დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეკომენდაციები თვითმმართველობის საკითხებზე მთავრობისა და პარლამენტისთვის
რეკომენდაციები თვითმმართველობის საკითხებზე მთავრობისა და პარლამენტისთვის
სულ ნანახია 2246
ავტორი:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ “კვლევის  - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კვლევა გახორციელდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი საკითხები კოდექსში ისევ რჩება, რაზეც მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ: „განსაკუთრებით საყურადღებოა მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. ასევე, ხელისუფლებას აქვს ინიციატივა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების რიცხვი შემცირდეს, თუმცა, მიზეზი გაუგებარია. ამასთან, გვაქვს შეკითხვები ბიუჯეტთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, გვინდა წინ წამოვწიოთ სათემო თვითმმართველობის საკითხი, რაც კოდექსის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებული არ არის. ჩვენი რეკომენდაციები ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას, იმ ქვეყნების გამოცდილებას თვითმმართველობების რეფორმების კუთხით, რომელთაც ეტაპობრივად მოახდინეს სოციალისტური და საბჭოთა სისტემის გარდაქმნა დემოკრატიული თვითმმართველობის ფორმად და რომელთა გამოცდილებაც ყველაზე ახლოსაა ჩვენ რეალობასთან. რეკომენდაციები, ასევე ითვალისწინებს შემოთავაზებული ცვლილების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან,“ - აცხადებს ლომჯარია.

 

წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდ გამოწვევას თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენა და დროულ ვადებში მათთვის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს. როგორც დამოუკიდებელმა მკვლევარმა ნინო სამველიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, თვითმმართველი ერთეულების ზრდისა და მათი დაკომპლექტებისას რამდენიმე რეკომენდაციაა გასათვალისწინებელი: „შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ ეფექტურ ვადებში წარუდგინოს მთავრობას მუნიციპალიტეტების გაყოფასთან დაკავშირებული წინადადებები და ადგილობრივი არჩევნების დანიშვნამდე ერთი თვით ადრე მოხდეს მუნიციპალიტეტების საზღვრების დადგენა, მათთვის სტატუსის მინიჭება. ამასთან, მუნიციპალიტეტების გაყოფა უნდა წარიმართოს ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციების ფონზე.

 

რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი ორგანოს პირდაპირი წესით არჩეული მერის და გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებას, მიგვაჩნია, რომ ეს მექანიზმი საერთოდ უნდა ამოიღონ კოდექსის პროექტიდან“, - აღნიშნა სამველიძემ.

 

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტი იზრდება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება შესაბამისი კვლევის წარმოება იმის შესაფასებლად, თუ რამდენად გაიზრდება წარმოდგენილი ცვლილებების (გადასახადების ახალი ფორმულებით, ასევე, კაპიტალური ტრანსფერების, გათანაბრებითი ტრანსფერის გადანაწილების მოდიფიცირებით) შედეგად ბიუჯეტი და რამდენად საკმარისი იქნება ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასევე, უნდა შეფასდეს, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება სოფლების და დაბების ფინანსური დამოუკიდებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ დროულ ვადებში მოხდეს გადასაცემი ქონების განსაზღვრა და მისი გადაცემის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

 

გარდა ამისა, კვლევის ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს საშტატო ერთეულების შემცირების საკითხზე და აღნიშნეს, რომ მთავრობამ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რას ემსახურება კადრების შემცირება და, თუ ეს დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან, რა პრიორიტეტებზე მოხდება დაზოგილი თანხების გადანაწილება. აგრეთვე, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება დასაქმებულ მოხელეთა რაოდენობის შემცირება.

 

სამხარეო თვითმმართველობა, რომელიც ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას და სეპარატიზმის საფრთხეებთანაც იყო გაიგივებული, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისას, პრობლემატური არ აღმოჩნდა.

 

„მიგვაჩნია, რომ რეგიონალური მმართველობისთვის თვითმმართველობის ფუნქციების მინიჭება არ არის ფედერალიზმის გამოხატულება, რადგან ეს სისტემა მოქმედებს ევროპის ბევრ სახელმწიფოში და ასოცირდება რეგიონული მმართველობის ეფექტურობასთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონპროექტის ავტორებმა საპატრიარქოს, ოპოზიციური პარტიების, ცალკეული მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს მასში ცვლილებების შეტანა, რამაც გააუქმა სამხარეო დონეზე თვითმმართველობის ელემენტები. კანონპროექტის ბოლო ვერსიის თანახმად, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და მისი გახორციელების პროცესში. თუმცა, გაუგებარია, რეალურად რა სარგებლის მომტანია საბჭოების შემოღება, თუ მათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია ექნებათ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სამკაციანმა შემადგენლობამ უზრუნველყოს უმცირესობათა და საკრებულოს სხვა წევრების (და არა მარტო, თავმჯდომარის ან მისი მოადგილის) აზრის გათვალისწინება. ვფიქრობთ, აღნიშნული საბჭო ამჟამინდელი კომპეტენციით ვერ შეძლებს არსებული პრობლემების გადაჭრას და მისი დანერგვა რაიმე კონკრეტულ სიახლეს არ მოიტანს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, სამხარეო საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დარჩეს განხილვის საკითხად, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დეცენტრალიზაციის ფასეულობების დამკვიდრებასთან; იმისათვის, რომ სამომავლოდ სამხარეო მმართველობა და გუბერნატორის თანამდებობა იყოს ეფექტური, საჭიროა, არსებობდეს ძალთა დამაბალანსებელი მექანიზმი, რაც კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით გამყარებული იყო“, - აღნიშნა სამველიძემ პრეზენტაციისას.

 

რაც შეეხება საზოგადოებრივ და საუბნო საბჭოებს, რომლებსაც მოქალაქეთა ჩართულობა უნდა უზრუნველეყო და თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან დროებით ამოიღეს; კვლევაში აღნიშნულია, რომ მასზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს: „ვფიქრობთ, სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების ჩამოყალიბება წარმოადგენს თვითმმართველობის უმთავრესი ამოცანის - სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურების მექანიზმს. რაც შეეხება უბნის საბჭოების შექმნას თბილისში, მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა უფრო გააძლიერებდა ადგილობრივი თვითმმართველობის მექანიზმებს დედაქალაქში. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მკაფიოდ განისაზღვროს, რა ფუნქციები და კომპეტენცია ექნება აღნიშნულ საბჭოებს მომავალში“, - აღნიშნა სამველიძემ.

 

თვითმმართველობების სამართლებრივ და დარგობრივ ზედამხედველობის საკითხთან დაკავშირებით, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლი გაიზარდოს:        „კოდექსის ბოლო ვერსიაში თვითმმართველობის სამართლებრივი ზედამხედველობის კომპეტენცია ენიჭება საქართველოს მთავრობას. მას აქვს უფლება შეაფასოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების სფეროში გამოცემული ნორმატიული აქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, უკეთესი იქნება იუსტიციის სამინისტროს როლი გაძლიერდეს სამართლებრივი ზედამხედველობის პროცესში - იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკეთ შეძლებს სამართლებრივი დასკვნის შემუშავებას და რეკომენდაციების მომზადებას, ვინაიდან მას აქვს შესაბამისი პრაქტიკა და მისთვის უფრო ადვილი იქნება ამ ფუნქციის შესრულება.“

 

პრეზენტაციის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსიის საგანი თვითმმართველი ერთეულების ზრდა, ფორმირება, აღმასრულებელი ორგანოს პირდაპირი წესით არჩევა და უნდობლობის გამოცხადების საკითხები იყო.

 

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო, აგრეთვე, თვითმმართველი ერთეულების ფინანსური დამოუკიდებლობა და ქონების განკარგვა, სამხარეო და საზოგადოებრივი თვითმმართველობა.

რიგ საკითხებში მთავრობის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან კვლევის შედეგებს და აცხადებენ, რომ თვითმმარველობის რეფორმა კოდექსის მიღებით არ მთავრდება და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტას დრო სჭირდება; დაპირებები კი, რომელიც მათ საზოგადოებას მისცეს, ეტაპობრივად შესრულდება: „ის, რომ რაღაც დაიგეგმა და შესრულებული ჯერ არ არის, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შესრულდება. რეფორმა კოდექსის მიღებით არ დამთავრებულა. როდესაც საუბარია ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის მინიჭებაზე, ამ ეტაპზე 7 ქალაქი დავამატეთ 5 თვითმმართველ ქალაქს და ეტაპობრივად, 2017-2018 წლამდე მოხდება სხვა ქალაქების დამატებაც. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში შტატების შემცირების საკითხს, რაც პრეზენტაციისას პრობლემად იქნა დასახელებული, ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებში არანორმალურად გაბერილი შტატებია; ამიტომ არის საჭირო დაბალანსება - საუბარია სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე. კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა ჩატარდეს სპეციალური ტრენინგ-კურსები და ამის მიხედვით მოხდეს შტატების დაკომპლექტება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, ზედამხედველობის ნაწილია, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ევროსაბჭოს ექსპერტების მხრიდან მასზე ყველაზე ნაკლები შენიშვნები იყო. გუბერნატორს ზედამხედველობის ფუნქცია აღარ აქვს, რასაც ხშირად ახსენებენ. ამასთან, აღვნიშნავ, რომ თებერვლის დასასრულისთვის გვექნება საგზაო რუკა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ დეცენტრალიზაციისას. დონორებთან მიმდინარეობს შეჯერება და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, როგორ გავაგრძელებთ დისკუსიებს, შეხვედრებს და რა საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა.

 

შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც: „ის დაპირება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა საზოგადოებას, რომ ორდონიანი თვითმმართველობა იქნებოდა, საერთოდ აღარ შესრულდება. ამ რეფორმით, ცვლილება მხოლოდ ის არის, რომ მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა მოხდება, რაც მისასალმებელია. თუმცა, პოლიტიკურ საკითხად რჩება საკრებულოს მხრიდან მათი გადაყენება.

ამასთან, კოდექსში შედის გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლების „გამსუფთავებლად“ რჩება - თუ გუბერნატორი საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბიუჯეტის საკითხში, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბლოკავს. რაც შეეხება, მუნიციპალიტეტებში შტატების შემცირებას, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. 12 ათასი ადამიანის გაშვებას აპირებენ და ცდილობენ, ეს კანონით გააკეთონ. ამასთან, წინასწარ ვამბობთ, რომ გუბერნატორთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოებს პარტიული შეკრებებისთვის გამოიყენებენ და ამას თავად კანონი დაავალდებულებს კოდექსის მიღების შემდეგ“, - განაცხადა შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხათუნა გოგორიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით პარლამენტმა 25 იანვარს მიიღო და სულ მალე კოდექსის მესამე მოსმენით მიღება მოხდება.

 

 

 

 

მოამზადა საქართველოს მონიტორინგის ცენტრმა (GMMC), ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ტექსტში ამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის მოსაზრებებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია