დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა ღვინო მივაყოლოთ საახალწლო კერძებს?
რა ღვინო მივაყოლოთ საახალწლო კერძებს?
ავტორი: მალხაზ ხარბედია
სულ ნანახია 5600
ავტორი:
მალხაზ ხარბედია

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ქართული ღვინისა და სადღესასწაულო კერძების შეხამების საკითხი. საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც საახალწლო სუფრაზე ტრადიციულ კერძებთან სრულიად არაადეკვატური ღვინო გამოაქვთ ხოლმე. ამიტომ, მოდით, რამდენიმე წუთი ამ მნიშვნელოვან საკითხსაც დავუთმოთ:

 

პირველ რიგში საცივს მივხედოთ. ეს საკმაოდ რთული კერძია და ყველა ღვინოს არ მოიხდენს. პირველ რიგში კარგი იქნება ძლიერი, ხასიათიანი ცოლიკოურები, იმერული, რაჭული, გურული და მეგრულიც, ასევე შესანიშნავი იქნება ზოგიერთი ქვევრის კახური ღვინო, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ინტენსიური სურნელებით გამოირჩევა და მაღალმჟავიანიცაა. მაგალითად, ბოლო დროს ბევრი კომპანია აყენებს მწვანე კახურიდან ან ქისიდან ისეთ ღვინოებს, რომელიც სწორედ ასეთ კერძებს გაუწევს საუკეთესო პარტნიორობას. სხვათა შორის, ასეთ კერძებში ხარჩოც იგულისხმება და ბაჟეში ჩაწყობილი ფრინველი და თევზიც.

 

ვაზის ფოთოლში გახვეულ ტოლმას, ნაწილობრივ ფოთლის გამოც, კარგი იქნება თუკი შედარებით მაღალმჟავიან საფერავს შევუხამებთ, მაგალითად, ნაფარეულის ან ყვარლის თხელ, სურნელოვან საფერავებს და, რა თქმა უნდა, კახურ ღვინოებს.

 

მოხარშულ დედალთან შედარებით ძლიერი თეთრი ღვინოები მიდის, მაგალითად კრახუნა, ცოლიკოური, ასევე მუხრანის ველის ჩინური. ყაურმა, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი და მაღალგრადუსიანი საფერავები წავა, სხეულიანი, ძლიერი სტრუქტურის ღვინოები.

 

გოჭი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ გოჭისთვის ზედგამოჭრილია ალადასტური, შეიძლება ითქვას, ეს ვარდისფერი ან ლალისფერი ღვინო გოჭისთვისაა გაჩენილი. ზემოხსენებული ძელშავიც კარგი იქნება გოჭთან, ასევე ვარდისფერი ჩხავერი და ოჯალეში.

 

საქართველოში, ისევე, როგორც სხვაგან, ახალ წლებზე ტრადიციულად იხსნება ხოლმე ცქრიალა ღვინო. ცხადია, ეს სადღესასწაულო რამდენიმე ყლუპი უფრო აპერიტივად უნდა მივიჩნიოთ, მადის აღმძვრელ ხასიათის გასაკეთებელ საშუალებად, თუმცა ვინც საუკეთესო მეწყვილეს ეძებს ცქრიალა ღვინისთვის, მის გასაგონად ვიტყვი, რომ საუკეთესო იქნება ხიზილალა, თეთრი თევზი და მსუბუქად გამოყვანილი ორაგული მივაყოლოთ მას. ნახევრადმშრალ ან ნახევრადტკბილ ცქრიალა ღვინოს ხილი და ნამცხვრები უხდება.

ხორციანი სალათები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ტრადიციული საახალწლო სუფრისთვის. ქათმის და საქონლის ხორცის საფუძველზე მომზადებულ სალათებთან, ასევე საქონლის ენასთან და თხლად დაჭრილ ღორის ხორცთან კარგია მუხაში დავარგებული თეთრი, კლასიკური ღვინოები, მაგალითად, წინანდალი. თევზიან სალათებთან ციცქა და ცოლიკოური, ხაჭაპურს ძალიან ბევრი კერძის მოხდენა შეუძლია ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, მწვანე კახური, რქაწითელი, ჩინური, წულუკიძის თეთრა. ერთი სიტყვით, ქართული თეთრი ღვინოების მთელი სპექტრის.

 

ბოლოს სასუსნავებზე და საახალწლო ტკბილეულსაც უნდა შევეხოთ. მაგალითად, გოზინაყთან, ჩურჩხელასთან და ფელამუშთან, რა თქმა უნდა, ქართული ბრენდი და ხარისხიანი ჭაჭაა მისწრება, თუმცა ზოგიერთი თეთრი ნახევრადტკბილი და ტკბილი ღვინო წავა ტვიში, მუსკატი და სხვ. ქინძმარაული ძალიან ძლიერი ტანინებით ხასიათდება, იგი საწრუპადაც კარგია და ზოგიერთ შოკოლადიან ნამცხვართან, ისევე როგორც ხვანჭკარა, რომელიც ხილიდან დაწყებული, ნაზი, ნამცხვრებით, სუფლეებით დამთავრებული, ყველაფერს მოიხდენს.

 

დღეისათვის სულ ეს იყო, დაითადარიგეთ ღვინოები და კერძები და წინასწარ დაგეგმეთ რომელ კერძს რომელ ღვინოს შეუხამებთ.

 

 

 

 vinoge.com

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია