დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა უნდა მერაბიშვილს და რა ელოდება უგულავას?
რა უნდა მერაბიშვილს და რა ელოდება უგულავას?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1824
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია,  მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. თბილისის მერს გიგი უგულავას კი ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა დაპატიმრებული არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თვლიან, რომ ხელისუფლებამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ოპოზიციის პოლიტიკური განადგურება გადაწყვიტა.

 

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ექს-პრემიერმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ის ციხიდან თვალახვეული გაიყვანეს და პირადად, მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს, რომელმაც მას  ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობა და მიხეილ სააკაშვილის ანგარიშების დასახელება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მერაბიშვილს ციხეში ყოფნის პირობებს გაუუარესებდა.

 

„პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად, მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ „ვითანამშრომლებდი“ ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის „ნაშოვნი ფულის“ ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ,“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მერაბიშვილზე ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრემიერის საკანთან დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერები უნდა გაასაჯაროოს. თუმცა, როგორც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, ვიდეოჩანაწერების ამოღება და გამოქვეყნება სხვადასხვა საგამოძიებო პროცედურებთანაა დაკავშირებული და მისი მარტივად გავრცელება ვერ მოხდება. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა  განაცხადა, ამ შემთხვევაში საზოგადოება სიმართლეს დაინახავს, თუმცა პროკურატურა გამოძიებას პოლიტიკური შემადგენელით ვერ დაიწყებს, მას ამისთვის სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

 

„ისინი ვერ ჩაწერენ, რომ რადგან  „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიებას ითხოვენ, მაშინ ეს უნდა დავიწყოთ. პროკურატურა თუ მონახავს სამართლებრივ საფუძველს, მაშინ დაიწყებს, თუ არადა ვერ დაიწყებს, ეს ცალსახაა. რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამას თავისი წესები აქვს. ჩემ წინააღმდეგ იქნება საქმე აღსაძრავი, თუ მე კადრებს წესების დარღვევით გავასაჯაროებ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გამოძიება რას გადაწყვეტს. როდესაც გამოძიება დაიწყება და თუ დაიწყება, მაშინ იქნება შესაძლებელი კადრების გასაჯაროება,“ - განაცხადა სუბარმა.

 

 

რა ვქნათ, დავჯდეთ, ყავა დავლიოთ და ვიმკითხაოთ, კარტი გავშალოთ და ავტუზოთ...

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, მერაბიშვილს თავის საკანში არსებული კამერის  ვიდეოჩანაწერის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა მას  ამ უფლებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის განცხადებაზე პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.

„რა ვქნათ, დავჯდეთ, ყავა დავლიოთ და ვიმკითხაოთ, კარტი გავშალოთ და ავტუზოთ, თუ როგორ დავადგინოთ ჭეშმარიტება?! არცერთ პრემიერ-მინისტრს ციხეში წასვლას არ ვუსურვებ, მაგრამ არცერთი პრემიერი ამ ქვეყნისა, რომელიც ციხეში წავა, არ იქნება რიგითი პატიმარი. ეს არის პოლიტიკური შემთხვევა. ერთი წამით დავუშვათ, რომ ვანო მერაბიშვილი ტყუის, თქვენ გესმით რა არის ვანო მერაბიშვილისთვის ამ ტყუილის ფასი?!“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, საკითხზე გამოძიების დაწყების და ვანო მერაბიშვილის განცხადების აბსურდულობის დადასტურების შემთხვევაში, ეს განცხადება მერაბიშვილს საბოლოოდ გაანადგურებს და წერტილს დაუსვამს მას როგორც პოლიტიკოსს.

 

„ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არანაირი განმარტება და ლოგიკა არ აქვს რატომ არ იყენებს ხელისუფლება ამ ფაქტს, რატომ არ ამხელს მერაბიშვილს ტყუილში და რატომ არ იღებს ფირებს. ზღაპრებს თხზავენ, რომ თურმე ციხეში შეეშინდა და თურმე ხარშილაძის დაჭერის შეეშინდა და ამ თურმეების მოგონებას არ ურჩევნიათ, ფირი ამოიღონ და თუ მართლა ტყუის ეს ადამიანი, დოკუმენტურად დაუმტკიცონ ყველას, რომ ტყუის?!“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასთვის  ვანო მერაბიშვილის განცხადებები არადამაჯერებელია. როგორც ბესელიამ გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ სტუმრობისას აღნიშნა, მიუხედავად მისი პოზიციისა, რომ მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუედ მიაჩნია, მომხრეა, ფაქტის მოკვლევა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი დაიდოს.

 

„არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურას, არ ვენდო სოზარ სუბარს. მე პირადად ვესაუბრე მას და არ მაქვს საფუძველი ფიქრისა, რომ ადამიანი იტყუება. მიუხედავად იმისა, რომ ორი უწყება, ვინც უნდა გამოიძიოს ეს ფაქტი, თავად ამბობს, რომ არ მომხდარა ეს ფაქტი“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მერაბიშვილის საკანთან გადაღებული ვიდეოფირების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ბესელიას მტკიცებით, ეს კანონით აკრძალულია და არ შეიძლება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილის არ სჯერა, მაინც მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა  დაიწყოს.

 

„თუ ეს სიმართლეა, აქ ადამიანმა მხოლოდ ორი დასკვნა შეიძლება გააკეთოს, რომ ამის გამკეთებლი პროკურორი, ხელისუფლება ან მართლა შეკრულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დგამს ნაბიჯებს, რომ გაათეთროს ეს პარტია, ან აბსოლუტურად უნიათოები, უპასუხისმგებლოები, უცოდინარები, უსუსურები არიან და მაშინ ეს არის გონებაჩლუნგობამდე მისული ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად არ მინდა დავიჯერო და წარმოვიდგინო, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირს შეიძლებოდა გაეკეთებინა,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

„ვანო მერაბიშვილის განცხადების რეალურობის დადგენა, ყველაზე მეტად ვისაც უნდა აწყობდეს, ეს პროკურატურაა, ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა აწყობდეს გამოძიების ჩატარება -        „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიიჩნევს „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.

 

როგორც  მანრეპორტიორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტება არ დადგინდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება და მუდმივად ამ თემაზე ილაპარაკებს.

 

„ისინი ერთი  წელია ცდილობენ, ყველანაირი სამართლებრივი  საკითხი გადაიტანონ პოლიტიკური დევნის ჭრილში და ეს განიხილონ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ამიტომ სიტუაცია ძალიან მარტივია, გამოძიება უნდა ჩატარდეს და საზოგადოებას შედეგი გააცნონ არგუმენტირებულად. როცა დარწმუნდება საზოგადოება, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დატოვო მარტო საკუთარ განცხადებასთან,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

მერაბიშვილის ცინიკური მუქარა...

 

ვანო მერაბიშვილის განცხადებას, გარდა პირდაპირი გაგებისა, საზოგადოებაში სხვა ინტერპრეტაციებიც მოჰყვა. გაჩნდა აზრი, რომ ყოფილი პრემიერი ამით მიხეილ სააკაშვილს აშანტაჟებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს. 

 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ თუკი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, იგი პროკურატურასთან ითანამშრომლებს და ამით წინა ხელისუფლების დროინდელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექსპრეზიდენტსაც ციხეში ჩასვამს.

 

„ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ მას პროკურატურა აშანტაჟებს იმას ნიშნავს, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს: თუ დროულად არ გამომიყვან ციხიდან, მე გამოძიებასთან ვითანამშრომლებო. მიხეილ სააკაშვილს კი ეს არ აწყობს, რადგან მასზე კარგად არავინ იცის მისი ანგარიშების შესახებ. მისი გუშინდელი ცინიკური განცხადებაც მუქარა იყო, ის, რომ გიგი უგულავას საკანში სიამოვნებით მიიღებს, იმას ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, უგულავასაც და სხვა დანარჩენებსაც გვერდით მოისვამს,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

„თუკი ხელისუფლებას ღმერთი გაუწყრა და გიგი უგულავა დააპატიმრა და იმედია, მთავარი პროკურორი სიტყვას შეასრულებს და ჩემს მეგობარს გვერდით მომისვამს. ოთხკაციან საკანში ვარ, ადგილი ბევრია და დიდი სიამოვნებით მივიღებ გიგის და მას დავეხმარები, რომ ციხის მძიმე პირობებს შეეგუოს,“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

თბილისის მერს გიგი უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ახალი ბრალი წარედგინა. მერიის მაღალჩინოსნების ბრალდებას გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო და გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან  მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

 

„2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე აიპ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის    სამართლებრივი  დევნა     დაიწყო თბილისის მერის გიორგი უგულავას მიმართ,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ბრალის წარდგენის პარალელურად მთავარი პროკურატურის წინ უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორც მთავარი პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე მყოფმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ოპონენტების პოლიტიკურ განადგურებაზე გადავიდა, თუმცა ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააჩერებს.

 

„პრობლემების მოგვარების მაგივრად, მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობითაა დაკავებული. ეს მათ არაფერს მოუტანს, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, მაგრამ ქვეყანას აზიანებს,“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

 

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მთავრობას მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმაც.

 

„ჩემი რეკომენდაციაა, ვითარება სწრაფად უნდა გაირკვეს, რადგან ეს ზოგადად, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. ვფიქრობ, მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ჩემი რჩევაა, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არსებობდეს,“ - განაცხადა დიმიტროვმა.

 

„ქვეყნის იმიჯს არაფერი ემუქრება, რადგან მას სათავეში მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი უდგას, რომლებიც პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია. ხელისუფლება პროდასავლურია, ანუ ადამიანის უფლებების დარღვევა არ იქნება დაშვებული. რაც შეეხება ამ საქმეს, როგორც მე ვიცი, პროკურატურა აქცენტს მტკიცებულებებზე აკეთებს. იმიტომ, რომ ხარ მერი, მინისტრი თუ ყოფილი პოლიტიკური ფიგურა და გეძახიან დაკითხვაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულება შერჩევითია,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ არავინ არის დაცული სისხლის სამართლებრივი დევნისგან, თუ ამისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს.

 

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უნდათ, რომ ის ცხრა წელი ისე ჩააბაროს ისტორიას, კითხვაც აღარ არსებობდეს.


„რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის, რომ უამრავი დანაშაული ხდებოდა, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ პროკურატურამ ახალი შემადგენლობით ძალიან ბევრი თემა უნდა გამოიწვიოს და შეისწავლოს. თუ ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლების მართვას მიეჩვივნენ, ახლა იმას შეეჩვიონ, რომ ელემენტარულად ინფორმაცია მაინც მიაწოდონ შესაბამის სტრუქტურებს იმასთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა  ხარვეზების მიზეზი რა იყო. ეზარებათ სიარული? იარონ და მისცენ ჩვენებები“ - განაცხადა საგანელიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია