დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭიათურის მაჟორიტარის განვლილი ერთი წელი
ჭიათურის მაჟორიტარის განვლილი ერთი წელი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2042
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

ჭიათურის დეპუტატი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაჟორიტარია. მართალია, მასზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა სხდომებს არ ესწრება, მაგრამ ეს ცილისმწამებლური ინფორმაცია მალევე მიეცა დავიწყებას, უსაფუძვლობის გამო. ჩვენ მალხაზ წერეთელთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს და მოცემულ ინტერვიუში განვლილი ერთი წლის ანალიზი ვთხოვეთ მას.

 

 

- ბატონო მალხაზ, მოჩვენებითი ხომ არ არის,  ჭიათურის გამგებელსა და მაჟორიტარს შორის კოორდინაცია არსებობს და თქვენს შორის ფარულ დაპირისპირებაზეც კი არაფერი მსმენია...

 

- კოალიცია  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტში საკადრო  ცვლილებები შედარებით უმტკივნეულოდ გატარდა. მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი და დეპუტატიც ამ გუნდის წევრები არიან, რამაც ხელი შეუწყო მათ კოორდინირებულ საქმიანობას. თუმცა არის რიგი საკადრო გადაწყვეტილებები, რომელსაც, როგორც დეპუტატი, პრინციპულად არ ვეთანხმები, აზრთა სხვადასხვაობა გუნდური მუშაობის პრინციპებს და ფარგლებს არ გასცილებია.

 

- არ შეიძლება, არ გკითხოთ ჭიათურის წყლით უზრუნველყოფის საკითხზე, სულ კეთდება წყლის სისტემები, მაგრამ ჭიათურა ან უწყლოდაა, ან ისეთი წყლით მარაგდება, რომელიც არ უნდა მოიხმაროს ადამიანმა...

 

- ჭიათურის მუნიციპალიტეტს უმძიმეს ტვირთად აწევს  მოსახლეობის  სასმელი წყლით  მომარაგების საკითხი. მოგახსენებთ, რომ სასმელი წყლის 40-50%  კარსტული წარმოშობისაა. მაღაროზე სხვადასხვა სამუშაოების  დროს ხდება წყლის დაკარგვა, ასევე დაბინძურება მარგანეცით და სხვა მძიმე მეტალებით, რის გამოც მისი გამოყენება არათუ სასმელად, არამედ ტექნიკური მიზნებისათვისაც შეუძლებელია. მდინარე ყვირილისა და სასმელი წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო სამუშაოები. მათ მიერ წლების განმავლობაში უგულველყოფილია ყველა სანიტარული თუ ეკოლოგიური ნორმების დაცვა.  ეს პრობლემა არ არის ახალი ჭიათურის რაიონისათვის. ათეული წლების წინ მიმდინარეობდა მუშაობა სასმელი წყლის რაიონის მომარაგების კუთხით, საკითხი საჭიროებს გლობალურ შესწავლას. ამჟამად „ჯორჯიან მანგანეზის“  ბალანსზეა 16 წყალსადენი და 250 კმ მიწისქვეშა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც გაპარტახებული, ამორტიზებული და განადგურების პირასაა მიყვანილი. მიმდინარეობს ქონების გამიჯვნის პროცესი. ერთხელ და სამუდამოდ, წყალმომარაგებას გამოუჩნდება პატრონი, ვინც იზრუნებს მის აღდგენა-რეაბილიტაციაზე. მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების მიერ წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით დახარჯულ მილიონებს მიემატა ახალი მილიონები და სახეზე გვაქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის გაუარესებული მომარაგება. ჩემი აზრით, საჭიროა, შესრულებული სამუშაოებისათვის გახარჯული  მილიონების მიზნობრიობის დასაბუთება. აღნიშნულ საკითხის დაყენებას ვაპირებ შესაბამის ორგანოებში.

 

- უკვე არაერთხელ დაფიქსირდა ქვათაცვენის შემთხვევა. იღბლად, ამ მოვლენას არ მოჰყოლია ფატალური შემთხვევები, რას იტყოდით ამ საკითხზე?

 

- როგორც მაღალმთიანი რაიონისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია ქვათა  ცვენის საკითხი.  ჭიათურა მდებარეობს კლდეთა ქვაბულში და ხშირია ქვათა ცვენა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე სატრანსპორტო მოძრაობას. ქალაქის გამგეობამ გასულ  წელს მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა საყრდენი კედლებისა  და დამცავი ჯებირების აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საკითხი საჭიროებს  მასშტაბურ შესწავლას და სერიოზული ინვესტიციების  განხორციელებას.

 

- თქვენი ერთწლიანი დეპუტატობის ანგარიში საინტერესო იქნება მკითხველისთვის...

 

- 2013 წლის მანძილზე გავმართე 58 საჯარო შეხვედრა, აქედან 1 შეხვედრა გაიმართა ჭიათურის კულტურის ცენტრში, სადაც წარვდექი მოსახლეობის წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს  დეპუტატის ბიურო, რომელიც  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ მოქალაქეთა მიღებას, მათი პრობლემების განხილვას, შესაძლებლობის ფარგლებში ამ პრობლემათა ადგილზე მოგვარებას, ან ზემდგომ ინსტანციებში მათ გადამისამართებას. აქვე შეუძლიათ მიიღონ იურიდიული თუ სხვა სახის კონსულტაციები. ჩემს  ბიუროს მომართა 1097 მოქალაქემ, შემოვიდა 735 წერილი, აქედან 551-ს გაეწია შუამდგომლობა და გადაიგზავნა სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციებში. 184 წერილს კი ადგილზე გაეცა ზეპირი თუ წერილობითი პასუხი. დაფინანსებულ იქნა ჩემი 15 შუამდგომლობა. 2013 წელს, როგორც მაჟორიტარ  დეპუტატს და დეპუტატის ბიუროს, ქუთაისის რეგიონალურ ფილიალთან გაფორმებული ჰქონდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბიუროს თანამშრომელთა ტრენინგი, შეხვედრა-სემინარები, კონსულტაციები. თანამშრომლობა იყო აქტიური, ნაყოფიერი. „საია“ გვეხმარებოდა გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაში და მივესალმები თუ აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

 - რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად პარლამენტარის პოზიციიდან?

 

- ჩემთვის, როგორც დეპუტატისათვის მნიშვნელოვან წარმატებად მივიჩნევ რეგრესის პენსიის აღდგენას. საკითხთა მიმართებაში  ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ 2007 წელს იქნა დაფიქსირებული, როგორც ჭიათურის რაიონის  საკრებულოს წევრის პოზიცია. 2007-2008  წელს რესპუბლიკური პარტიის  მხარდაჭერით მოვიგეთ პროცესები სამი ინსტანციის სასამართლოში, შეწყვეტილი რეგრესის პენსიის აღდგენის და დავალიანების გასტუმრების  მიზნით. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლების პერიოდში არ მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. საკითხს აქტუალურობა  არ დაუკარგავს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მისი აღსრულება მოხდა  ახალი ხელისუფლების მოსვლის  შემდეგ და ეს იყო ჩვენი  ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება.

 

ჩემთვის მტკივნეულ თემად რჩება გარდაცვლილ რეგრესის პენსიონერთა საკითხი, რომელთა ოჯახებიც 2007 წლამდე ღებულობდნენ რეგრესის პენსიას.  ამ ოჯახებისათვის,  რომლებიც, დაახლოებით, 150-ია,  ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს თანადგომა. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართავ შესაბამის უწყებებს, გამოვიჩინოთ პოლიტიკური ნება და საბოლოოდ მოხდეს ამ საკითხის მოგვარება.  ასევე, რეგრესის პენსია უნდა დაენიშნოთ ჭიათურის სამთომაშველისა და წყალკანალის თანამშრომლებსაც.

 

 

- ეკოლოგიური თვალსაზრისით ჭიათურისთვის რა გაკეთდა ბოლო წელიწადში?

 

- ჩემი ინიციატივით ივლისში ქალაქ ჭიათურაში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, ასევე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძე და სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომაზე განხილული იყო მანგანუმის მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებით გამოწვეული გარემოზე მიყენებული ზიანის მასშტაბები, წლების განმავლობაში არგანხორციელებული რეკულტივაციის, ტყეების უკანონოდ ჩეხვის საკითხები. მოხდა ადგილზე ღია კარიერების და უკანონოდ გაჩეხილი ტყეების დათვალიერება. აღნიშნულს მოჰყვა რეაგირება გარემოს დაცვის ზედამხედველობის მიერ, ადგილზე იქნა შესწავლილი კანონდარღვევის ფაქტები და „ჯორჯიან მანგანეზი“  დაჯარიმდა  2100 000  ლარით, ასევე დაჯარიმდა ტყის ლიცენზიატი კომპანია.

 

- ჭიათურის პედაგოგებს „ქართუმ“ სადაზღვევო პაკეტი შესთავაზა, ამ შეთავაზებას აქვს განსაკუთრებული მომხიბლაობა, სახელწოდების გარდა?!

 

- ჭიათურის პედაგოგთა  დაზღვევას „ქართუ ჯგუფის“ მიერ მივესალმები იმ შემთხვევაში,  თუ სადაზღვევო პაკეტის მომსახურება  შესაძლებელი იქნება პაციენტისათვის მისაღებ ყველა სამკურნალო დაწესებულებებში. ამ სადაზღვევო  პაკეტით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებული  პირობებისაგან  დიდად არ განსხვავდება, არ უნდა მოხდეს ავადმყოფთა გადაბირება საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში.

 

სხვათაშორის, „ქართუს“ მინიმალურ  პაკეტში ორსულობა-მშობიარობა ფინანსდება 200 ლარით, ხოლო საყოველთაო დაზღვევით - 600 ლარით. ასევე  არ მივესალმები მასწავლებელთა და ოჯახის წევრების გაფრთხილებას, რომ საყოველთაო პროგრამის  ფარგლებში დარეგისტრირდნენ  ქალაქ საჩხერეში. ამ პროცესმა თავის დროზე უარყოფითი  შედეგი მოიტანა. მოხდა ადამიანთა მასობრივი გადაწერა ჭიათურიდან საჩხერის რაიონში (3500 ადამიანამდე). ეს ხალხი სინამდვილეში ცხოვრობს და მოღვაწეობს  ჭიათურაში. დაკარგულია მათი, როგორც ამომრჩევლების, ხმაც. ჭიათურაში ცხოვრობს 18 000 მოსახლე, ჰყავს 14800 ამომრჩეველი, ხოლო მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 55 000 ადამიანი და ჰყავს 46 000 ამომრჩეველი. მუნიციპალიტეტი არის რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო კერა, საბადოზე 3700 მაღაროელი ასრულებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ სამუშაოებს, მაღალია ავადობის და ტრამვატიზაციის რისკები. მუნიციპალიტეტი იმსახურებს თანამედროვე სამკურნალო დაწესებულების ადგილზე არსებობას, ხოლო მაღალტექნოლოგიური სამკურნალო სერვისების განხორციელება მოხდეს საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში.

 

- სიტყვამ მოიტანა და ეგებ გვითხრათ, რა ხდება ჭიათურაში ჯანდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად?

 

- მუნიციპალიტეტში შექმნილია  ძალზე მძიმე,  კრიტიკული სიტუაცია ჯანდაცვის  მხრივ, „ჯეოჰოსპიტალსის“ 25-საწოლიანი კერძო კლინიკა  მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას. ახლა, როცა ბენეფიციართა ძირითადი ნაწილი (უმწეო, პენსიონერი, ბავშვთა, სასწრაფო სამედიცინო სამსახური) გადასულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კერძო კომპანიამ შესაძლებელია, კლინიკის ფუნქციონირება გააჩეროს, რაიონი შეიძლება დარჩეს საერთოდ საავადმყოფოს გარეშე. 2013 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ დაზღვეულთა მიმართვიანობა კლინიკა „ფერომედში“, რომელიც მდებარეობს ქალაქ ზესტაფონში, შეადგინა 22 000 ვიზიტი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და ექიმთან კონსულტაციის მიზნით. გარდა ამისა, წლის განმავლობაში იმავე კლინიკაში გატარებული იქნა 9000 სტაციონარული შემთხვევა. ანუ  მარტო ერთ საავადმყოფოში 80 კმ-ის გავლით განხორციელდა 31 000 ვიზიტი ჭიათურის რაიონიდან.

 

- რას იტყოდით ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარზე  ჭიათურის საავადმყოფოსთან დაკავშირებით?

 

- ვერ გავამართლებ ჯანდაცვის  მინისტრის ლოგიკას, რომ 15 კილომეტრში, საჩხერეში, არის საავადმყოფო და ეს მოაგვარებს პრობლემას. ქალაქ  საჩხერის საავადმყოფო წლებია, უკვე არსებობს, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარებულა და თანდათან მდგომარეობამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია.

 

ჭიათურა ისტორიულად არის ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი კერა ჯანდაცვის კუთხით. ჯერ  კიდევ 1903 წელს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მეშვეობით  აქ ფუნქციონირებდა იმ დროისათვის  თანამედროვე ტიპის 24-საწოლიანი  საავადმყოფო. 110 წლის შემდეგ „ნაციონალების“  ხელისუფლებამ გააუქმა  ჭიათურაში 200 საწოლზე არსებული  სამედიცინო საავადმყოფო  და აგვიშენა 25-საწოლიანი  კლინიკა! ჯანდაცვის კერის არსებობას  ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს რაიონის პერსპექტივისათვის, თითოეული ჭიათურელი არის მოლოდინში, რომ ქალაქს აღუდგება თვითმმართველი ერთეულის სტატუსი და მათთვის ეს ღირსების საქმეა.

 

- ახლა კი წერეთლის ყველაზე დიდ საზრუნავზე, მანგანუმის წარმოებაზე გვითხარით...

 

- 2007 წლის 1 იანვრიდან მადნის მოპოვებას აწარმოებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელსაც ეს უფლება მინიჭებული აქვს 40-წლიანი ლიცენზიით. კომპანია საკუთრებაში ფლობს ზესტაფონის ფეროს ქარხანას და ვარციხეჰესს. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში კომპანია უპირატესობას ანიჭებს ღია წესით მადნის მოპოვებას, რამაც ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა რაიონში კატასტროფის პირას მიიყვანა.

 

12 სოფელი ამთავრებს თავის  არსებობას, იჩეხება ტყეები, იკარგება სახნავ-სათესი  მიწები, საძოვრები, ინგრევა  გზები და სხვადასხვა  საკომუნიკაციო საშუალებები. არ ხდება დაზიანებული  ნიადაგის რეკულტივაცია (აღდგენა). აქვე აღვნიშნავ, რომ ხდება მარგანეცის დატაცება, მისი უკანონო მოპოვების გზით, რითაც, პირველ რიგში, ზარალობს ადგილობრივი ბიუჯეტი. აღნიშნული ფაქტები ჩემს მიერ მიწოდებულია შესაბამის უწყებებში.

 

გარდა ამისა, მაღაროებში და ქარხნებში  არის გაუსაძლისი შრომის პირობები, მონური ანაზღაურება. უგულებელყოფილია შრომის უსაფრთხოების წესები. არ არის შესაბამისი მანქანა-დანადგარები, შემოყვანილი ახალი ტექნიკა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.  მაგალითად: 14 მტვირთავი მანქანიდან, რომელიც ახლახან ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, მუშაობს მხოლოდ ერთი. მუშა-მოსამსახურეები არ არიან უზრუნველყოფილი სპეც. ტანსაცმლით და შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით. კომპანიის ხელმძღვანელობამ  მაღაროთა გაერთიანებულ პროფკავშირს  უარი უთხრა შეთავაზებულ კოლექტიური ხელშეკრულების განხილვაზე, სამაგიეროდ, ცვლილება მოახდინა „ჭიათურის საბადოში შრომის  ანაზღაურების შესახებ“ 2007 წლის ?25-ე ბრძანებაში, რითაც კიდევ  უფრო შემცირდება მუშა-მოსამსახურეთა  ისედაც მწირი ანაზღაურება.

 

კომპანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 გადასახადის სახით იხდის 1,5 მილიონს, აქედან ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სახით წლიურად 250-280 ათას ლარს. ჩემს მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც შეეხება ცვლილებებს საქართველოს კანონში „ბუნებრივი რესურსების სარგებლობის შესახებ“. კანონპროექტი მომზადდა და ორი მოსმენით მიღებულია მთავრობასთან და საბადოს მფლობელთან 7-თვიანი კონსულტაციის შემდეგ. იმედი მაქვს, მესამე მოსმენა საგაზაფხულო სესიების გახსნისთანავე მოხდება, რითაც  ჭიათურის ბიუჯეტს საკუთარი შემოსავლები რამდენიმე მილიონი ლარით გაეზრდება.

 

გაზიარებული იქნა ჩემს მიერ მოწოდებული წინადადება და უახლოეს პერიოდში ვგეგმავ გაფართოებულ შეხვედრას მაღაროთა პროფკავშირებსა და რაიონის ხელმძღვანელებს შორის, ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ადგილობრივი და რესპუბლიკური მედია საშუალებების მონაწილეობით. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

 

- ბატონო მალხაზ, პირადად დაინტერესებული ვარ ჭიათურაში შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებით. როგორც ვიცი, ქალაქში 0-18 წლის 90-მდე ასეთი პირია და დღის ცენტრის გახსნას ვაპირებთ რამდენიმე ადამიანი, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

 

- რაც შეეხება ქალაქ ჭიათურაში  შეზღუდულ შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გახსნას, საკითხი საკმაოდ აქტუალურია. მითუმეტეს, საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური დაცვის ახალ პაკეტში ამ პირთა მიმართ იგეგმება სხვადასხვა პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდების და შესაბამისი უწყებების კოორდინირებით შესაძლებლად ვთვლი ამ თემის გააქტიურებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თუმცა ინიციატორების მხრიდანაც უნდა იყოს პრობლემის არსის დეტალური დასაბუთება. ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერა კანონიერების ფარგლებში!

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია