დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„კერძო საფინანსო ორგანიზაციების ქმედება კრიმინალია!“ - საპროტესტო აქცია ქუთაისში
„კერძო საფინანსო ორგანიზაციების ქმედება კრიმინალია!“ - საპროტესტო აქცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1907
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისში მდებარე ბაზრობებთან გახსნილი კერძო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული მაღალპროცენტიანი სესხები პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა მოვაჭრეებთან ერთად გააპროტესტეს.

 

ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ, შემდეგ კი მათ, არსებული მცირე დავალიანების გამო, ბინებს და ქონებას უყიდიან.

 

„ესენი, ფაქტობრივად, კერძო მევახშეები არიან, რომლებიც სპეციალურად ბაზრობებთან იხსნებიან, რადგან მათი მომსახურებით იმ გაჭირვებულმა მოვაჭრეებმა ისარგებლონ, რომელთაც კარტოფილის შესაძენად სესხი გამოაქვთ, მცირე ხელისშეშლის გამო კი მათ სახლებს უყიდიან. ეს საფინანსო ორგანიზაციები თავს გაფორმებული ხელშეკრულებით იმართლებენ, არადა რა წერია იმ ხელშეკრულებაში რეალურად არავინ იცის, რადგან ისეთი წვრილი შრიფტით იწერება, წაკითხვა შეუძლებელია. საქართველოში არსებული კანონით აკრძალულია ხელშეკრულების წვრილი შრიფტით წერა, გამოდის სახელმწიფო თავად არის კანონდამრღვევი, თუმცა პასუხს მხოლოდ გაჭირვებულ მოსახლეობას სთხოვენ. მე, იქნება წერა-კითხვა  არ ვიცი, შენ, როგორც სახელმწიფომ, შენი მოქალაქე ხომ უნდა დამიცვა?“ აღნიშნა გოგი წულაიამ.

 

დაზარალებული მოქალაქეები დაბალპროცენტიანი სესხების შემოღებას და აღსრულების შეჩერებას მოითხოვენ.

 

„ყველა ანგარიში დაგვიყადაღეს. ჩვენი ხელით გამოგვატანინეს ტექნიკა, ოქრო და ახლა ბინებს გვიყიდიან, ესენი არიან ქურდები და კრიმინალები, რადგან თვიურად 12%-იანი სესხი კრიმინალია უკვე, ის არის გასაგები ვინ ლობირებს მათ და სახელმწიფო რატომ დუმს ამ ყველაფერზე? წინა ხელისუფლება იძახდა, რომ შავი სამყარო გაანადგურა, სამაგიეროდ თეთრი ქურდები დატოვა, რომლებიც მოსახლეობას უარეს დღეში აგდებენ,“ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

 

შპს TBI-ის დირექტორის ალექსანდრე ჭანტურიძის განცხადებით კი, მათ აქვთ იურიდიული უფლება, სადაც სურთ იქ გახსნან ოფისი. მისივე თქმით, მსესხებელს ხელშეკრულების გაფორმების დროს  დეტალურად უხსნიან რა რაოდენობის თანხა, რა ვადებში უნდა დაფაროს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი რა სანქციები დაეკისრებათ, ამიტომ თავის მართლება, რომ ვერ წაიკითხეს რა ეწერა, საფუძვლიანი არგუმენტი არ არის.

 

„ჩვენ გავცემთ სესხებს, მაგალითად, 300 ლარი 35 დღეში უნდა დაიფაროს, დღიური გადასახადი კი 10 ლარს შეადგენს. კარგად იციან ჩვენი პირობები, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას ხელს უშუალოდ სესხის გამტანი და თავდები აწერენ და თუკი ორმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის, ფულის დათვლა როგორღა შეუძლიათ?“ - განაცხადა ალექსანდრე ჭანტურიძემ.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია