დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭიათურის დაარსებაც და მისი ყველა სიკეთე თუ პრობლემა მანგანუმს უკავშირდება
ჭიათურის დაარსებაც და მისი ყველა სიკეთე თუ პრობლემა მანგანუმს უკავშირდება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 4034
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ სამთოელთა ქალაქის გამგებელთან, სულხან მახათაძესთან

 

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდა გამგებელი ჰყავს. სულხან მახათაძე  განათლებით ინჟინერია, ამჟამად დოქტორანტია, ჰყავს მეუღლე - მერი დეკანოიძე და ერთი შვილი, ოთხი წლის ლიზი. ჭიათურაში გამგებლად დანიშვნამდე ის  სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფში“ შესყიდვების მენეჯერად მუშაობდა.


დღეს ბატონი სულხანი „პოსტსკრიპტუმის“ სტუმარია.

 

 

-ბატონო სულხან,  ჭიათურა გამორჩეული მუნიციპალიტეტია, მას აქვს სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების მსგავსად პრობლემები, თუმცა ექნება სპეციფიკური საკითხებიც, რომლებიც სხვაგან არ შეგხვდება...

 

- ჭიათურა ის მუნიციპალიტეტია, სადაც ყველა ის პრობლემაც გვხვდება, რომელიც საყოველთაოა საქართველოსთვის, თუმცა აქ მიწისზედა პრობლემების გარდა, მიწისქვეშა პრობლემებიცაა. ეს ყველაფერი „ჯორჯიან ამერიქენ ელოისს“ უკავშირდება. ბოლო პერიოდში გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯები, გაიხსნა ამ ორგანიზაციის კარი ასე თუ ისე, მაგრამ კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ ამით. ჭიათურის, როგორც ქალაქის, დაარსება და არსებობაც მანგანუმის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, აქვე უნდა ვთქვა, რომ თითქმის ყველა პრობლემა მანგანუმის წარმოებას უკავშირდება.

 

- ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად განიხილება მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

 

- ორი მოსმენით კანონპროექტი უკვე განიხილეს, მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისში იქნება და, ვფიქრობ, რომ 2014 წლისათვის მოსაკრებელი გაიზრდება 10-ჯერ, ხოლო 2015 წლისათვის – 20-ჯერ. როცა „ჯორჯიან ამერიქენ ელოისი“ შემოვიდა ჭიათურაში, მას არ დაეკისრა სოციალური ვალდებულებები და არც ასრულებს. 2004 წელს მოსაკრებლის რაოდენობა განისაზღვრებოდა 0,12 ტონა/%-ით, 2006 წელს კი შემცირდა 0,012 ტონა/%-მდე.

 

- ამჟამად მოსაკრებლის ოდენობა რამდენით განისაზღვრება?

 

- მოსაკრებლის რაოდენობა, დაახლოებით, 300 ათასი ლარია. იმედია, რომ მოსაკრებელი გაიზრდება და ამით ჭიათურაში ბევრი პრობლემა მოგვარდება. ის თანხა, რაც ამჟამად შემოდის მოსაკრებლის სახით, ისევ მანგანუმის რეწვის გამო წარმოქმნილ პრობლემებზე ეხარჯება მუნიციპალიტეტს.

 

- უმძიმესია ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩანს თუ არა რაიმე ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

 

- ბოლო პერიოდში „ელოისმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყო რეკულტივაციის პროცესი.  როგორც ვიცი, მათი ვალდებულებაა 90 ჰექტარზე გატყიანებისა და მიწის სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოება. მიმდინარე წელს უკვე ორჯერ ჩაატარეს მცენარეთა რგვის კამპანია, რომელშიც მონაწილეობა საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება და ვალდებულებებს კომპანია შეასრულებს. ამასთანავე, ვცდილობ, რომ ე.წ. „ჩამქრალ კარიერებზე“ მუნიციპალიტეტმა აიღოს მმართველობა და სასწრაფოდ დავიწყოთ ჩვენი ძალებით გატყიანება, სხვანაირად ჭიათურას ეკოლოგიური პრობლემები არ მოეხსნება.

 

- ჭიათურაში წყლის პრობლემებიც ყოველთვის მტკივნეულად დგას...

 

-  ალბათ არცერთ მუნიციპალიტეტში ისე მძაფრად არ დგას ეს პრობლემა, როგორც ჩვენთან. „ელოისის“ კუთვნილებაშია 250 კილომეტრიანი წყალსადენი სისტემა 16 წყალსატუმბით. კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, მწარმოებელი ამარაგებდა ყველა დასახლებულ პუნქტს წყლით, ახლა კი მთელი სისტემა ამორტიზებულია, ამის გამო მუნიციპალიტეტს სულ აქვს წყლით უზრუნველყოფის პრობლემა. მომდევნო წლიდან ქალაქის წყალმომარაგება ,,გაერთიანებული წყალკანალის“ ხელში გადადის და ეს ორგანიზაცია იზრუნებს წყლის მიწოდებასა და ხარისხზე, მუნიციპალიტეტს კი რჩება სოფლის წყლის სისტემები.

 

- ჭიათურა ბაგირგზებით ცნობილი ქალაქია. სხვა თუ არაფერი, ზოდი-ზედუბნის ბაგირგზა მსოფლიოში ყველაზე გრძელია და  ამჟამად  ტრანსპორტის ამ სახეობის რეაბილიტაციის შესახებ რას გვეტყვით?

 

- ბაგირგზების რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესებულია ცნობილი კომპანია „პომა“ და ასევე „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“, ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს არჩევანს ამ ორ ორგანიზაციას შორის და მომდევნო წელში ნამდვილად ველოდებით პერსპექტივას ამ კუთხით.

 

- როგორ მიმდინარეობს სოფლის განვითარების პროგრამები?

 

- სოფლის განვითარების პროგრამებისთვის გამოყოფილი იყო 1 მილიონ 27 ათასი ლარი, განსახორციელებელი პროგრამები მთლიანად შესრულდა და, ძირითადად, ეს თანხა განიკარგა წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ასევე აიგო ბაგა-ბაღი, სარიტუალო დარბაზები და მოწესრიგდა გზები.

 

- ბოლო რამდენიმე წელია, ჭიათურას აქვს გზის პრობლემაც. მრავალ სოფელს აქვს გზა, რომელსაც უგზოობას უფრო დავარქმევდი...

 

- ჩვენ განვახორციელეთ სამი მიმართულებით გზის მოასფალტება: ჭიათურა-ხვაშითის, უსახელო-მანდაეთისა და კალაური-ითხვისის. ჯამურად 18 კილომეტრია და თან ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხიანად გაკეთდა. მომდევნო წლისათვის ჩვენ ვგეგმავთ ხვაშითისა და მანდაეთის გზების გაგრძელებას. 2014 წელს აუცილებლად უნდა გაკეთდეს 9 აპრილის, წმინდა გიორგის და რუსთაველის ქუჩები, უნდა დავიწყოთ ზოდი-დარკვეთის გზის მოწესრიგება, რაც შეეხება პერევისა-გეზრულის მარშრუტს, მას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

 

- მომდევნო წელს კიდევ რას აპირებთ?

 

- მომდევნო წელში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სახლების გადახურვა, საყრდენი კედლების აშენება და სხვა ბევრ საკითხსაც მოვაგვარებთ.

 

- 2013 წელს რომელი პროექტები განახორციელეთ?

 

- გარდა გზის რეაბილიტაციისა, 15 საყრდენი კედელი გავაკეთეთ, ქალაქის შემოსასვლელში დეკორატიული კედელიც ავაშენეთ, განათდა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი, 32 ჩიხის გარეგანათებაც მოვაწყვეთ, 23 კორპუსი გადაიხურა, შევაკეთეთ 13 ლიფტი, სამი სკვერი ალამაზებს ჩვენს ქალაქს,  სეტყვით დაზარალებული 1100 მცხოვრებისთვის გამოვყავით კონპესაცია, რადგან ჭიათურის რამდენიმე სოფელი დაზარალდა სტიქიით. გავაკეთეთ სტიქიით დანგრეული 7 ხიდი კაცხსა და მელუშეეთში. გავეცით მრავალშვილიან ოჯახებზე სასწავლო წლის დაწყებამდე ფულადი დახმარებაც, აღვადგინეთ ისეთი წყალსადენი, რომელიც სამ დიდ სოფელს სრულიად აკმაყოფილებს წყლით.

 

- როგორც ვიცი, მომდევნო წლის ბიუჯეტი გაგეზარდათ, რა იქნება პრიორიტეტები 2014 წელს?

 

- აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ჭიათურის კულტურის სასახლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, მოსაწყობია სამი საბავშვო ბაღი, გავუზრდით სუბსიდირებას ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, ჩვენ გაზრდილი ბიუჯეტი აუცილებლად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან 1 მილიონ 200 ათასი ლარი ნამდვილად არ არის მცირე ფული. სწორედ ამ რაოდენობით გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი და მას აუცილებლად გამოვიყენებთ ხალხზე ორიენტირებულად.

 

- მინდა გკითხოთ ასევე,  ჭიათურაში ფეხბურთის განვითარების საკითხზეც.

 

- სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძლებთ ჭიათურაში ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას. ამ სახეობისათვის სულ მცირე 2 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო, რომ მოხდეს ფეხბურთის აღორძინება, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში იმდენი პრობლემაა, რომ ყველას ვერ გადავწვდებით. მოსაკრებლის გაზრდის შემთხვევაში ეგებ შევძლოთ სპორტისათვის დოტაციის გაზრდაც.

 

- როგორც ვიცი, თურქეთის ქალაქ მურგულს დაუმეგობრდით, რა პერსპექტივები აქვს ამ ორი ქალაქის დამეგობრებას?

 

- მურგული სამრეწველო ქალაქია, ჩვენ გვექნება გაცვლითი პროგრამები, აქ იყვნენ ჩამოსული იქაური ბავშვები და ვუმასპინძლეთ, მომდევნო წელში კი პირიქით, ჩვენგან წავლენ და ისინი უმასპინძლებენ.

 

- და ბოლოს, რაზე ოცნებობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი?

 

- ეს ოცნება კი არა, აუცილებლობაა, რასაც ახლა ვიტყვი. ქალაქი, ფაქტობრივად, საავადმყოფოს გარეშეა. ჩვენ გვქონდა ე.წ. ქალაქის საავადმყოფო და ძალიან მინდა, რომ მის ბაზაზე აღვადგინოთ და კეთილმოვაწყოთ 40-საწოლიანი საავადმყოფო მაინც. კიდევ კარგი, რომ ეს შენობა გაყიდული არ არის და ეკუთვნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. ძალიან მინდა ჭიათურაში ისეთი საავადმყოფო იყოს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ საკითხზე აუცილებლად დაველაპარაკები მაღალი თანამდებობის პირებს და დავარწმუნებ, რომ სამთოელთა ქალაქში აუცილებელია მაღალი კლასის სამედიცინო დაწესებულება. ვაპირებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და ჩემს ჭიათურას გამოვადგე ისე, როგორც საჭიროა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია