საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რას მიირთმევს საახალწლოდ რუსლანი, მაკა, ნიკა...
რას მიირთმევს საახალწლოდ რუსლანი, მაკა, ნიკა...
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1405
ავტორი:
ეკა შალამბერიძე

როგორ ემზადებიან რიგითი მოქალაქეები  ძველი წლის გასაცილებლად?  პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მოქალაქეების პასუხები ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა.

 

 

მაშინ, როდესაც თინათინ ხიდაშელი შვილებს სიურპრიზად მექსიკურ და იტალიურ კერძებს, დელიკატესებს აურჩევს, სოციალურად დაუცველი ქალბატონი, 4 შვილის დედა დარეჯან ქემოკლიძე, მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, დანაზოგს აგროვებს იმისთვის, რომ პატარა ნიკუშას საახალწლო ოცნება აუხდინოს და შუშხუნა უყიდოს.

 

– როგორ შევხვდები და გაჭირვებულად, შვილო. კეთება კი არ მეშლება, მაგრამ „ჭამა ქონებაზე კიდია“ და ოჯახის შემოსავალი ცოტა საშუალებას მაძლევს, - ამბობს პენსიონერი პედაგოგი ლამარა დავითაია.

 

 

რუსლან ციკოლანი მე-4 შვილს ელოდება, ოჯახი სოციალურმა გაჭირვებამ ორად გახლიჩა, ცოლ-შვილი ნათესავებს შეაფარა, თავად სახელმწიფოს მიერ უსახლკაროთა კარავში ცხოვრობს. ამბობს, რომ სინდისის ქენჯნა შვილებთან განსაკუთრებით დღესასწაულებზე აწუხებს, მის 3 შვილს სამოწყალოდ მიცემულ წვნიანს უზიარებს.

 

– წარმოიდგინეთ, რა მძიმეა, როდესაც ახალ წელს მაინც შვილებს ერთ კილოგრამ კანფეტს ვერ უყიდი. სახელმწიფოსგან თავშესაფარზე მეტად დასაქმების თხოვნა მაქვს. ჩემი შვილების გამო, ყველანაირ მძიმე სამუშაოს შევძლებ.

 

 

ამავე კარავში ამირან მეძმარიაშვილი ცხოვრობს. ამბობს, რომ 3 ხელობა იცის, თუმცა ცხოვრებაში ვერცერთი გამოიყენა. დღეს კარავში სამადლოდ ცხოვრობს და საკუთარ ყოფას ასე აფასებს: „ახალი წელი ადამიანებისთვისაა, ჩვენ კი ბიოლოგიური პირუტყვები ვართ“.

 

 

ყოფილი სამხატვრო სახლის შენობაში სოციალურად დაუცველი 24 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 11 მათგანში მცირეწლოვანია. ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აქ წინასაახალწლო განწყობის არაფერი იგრძნობა. კითხვაზე - როგორ აპირებენ ძველი წლის გაცილებას? ყველა მათგანის პასუხი ერთმანეთს ჰგავს: სუფრას კეთილი გულით, ყველისა და პურის გარეშე მიუსხდებიან.

 

მაკა ხერხაძე 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა. უკიდურესი გაჭირვების გამო, ბავშვებს მცირედითაც რომ ვერ ანებივრებინებს თავს, პატარა ნიკამ გამოსავალი თავად მოძებნა: ნაძვის ხის მორთვის სურვილი სახლში ვერ აისრულა და ნატვრა ქაღალდზე გადაიტანა.

 

ბავშვური გულუბრყვილობის მიუხედავად, ამბობს, რომ თოვლის ბაბუასიც აღარ სჯერა, რადგანაც რამდენიმეწლიანი მოლოდინი, რომ კეთილი ბაბუ დილით ბალიშის ქვეშ საჩუქრებს დაახვედრებს, არასდროს აუხდა.

 

 

მცირეწლოვანი შვილები ჰყავს დარეჯან ავალიანსაც. ახალი წელი მათთვის საახალწლო სუფრის და ნაძვის ხის გარეშე ჩაივლის. კითხვაზე - ფერადი წვიმებით მაინც ხომ მორთავდა ოთახს? დარეჯანმა გვიპასუხა: „ფერადი წვიმები სადა მაქვს, შვილო, მაგრამ შავი წვიმის ნაკვალევით კი სავსეა ჩემი ოთახის ჭერი.

 

 

მათ ოჯახებში სინათლე ფანჯრებიდან, ხოლო წყალი ჭერიდან შემოდის. ახალ წელსაც პატარები მხოლოდ ფანჯრიდან დანახული ფეიერვერკებით გაითენებენ.

 

თუმცა, იმის გამო, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ისინიც იმედს იტოვებენ, რომ ცხენის წელი მწვანე შუქს აუნთებს მათ და ნაცრისფერ ცხოვრებას ნათელი ფერებით გაუფერადებთ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია