დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სოფლის დახმარების პროგრამის“ არაეფექტური პროექტები მოხრეშილი გზები და წყალში გადაყრილი მილიონები
„სოფლის დახმარების პროგრამის“ არაეფექტური პროექტები მოხრეშილი გზები და წყალში გადაყრილი მილიონები
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 3545
ავტორი:
მარიამ პატარაია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში „სოფლის დახმარების პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა პროექტი უკვე დასრულებულია. რაიონის 12 სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, რომლის საერთო რაოდენობა 502 ათას 185 ლარია, 55 პროექტი შემუშავდა.

 

რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ  სოფლებში განსახორციელებელი  ინფრასტრუქტურული სამუშაოების პრიორიტეტები მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა.

 

 როგორც ირკვევა, რაიონის მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემას სოფლებში მისასვლელი გზების არარსებობა, ხშირ შემთხვევაში კი, მოუწესრიგებელი გზები წარმოადგენს.

 

სოფელ ფერსათის მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის უმთავრესი პრობლემა ავარიული გზებია, რის გამოც ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. ფერსათის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

 

მოსახლეობის მთავარი დაკვეთა გზების რეაბილიტაცია - პრიორიტეტია პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ პროექტებშიც. წელს გზა ყველა სოფელში შეკეთდა, თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, თანხა, რომელიც ამ მიმართულებით იხარჯება,  სარგებლობის მომტანი არ არის, რადგან მცირე დაფინანსების გამო, გზების კაპიტალური შეკეთება ვერ ხერხდება, მოხრეშვა კი ექსპლოატაციის მოკლე ვადებზეა გათვლილი.

 

„ყოველ წელიწადს  ვაკეთებთ გზების მოხრეშვას, მაგრამ როგორც კი მცირე ნალექი მოვა, ხრეშს რეცხავს და გამოდის, რომ ის თანხა, რაც ამ მიმართულებით იხარჯება, წყალში გადაყრილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანხები კი   არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს გზის მოასფალტება ან ბეტონის საფარის გაკეთება. სამწუხაროდ, მსგავსი არაეფექტური მცდელობა ყოველ  წელიწადს მეორდება,“ ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ზაზა ენდელაძე.

 

ენდელაძის შეფასებით, არაეფექტური პროექტები ბაღდათში მიმდინარე წელსაც მრავლად დაიგეგმა და განხორციელდა.  მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროექტების მიხედვით,  გზების რეაბილიტაციისთვის,  სადაც  მხოლოდ ორმული შეკეთება და გზების მოხრეშვა შედის, მიმდინარე წელს ბაღდათის მთელი რაიონისთვის გამოყოფილი თანხის მეხუთედი, 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მომავალ წელს კი ყველა ის გზა, რომელიც წელს მოიხრეშა, კვლავ შესაკეთებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხა რაიონში მსხვილბიუჯეტიანი პროექტების განხორციელების საშუალებას არ იძლევა, ბაღდათის გამგებელი მიიჩნევს, რომ  პროექტის არსებობა ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია.

 

„არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თანხა  არ არის საკმარისი, მაგრამ  მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელებისთვის საუკეთესო საშუალებაა. უფრო მსხვილი პროექტებისთვის კი არსებობს რეგიონალური განვითარების ფონდი, რომელიც რამდენიმე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს რაიონში.

 

„სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილბიუჯეტიანი პროექტიც განვახორციელეთ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 42 ათას ლარიანი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა სოფელ დიმში. როგორც წესი, მოსახლეობა სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარებას ითხოვს. მაგალითად, გარეგანათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, წყლის მილების შეძენა და სხვა,“ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე.

 

„სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში“ ბაღდათი უკვე მესამე წელია, სტაბილურად ერთი და იგივე თანხას იღებს. გამგეობაში ამბობენ, რომ თანხის რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა არც გაზრდილა. სამაგიეროდ, იცვლება სოფლების დაფინანსება. კერძოდ, მიმდინარე წელს ყველაზე დიდი თანხა სოფელმა დიმმა 76 ათას 247 ლარის ოდენობით მიიღო, სადაც  მხოლოდ 4 პროექტი განხორციელდა. სოფელ ზეგანში კი  27 ათას 309 ლარი 9 მცირებიუჯეტიან პროექტზე გადანაწილდა.  გამგეობაში ამბობენ, რომ თანხები სოფლის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით ნაწილდება.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი, როგორც ირკვევა, მთავარი არა მცხოვრებთა, არამედ პრობლემების რაოდენობაა.

 

მაგალითად, სოფელ ნერგეთის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა სამედიცინო პუნქტის არარსებობაა. მათი თქმით, უპირველესი, რაც ამ სოფელში უნდა გაკეთებულიყო, სამედიცინო პუნქტისთვის მცირე ზომის შენობის აგებაა, თუმცა მიმდინარე წელს სოფელში პრიორიტეტად გარეგანათების მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა დასახელდა.

 

 სოფელ ნერგეთში ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებენ, უსარგებლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდ კეთდება და, შესაბამისად, თანხა, რომელიც იხარჯება, არაეფექტურია.

 

ხარვეზებით შესრულებული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამი სამშენებლო კომპანია ჩამოაშორეს. მათ შორის შპს „ამაგი“, რომელმაც სოფელ ნახახულევში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა კომპანიამ 9 ათას ლარად მოგებული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,  რის გამოც  ხელშეკრულება შეუწყდა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კი გაურკვეველი დროით გადაიდო. გამგეობაში აცხადებენ, რომ კომპანიისთვის აუნაზღაურებელი თანხები ისევ აღნიშნულ ბაღს სხვადასხვა ინვენტარის შესაძენად ხმარდება.

 

ვადების დარღვევისთვის და  ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების  გამო მიმდინარე  წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში „სოფლის დახმარების პროგრამაში“ მონაწილე სულ სამი კომპანია დაჯარიმდა.

 

ბაღდათში პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ჩაბარების ვადა  15 ნოემბერს ამოიწურა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ყველა სამუშაო უკვე დასრულებულია, შედგენილია ოქმები და შესრულებული პროექტები უკვე გადაეცა სამინისტროს. 

 

 

 გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“

 

 

მასალა მომზადებულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“  პროექტის ფარგლებში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია