დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორი იყო გასული წელი ქუთაისისათვის
როგორი იყო გასული წელი ქუთაისისათვის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2028
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

კიდევ ერთი წელი დასრულდა. 2013 წელს განვითარებულ მოვლენებს „პოსტსკრიპტუმი“ აქტიურად ადევნებდა თვალს და ცდილობდა, დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა თქვენთვის. რამდენად კარგად ვახერხებდით ამას, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.

 

 

რაც შეეხება 2013 წელს, ქუთაისისთვის ის ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებული მოულოდნელი და ხშირი საკადრო ცვლილებებით გამოირჩეოდა. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება 27 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მოხდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა, 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ხვადაგიანის გადადგომა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ ასე შეაფასა: ხვადაგიანის გადადგომა წეზოლის გამო არ მომხდარა. მისივე განცხადებით, ხვადაგიანი არ იყო პიროვნება, რომელიც პოლიტიკური წნეხის გამო თანამდებობას დატოვებდა.

 

საკრებულოს იმავე სხდომაზე ყოფილმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მისი დამსახურების პიროვნებას ქალაქში ერთი სამსახური ექნებოდა და იმედიც გაუმართლდა, მალევე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად დანიშნეს.

 

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანი თამაზ მარგველაშვილი 16 მომხრითა და 8 მოწინააღმდეგით აირჩიეს.

 

რამდენიმე კვირაში მარგველაშვილმა საკრებულოს 8 დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, რის გამოც საკრებულოში „ნაციონალებმა“ უმრავლესობა დატოვეს. ყოფილი „ნაციონალები“ კი ახლადშექმნილ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდნენ.

 

აღნიშნული წელი გამორჩეული იყო მერიის სამსახურის უფროსების სასამართლო პროცესებით, რასაც ყოფილი მმართველი გუნდი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა. რის გამოც ჯერ კიდევ   ხელისუფლებაში   მყოფი „ნაციონალები“ ქუთაისელებს საჭირო სერვისების მიწოდების შეწყვეტით დაემეუქრნენ.

თუმცა, ქუთაისის საკრებულოში აურზაური ამით არ დასრულებულა. საკრებულოს უმრავლესობამ ქუთაისის მერს ბესიკ ბრეგაძეს 14 მომხრით,  5-ის წინააღმდეგ, იმპიჩმენტი გამოუცხადა, რის მიზეზად მივლინებაში წასვლა დაასახელეს, თუმცა აღსანიშნავი იყო, რომ ამ მივლინებაზე ხელი ბრეგაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა თავად მოუწერა.

 

„ნაციონალებმა“ საკრებულოს წევრებს მომხდარის გამო ვირთხები და მოღალატეები უწოდეს.

ქუთაისის მერის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა. რისთვისაც საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიქმნა. მისი მუშაობა დღემდე არის უნდობლობის და უკმაყოფილობის მიზეზი.

 

5 ივნისს კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, ქუთაისის მე-10 მერად ნიუპორტში განათლებამიღებული და წარმატებამიღწეული ქუთაისელი დიმიტრი კოპალიანი დაასახელა და საკრებულოს  ახლადგამომცხვარმა  „პატრიოტთა“ უმრავლესობამაც მას ერთხმად დაუჭირა მხარი. თავდაპირველად კოპალიანი ყველასთვის სასურველი კადრი აღმოჩნდა. თუმცა, მალევე კოპალიანსა და „პატრიოტთა ალიანს“ შორის შავმა კატამ გაირბინა და ვითარება იმ დონემდე დაიძაბა, რომ ყოველდღიურად ერთამანეთს ბრიფინგებით „ესაუბრებოდნენ“. პატრიოტები კოპალიანს იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრნენ, მიზეზი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: კოპალიანს „პატიოსნება“ არ აპატიეს. მის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წინ აქციებიც კი გამართეს. ქუთაისის მერი იმპიჩმენტს შვებულებაში გასვლით გადაურჩა, მაგრამ შვებულებიდან დაბრუნების მეორე დღესვე იმპიჩმენტს „დაასწრო“ და საკუთარი ნებით გადადგა.

 

 

 

***

 

აღნიშნული მოვლენების პარალელურად ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო, რის ფარგლებშიც მერიის თანამშრომელთა 15% სამსახურიდან გაუშვეს, რასაც „ნაციონალებმა“ კვლავ პოლიტიკური სარჩული მიაკრეს. თუმცა მოგვიანებით, გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა მერიას სასამართლოში მოუგო, სამსახურშიც დაბრუნდნენ და განაცდურიც სრულად აიღეს.

 

ბოლოს აღმოჩნდა, რომ რეორგანიზაციად მონათლულ საკადრო წმენდის ფარგლებში მერიაში გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდა, ვიდრე რეორგანიზაციამდე იყო.

 

გასული წელი ნამდვილად არ გამოირჩეოდა დასრულებული პროექტებით და შესრულებული სამუშაოებით. ხელისუფლებამ ქუთაისს 2013-ში ორი  პროექტის პრეზენტაცია „უსახსოვრა“: უმთავრესი პროექტი ქუთაისისთვის ნიკეას ნაგავსაყრელის გაუქმება და ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა. სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა და 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც, როგორც გაცხადდა, 26 მილიონი ლარი და 3 წელი გამოიყო.

 

 

 

***

 

2013 წელი საკადრო ცვლილებით გამოირჩეოდა კულტურულ დაწესებულებებში, ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის ხელმძღვანელი როზა დვალიშვილი ხატია ვედმედევამ შეცვალა, რომელმაც საზოგადოებას თავი მერის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებით და ერთი განსაკუთრებული განცხადებით დაამახსოვრა: ვედმედევა ქუთაისის სოფლის მეურნეობის სასაწყობე ქალაქად გადაქცევის ინიციატივით გამოვიდა.  მიუხედავად იმისა, რომ ვედმედევა ოპერის თეატრში მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ცვლილებების ინიციატივით მივიდა, წლის ბოლოს თეატრმა თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაც ვერ შეძლო, რის მიზეზადაც ვედმედევამ ოპერის დაცლილი ბიუჯეტი და არსებული ხარვეზები დაასახელა. ცვლილება განხორციელდა ქუთაისის თოჯინების თეატრშიც. ია იაშვილი ლევან გაბრიჭიძით ჩაანაცვლეს.

 

2013-ში მძიმე დრო დაუდგა ქუთაისის ბიუჯეტსაც, მერიაში განვითარებული მოვლენების გამო კონკურსები და ტენდერები დაგვიანებით გამოცხადაა, რის გამოც სამუშაოების შესრულება ვერ მოესწრო და პირველად 9 წლის მანძილზე ქუთაისის 56-მილიონიანი ბიუჯეტი სეკვესტრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 

ქუთაისის ხელმძღვანელობამ ვერც რეგიონული განვითარების სამინისტროსგან გადმორიცხული თანხის სრულად ათვისება მოახერხა.

 

ქუთაისი არც საპარლამენტო არჩევნებში გამოირჩეოდა აქტიურობით, 3741 უბანში მოსახლეობის მხოლოდ 30%-მდე მივიდა.

 

არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვების გამო გუბერნატორებმა არჩევნების მეორე დღესვე თანამდებობები დატოვეს.

 

მათ შორის, ვახტანგ ბალავაძემაც, რომლის შემცვლელი ხელისუფლებამ უშიშროებაში იპოვა. ზაზა მეფარიშვილი ახლა იმერეთის გუბერნატორია.

 

რაც შეეხება ქუთაისს: იგი ისევ რჩება „უთავო“ ქალაქად, მმშ-ს (მერის მოვალეობის შემსრულებლის) ამარა.

 

მას შემდეგ, რაც კოპალიანმა თანამდებობა დატოვა, მერის მოვალეობის შემსრულებლად სამი ვიცე-მერი: ერთნამეთს მმშ-ს პოსტზე ეტაპობრივად ენაცვლებოდა. 21 ნოემბერს კი, ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, წარმოშობით ქუთაისელმა, შოთა მურღულიამ იტვირთა. ყველასთვის მოულოდნელად ქუთაისის მმშ ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას დეტალურად ფლობდა, რის გამოც საკრებულოს სხდომებზე მურღულიას დაბნეული და გაკვირვებული სახე არავის უნახავს.

 

 

 

***

 

საკრებულოში მოვლენების განვითარება არ დასრულებულა, რამდენიმე თვის წინ „გაპატრიოტებულმა“ 5-მა დეპუტატმა კვლავ შეიცვალა სახელი და ახლადშექმნილ ფრაქციაში გადაბარგდა. ყოფილი „ნაციონალები“, „პატრიოტები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ ახალ ფრაქციებში:  „ჩემს ქალაქსა“ და „ქუთაისის მომავლისთვის“ გადანაწილდნენ. ერთგულმა „პატრიოტებმა“ მათი ღალატის მიზეზად უშიშროების მხრიდან გამოვლენილი ზეწოლა დაასახელეს. თუმცა, „ნაციონალმა“ დეპუტატებმა უშიშროების გავლენა ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიეს და ყოფილ თანაგუნდელებს თვითმმართველობის არჩევნებამდე კიდევ ორი პარტიის გამოცვლა და ამ კუთხით წარმატებები უსურვეს.

 

ქუთაისის საკრებულოს ბოლო სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტი ხმაურიანად დამტკიცდა. თუმცა, ბიუჯეტის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა „ნაციონალი“  დეპუტატებისათვის. რის გამოც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. რიგი  საკითხების გამო 2014 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არც საკრებულოს „პატრიოტმა“ დეპუტატებმა: კახა ნემსიწვერიძემ და ტატო მესხმა არ დაუჭირეს. მომავალი წლის ბიუჯეტი 43 704 500 ლარს შეადგენს. რაც 2013 წლის ბიუჯეტზე 600 000 ლარით მეტია.

 

2013 წელი მეტ-ნაკლებად აქტიური იყო ქუთაისის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. სავარაუდოდ, მომავალი წელი უფრო ბობოქარი იქნება, რადგან წინ თვითმმართველობის არჩევნებია, რომელმაც, წესით, ქალაქში ვითარება უნდა დაალაგოს.

 

მიუხედავად რთული წლისა, ქუთაისელები იმედოვნებენ, რომ მომავალი  2014 წარმატებული იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია