ საერთოდ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა არის „სოფლის დახმარების“ პროგრამა და არანაირ კრებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, რაზეც დავით ქორიძე პასუხობს, რომ მათი სიზარმაცე და პასიურობა მისი ბრალი არ არის.

 

„რაია, ბიძიკო, მაგი, ამიხსენი ერთი?!“ - მიპასუხა ძია ოთარმა  შეკითვაზე, თუ როგორ განხორციელდა მათ სოფელში აღნიშნული პროგრამა. ხალხის თქმით, მათთვის არავის არ უთქვამს რაიმე კრების შესახებ.

 

 „თუ რამის გაკეთება დაიწყეს ეწერში, ბოლომდე არაფერი არ მისულა, ეს ოცნება სულ არაფრის მაქნისი არ გამოდგა, კიდევ ძველები ჯობდნენ, რაღაცას მაინც აკეთებდნენ, ამათ კი ყველაფერი შუა გზაში მიატოვეს. ლაპარაკით კი ყველა ლაპარაკობს, შესრულება არავის არ უნდა. „ნაციონალები“ გვენატრება უკვე, სანანებელი გაგვიხდა ჩვენივე არჩევანი და მეზობლებს ერთმანეთის გვერიდება, სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ იდეებს რომ ვაპიარებდით და დღეს, ჩვენვე გვიწევს უკმაყოფილების გამოხატვა მათი „ვითომ“ რეფორმების მიმართ,“ - განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალბატონმა.

 

მოსახლეობის მტკიცებით, მათ სოფელში არაფერი არ გაკეთებულა.

 

„დახმარება იყო თუ რა, მაგი არ ვიცით ჩვენ. მარტო რაღაც ადგილი შემოღობეს და ეგაა შვილო. ჩვენთვის რომ ეკითხათ, ალაგ-ალაგ კი არ მოვახრეშიებდით ამ გზას, დღეს  რომ ღელეებშია ჩაწოლილი ეს ქვები და რაღაც მინდორს კი არ შემოვაღობინებდით, ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი რომ დაარქვეს და ძროხები ბალახობენ, არამედ, პირველ რიგში, ნორმალური ასფალტის დაგებას მოვითხოვდით, წვიმაში ტბორები გვიდგება და ძლივს ვმოძრაობთ, ყველგან გააკეთეს გზა და აქ კი ნახევრამდე მოვიდნენ  და  მიატოვეს. ჩვენ რა, ხალხი არა ვართ?

 

გაზის გაკეთება დაიწყეს „ნაციონალებმა“ და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ისიც შუა გზაში შეჩერდა. გაზის  მილები ამოყრილია ალაგ-ალაგ და დანარჩენი კი თითქმის წელიწადია, რაც კონკრეტულ ოჯახებშია დატოვებული, სულ გვპირდებიან  მოვალთ და გავაკეთებთო, მაგრამ არავის მოუკითხავს,“ - აცხადებს სოფლის მოსახლეობა.

 

სოფელ ეწერის გამგებელმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გზები საკმაოდ მოიხრეშა და თუ დღეს მსგავს სიტუაციაშია, ეს არ არის ცუდი ხარისხის ბრალი, ეს წვიმის შედეგია და ბუნებას ვერ აკონტროლებს.  უნდა დაგებულიყო ასფალტი, თუმცა არჩევნებმა შეაფარხა ეს პროცესი და შემდეგ კომპანია „სოკარმა“ გადაიბარა გზის პროექტი და, შესაბამისად, მას ევალება გზის დაგება, რაც აუცილებლად განახლდება.

 

 თუმცა ფაქტია, რომ გზა სოფელ ეწერის მონაკვეთზე სავალალო მდგომარეობაშია და მათი არჩეული დეპუტატის სავალი გზაც  კი ორმოებით არის „დამშვენებული“. 

 

სოფლის მოსახლეობის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი კახიანი  უმრავლესობით აირჩიეს დეპუტატად, თუმცა თანამდებობაზე დანიშვნიდან ცოტა ხანში თბილისში წავიდა და ხალხისათვის არაფერი არ  გაუკეთებია - „როგორც კი გაინაღდა სკამზე ადგილი, მაშინვე დაკრა ფეხი და ქალაქში გაიქცა, საერთოდ არ დაინტერესებულა რა გვიჭირს, მის ჭიშკრამდე მისასვლელი გზა მაინც გაეკეთებინა, ნუთუ არ აწუხებს ეს პრობლემა?!“

 

მოსახლეობას ვკითხეთ, დახმარების თხოვნით თუ მიმართეს სოფლის გამგებელს, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, მათ საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ეწერის გამგებელი და თვალით არასდროს უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ დავით ქორიძე არ არის ახალი დანიშნული თანამდებობაზე.

ყველაზე მეტად გაზის პრობლემა აწუხებთ სოფელ ეწერში. დავით ქორიძის თქმით კი, აუცილებლად განახლდება გაზიფიცირება და საბოლოო სახეს 2014  წელს მიიღებს. უბრალოდ, არჩევნებმა შეაფერხა მისი გაყვანა.

 

სოფელი პატარა ეწერი ქალაქ  სამტრედიიდან 6-7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მოსახლეობა 83 კომლს შეადგენს.  „არც ისე შორს ქალაქიდან, მაგრამ მოწყვეტილი ცივილიზაციას“, ასე აფასებს დღეს სოფლის მოსახლეობა მათ პირობებს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ „არა - გზა, არა - გაზი, არა - გაწმენდილი არხები, და ა.შ. არ არსებობს არც ტრანსპორტი. სოფელს უკვე 25 წელია, ერთგულად ემსახურება საბჭოთა კავშირის  დროს  გამოშვებული   ე.წ. „პაზის“ მარკის   ყვითელი  ავტობუსი,  რომელიც საქართველოში, დაახლოებით, 7-8 წელია ამოღებულია გამოყენებიდან, თუმცა, სოფელში  გადაადგილებისათვის სანატრელ  საშუალებად ქცეულა. მისი მძღოლი ზურაბ კალაძე კვირაში 6 დღე მართავს ავტობუსს და ქალაქთან აკავშირებს სოფლის მოსახლეობას. დიდი ყურადებით ელიან მის გამოჩენას ეწერში. ჩვენც გაგვაოგნა მისმა პუნქტუალურობამ. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ავტობუსი ძალიან ძველია, შესაბამისად გაუმართავია და „პატარა ეწერის“ „ვითომ მოხრეშილი“ გზაც დღითიდღე აზიანებს მას.

 

ჟურნალისტის ასვლა ძალიან გაუკვირდათ ტრანსპორტში, თუმცა სასურველი სტუმარი აღმოვჩნდი. მათ ბევრი პრობლემა გაგვიზიარეს და იმედოვნებენ რეაგირებას სახელმწიფოსგან. მოსახლეობასთან ერთად გამოვცადე საკუთარ თავზე ავტობუსით მგზავრობის დროს შემაწუხებელი „მოსიარულე რკინის“ ხმა და გაუსაძლისი რყევა. ეს უნდა გამოსცადო, რომ შეგაწუხოს და აღგაშფოთოს, სულ დამავიწყდა რომ 21-ე საუკუნეა და ევროპისაკენ ვილტვით დაუოკებლად.

 

ტრანსპორტთან დაკავშირებით სოფლის გამგებელმაც გვითანაგრძო, გაიღიმა და განაცხადა, რომ, ალბათ, პერსპექტივაში აქვს მოსახლეობას  ცივილური სამარშუტო ტაქსი გამოეყოს, თუმცა არ იცის, როდის.

 

სოფლის მოსახლეობა მათ პრობლემებზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებენ  პარლამენტის შენობის წინ აქცია მოაწყონ და ასე მიაწვდინონ ხმა სრულიად საქართველოს - „სანამ პარლამენტის წინ არ ავიტუზებით და ხელის შემშლელ ფაქტორად არ ვიქცევით პარლამენტარებისათვის, მანამ არ ჩაგვთვლიან ადამიანებად, ცოტა ხანში თუ არაფერი შეიცვალა, მერე ჩვენ ვიცით,“ - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

 

 

სტატია მომზადებულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია