საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება შენიშვნებს, ჯერჯერობით, უცნობია
ავტორი: თამთა კაკაურიძე
სულ ნანახია 1045
ავტორი:
თამთა კაკაურიძე
მსგავსი სიახლეები

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება შენიშვნებს, ჯერჯერობით, უცნობია

 

 

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა შედგა. მოწვეულთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დაწყებისთანავე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის იურისტს დავით ზარდიაშვილსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კამათი გაიმართა.

 

ზარდიაშვილმა კოდექსის პროექტში გუბერნატორებისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტის თვითმმართველობის კოდექსში შემოტანით არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია მოხდება.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ პასუხად განაცხადა, რომ ის ამ ადამიანებს ექსპერტებს ვერ უწოდებს, რადგან ისინი „მთელი 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ იყვნენ ამოფარებული და თუკი სადმე რაიმე ცუდი და სიბინძურე გაკეთებულა ამ ადამიანების დამსახურებაა“.

 

- რანაირად გინდა გაითვალისწინო მათი შენიშვნები და მოსაზრებები?! თუმცა, მიუხედავად ამისა, თუკი რაიმე რაციონალურს ვნახავთ, გავითვალისწინებთ, - განაცხადა ნარმანიამ, რომელსაც სხვა არგუმენტები არ გაუცვნია დამსწრეთათვის.

 

შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა და ყველა გამომსვლელს აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცა; თუმცა, დღის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარ შენიშვნებს და რეკომენდაციებს უკვე ერთმანეთს აცნობდნენ, რადგან სამინისტროს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

 

ძირითადი შენიშვნები, რაც შეხვედრისას გაჟღერდა, კოდექსის პროექტში გუბერნატორების ინსტიტუტის დატოვება და მისთვის ფუნქციების მინიჭება, რეგიონული მოწყობა, ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნა-არგადაგზავნის საკითხი, მუნიციპალიტეტების გაზრდის ფონზე საბიუჯეტო ხარჯების ზრდა და კოდექსში თვითმმართველობების სამუშაო ენად ქართული ენის შეტანა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი არგუმენტებით სცადეს სამინისტროსა და მთავრობის წევრების დარწმუნება, რომ ყველა ეს საკითხი სამომავლოდ პრობლემებს შექმნის და უმჯობესია, პარლამენტში საკომიტეტო განხილვებზე ჩასწორდეს, თუმცა, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება შენიშვნებს, ჯერჯერობით, უცნობია.

 

შეხვედრისას დაისვა საკითხი, რომ საერთოდ შეჩერდეს პარლამენტში კოდექსის პროექტის პირველი განხილვა მანამ, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას არ დადებს, რაზეც მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ირაკლი მელაშვილის პასუხი იყო: „ევროპის საბჭოს თვითმმართველობის კონგრესს ეს კანონპროექტი გადავუგზავნეთ და ვმუშაობთ, რომ დაჩქარებული წესით მივიღოთ შენიშვნები, რაც, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა მოხდეს. რაც შეეხება შენიშვნებს და რეკომენდაციებს, ჩვენ თვითონ ვეცდებით, რომ პარლამენტში ეს კოდექსი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“.

 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, არა მარტო ევროპის საბჭოს კონგრესის, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნაც აუცილებელია, ამ დასკვნის მიღება კი დაჩქარებული წესით ვერ მოხერხდება. მათი განმარტებით, დასკვნას თებერვლის შუა რიცხვებამდე მაინც დააგვიანდება.

 

შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა, მათი შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთი მწვავე არ ყოფილა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა. უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, კოდექსი ძვირადღირებულია; ამასთან, პრობლემატურია მუნიციპალიტეტების დაყოფის და ხარჯების ზრდის საკითხები.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა რას ფიქრობს. ეს პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ფინანსურ მდგრადობაზე. ამასთან, დროში რამდენად არის გათვლილი რეფორმის განხორციელება და, საერთოდ, მისი დაწყება, ჯერ კიდევ საკითხავია. რადგან, როგორც იცით, რეფორმის ნაწილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს, დარჩენილი ნაწილი კი რამდენიმე წელზე გადანაწილდეს. რეფორმა ვერ დაიწყება, თუ კანონი არ დამტკიცდა, დამტკიცებამდე კი საკმაოდ დიდი განხილვა და გაანალიზებაა საჭირო, რადგან ამ რეფორმით, შესაძლოა, ფედერალური მოწყობის საფრთხეები გაიზარდოს“, - განაცხადა წერეთელმა.

 

რაც შეეხება გუბერნატორების ინსტიტუტის კოდექსში შემოტანას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ ინსტიტუტის კოდექსში დატოვებით, რეგიონს აღმასრულებელი ხელისუფალი ეყოლება, რაც თვითმმართველობის გაუმჯობესების ნაცვლად, მის დაკნინებას გამოიწვევს.

 

„ადგილობრივ თვითმმართველობას იმის ნაცვლად, რომ უფლებამოსილებები დამატებოდა, ახალი კოდექსით ფუნქციების ნაწილი ეკარგება. დეცენტრალიზაცია კი ფუნქციების დამატებას ნიშნავს. რაც შეეხება გუბერნატორს, მას აღსრულებითი ფუნქცია ენიჭება, თუმცა, ზედამხედველობის ფუნქცია აღარ აქვს; ანუ ის რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფალი იქნება რეგიონის საბჭოში, მაგრამ მას საბჭო არ დანიშნავს“, - აღნიშნა შეხვედრისას „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა დავით მელუამ.

 

მისივე თქმით, „ინსტიტუციურად ყველაზე დიდი ფუნქციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, გუბერნატორს და ბოლოს - ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს“.

 

რაც შეეხება კოდექსის პროექტიდან ადგილობრივი თვითმმართველობების სამუშაო ენის ამოღებას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ძველ კანონში ეს ჩაწერილი იყო, ახალში კი არ არის, რაც მათი აზრით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რაც პრობლემებს შექმნის.

 

 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი და, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცდეს.

 

მოამზადა თამთა კაკაურიძემ

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია