დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა ცვლილებები და პროცედურები იგეგმება თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვისას
რა ცვლილებები და პროცედურები იგეგმება თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვისას
სულ ნანახია 1938
ავტორი:

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჯერჯერობით, შეთანხმებული და მიღებული არ არის, თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იანვრის ბოლოს პარლამენტში განხილვა დაიწყება და კოდექსსაც მალე მიიღებენ.

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტში ბოლო ვარიანტს სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დამატებია, მაგრამ დრო საკმარისია, რათა ალტერნატიული წინადადებები კვლავ დააყენოს როგორც ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა:

 

„წინადადებები  განხილვამდე 24 საათით ადრე უნდა იყოს დაყენებული. როგორც მე ვიცი, 24 იანვარს იწყება რიგგარეშე სესია და თვითმმართველობის კოდექსის განხილვაც მაშინ დაიწყება. ის ვარიანტი, რაც მეორე მოსმენით გამოიტანა მთავრობის წარმომადგენელმა, არსებითად შეთანხმებული იყო მთავრობასთან და მასში რაიმე ცვლილება არ იგეგმება. თუმცა, პლენარულ სხდომაზე რა იქნება, არ ვიცი. რაც შეეხება განცხადებებს, რომ თითქოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის იყო ამ საკითხზე რაიმე დისკუსია, ვერ დავადასტურებ. ეს არ იყო დისკუსია უსუფაშვილსა და ღარიბაშვილს შორის, იყო საერთო დისკუსია და მასში როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პარტია მონაწილეობდა“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

 

მისივე განმარტებით, პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხი პროცედურულად შემდეგნაირად წარიმართება:

 

„მეორე მოსმენით მთავრობამ უკვე წარმოადგინა პროექტი, პლენარული სხდომა ამ წარმოდგენის შემდეგ შეწყდა. ახლა უკვე მუხლობრივი განხილვაა დარჩენილი. შემდეგ იქნება კენჭისყრა და მესამე მოსმენა. რაც შეეხება კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ მოსაზრებებს, ვერავის დავეთანხმები, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს. თუმცა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ყველა დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, მაგრამ არა მგონია, კანონპროექტი ჩავარდეს“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

თვითმმართველობის კოდექსში აუცილებლად შესატან ცვლილებებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილებებს დათანხმდება პარლამენტი, მათთვის უცნობია.

 

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ თვითმმართველობის კოდექსში 70-მდე შენიშვნა იყო შესატანი, მათგან რამდენიმე - არსებითად მნიშვნელოვანი:

 

„დაახლოებით 70-ზე მეტი ცვლილება იყო საკომიტეტო მოსმენებზე და იქედან რა არის კოდექსში შესული, ჯერჯერობით, არ ვიცი. საბოლოო ტექსტი თუ არ გამოქვეყნდა, კონკრეტულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რაც შეეხება ჩვენს წინადადებებს და რეკომენდაციებს, მიგვაჩნია, რომ უფლებამოსილების სფერო დასახვეწია, დასამატებელია ოთხი უფლებამოსილება. ქონების გადაცემის დარგში იყო ცვლილებები საჭირო. შავით თეთრზე უწერიათ, რომ მუნიციპალიტეტმა, თვითმმართველობამ უნდა გადასცეს ქონება ცენტრალურ ხელისუფლებას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკრებულო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, 45 დღის ვადაში ეს ქონება გადაცემულად ითვლება; ეს უნდა შეეცვალათ. ასევე ზედამხედველობაში იყო შესატანი ცვლილებები რევიზიის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც უნდა ამოღებულიყო კოდექსიდან. ჩვენ ახლა ვწერთ დასკვნის სახით ამ რეკომენდაციებს და თითოეულ დეპუტატს და კომიტეტს ცალ-ცალკე გავუგზავნით“, - აცხადებს მელუა.

 

კოდექსში აუცილებლად ჩასასწორებელ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსაც.

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი შენიშვნა ქონებრივ და ფისკალურ თემატიკას ეხება:

 

„უახლოეს დღეებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეკრება, სადაც კონკრეტულად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი შენიშვნა კვლავ ეხება ქონებრივ და ფისკალურ თემატიკას, რაც, ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ყველაზე ნაკლოვანი მხარეა. ასევე გვაქვს გარკვეული შენიშვნები არჩეული გამგებლის და მერის გადაყენების პროცედურებთან დაკავშირებით. ლოგიკის ნორმებში ვერ ჯდება ის საკითხი, რომ ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელი საკრებულომ გადააყენოს. იმპიჩმენტის პროცედურა აბსოლუტურად სხვა არის და პრეზიდენტის მიერ ხორციელდება. პირდაპირ არჩეული მერის და გამგებლის გადაყენების წესი კი, იგნორირებას უკეთებს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ასევე არის ბევრი ნიუანსური საკითხი, რაც დახვეწას მოითხოვს. თუ კოდექსის განხილვა პარლამენტში ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას ქართული ამომრჩევლის წინაშე, რომ ის თავისი მოქმედების პერიოდში ხელს შეუწყობდა დეცენტრალიზაციის პროცესს. იქნება თუ არა ეს ოპოზიციისთვის წამგებიანი, ამაზე წინასწარ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, - აღნიშნავს თევდორაძე.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესი საფუძვლიანად უნდა დაიწყოს და ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება კონსესუსით მოხდეს:

 

„იმ 9 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, საჭირო იყო უფრო კონცენტრირებული ხელისუფლება, რადგან სხვა გამოწვევები იდგა ქვეყნის წინაშე. ახლა კი ვფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ეს პროცესი საფუძვლიანად უნდა დაიწყოს და მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია რეგიონებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების გადაცემის, ირჩევს ძალიან ცუდ გზას ქვეყნისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმზე გადის. გარკვეული ცვლილებები შევთავაზეთ ხელისუფლებას და იყო მცდელობა, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება ბევრ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ამ კანონპროექტზე, მაგრამ უმრავლესობას კეთილგონიერება უნდა ეყოს, რომ კონსესუსით მივიღოთ ის კანონი, რომელიც იდეალური თუ არა, წინგადადგმული ნაბიჯი მაინც იქნება დეცენტრალიზაციის და ქვეყნის განვითარებისკენ“, - აცხადებს თევდორაძე.

 

თვითმმართველობის კოდექსის  სამთავრობო პროექტში ცვლილებების შეტანის ნაკლებ ალბათობას ხედავს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან, „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე. მისი განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი პრინციპები უკვე მიღებულია:

 

„მუხლობრივი განხილვა დეტალურად ახლა დაიწყება მეორე მოსმენაზე. მესამე მოსმენა კი რედაქციული ხასიათის შენიშვნებს დაეთმობა, რომელიც ფორმალობაა, მაგრამ აუცილებელია, რადგან სტილისტურად უნდა ჩასწორდეს კოდექსის პროექტი. მნიშვნელოვანი ცვლილება, რაზეც მოსახლეობამ არაფერი იცის, კოდექსში არ იგეგმება. პრინციპების მიხედვით, მე რამდენადაც ვიცი, რაც ამოსაღები იყო კოდექსიდან, უკვე ამოღებულია, გვაქვს კომპრომისული ვარიანტი. მცირე იურიდიული საკითხები შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ პრინციპი არ შეიცვლება, თუ საერთოდ არ იქნა კანონპროექტი ჩაგდებული, რისი შანსიც ნაკლებია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ შორის, არის მცირე შანსიც ამ კანონპროექტის ჩაგდების, მაგრამ მაშინ ამ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მთლიანად წინა ხელისუფლებების კურსს აგრძელებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეფორმას, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება სახელისუფლებო რეიტინგზე. თუმცა, ხელისუფლებას აქამდე ამის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. თუ არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, ეს ოპოზიციური ძალებისთვის სრულ კატასტროფას ნიშნავს, რადგან ყველაფერს დაკარგავენ,  მმართველი პარტია კი ვერაფერს მოიგებს. ამის შეგნება და გააზრება, მგონი, ყველას კარგად მართებს“, - აცხადებს ლოსაბერიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 27 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის შესახებ მოხსენება მოისმინა, ხოლო პლენარულ სხდომაზე მის განხილვას მუხლობრივად იანვარში, რიგგარეშე სესიაზე დაუბრუნდება.

 

მოამზადა საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრმა (GMMC), ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 

 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის მოსაზრებებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია