დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია: „მთავარ პრობლემად მაინც რჩება უკანონო პატიმრობა და საკუთრების უფლების აღდგენა“
ეკა ბესელია: „მთავარ პრობლემად მაინც რჩება უკანონო პატიმრობა და საკუთრების უფლების აღდგენა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
სულ ნანახია 1970
ავტორი:
ეთერ ბალაძე
მსგავსი სიახლეები

საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია განვლილ ერთ წელს დადებითად აფასებს. ყველაზე დიდ წარმატებად ბესელიას ფართომასშტაბიანი ამნისტია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მიაჩნია.

 

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რომ კვლავ ბევრი პრობლემა რჩება, ამაზე იმ განცხადებების  სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც პარლამენტში შევიდა. უმეტესწილად ადამიანები წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ, დღემდე ვერ მოხერხდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და სამართლიანობის აღდგენა. უფლებადამცველების უმრავლესობა თვლის, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს და რეჟიმის მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაცია მოხდეს.

დღეისათვის  უფლებადამცველები ხელისუფლებას დროული ქმედებისკენ მოუწოდებენ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი განსასჯელი ელოდება სამართლიანობის აღდგენას და უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებას, მესაკუთრეები კი - ქონების დაბრუნებას.

 

ეკა ბესელია (პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე):

 

- მთავარ პრობლემად მაინც რჩება  უკანონო პატიმრობა და საკუთრების უფლების აღდგენა, რომელიც ადამიანებს წართმეული აქვთ. როდესაც რეჟიმის გასამართლებაზეა საუბარი, იმაზე დიდი განაჩენი არაფერია ყოფილი ხელისუფლებისთვის, როგორიც 210 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. რაც შეეხება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ამუშავებას, ეს კომისია უნდა აღდგეს, ადამიანებს აქვთ სამართლიანი სასამრთლოს უფლება.

 

უკანონო პატიმრების კომპენსაციის საკითხი ბოლო ეტაპია, დღეს კი უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა რესურსი გვაქვს პროკურატურასა  თუ სასამართლოში, სად ვაგზავნით ამ ადამიანებს, იმათთან, ვინც უკანონოდ გაასამართლათ? რაც შეეხება ციხეებს, დღევანდელი ციხეები რომ ბევრად უმჯობესია და რომ დღეს ციხეებში წამებები აღარაა, ამაში ყველა დამეთანხმება. პრობლემები კვლავ რჩება. წინა ხელისუფლების დროს  ციხეში მაყურებლები იყვნენ და  შემორჩენილი არიან დღესაც, თუმცა, დღეს ციხეების სრული კონტროლი ხდება. რაც შეეხება გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეს, მასზე რეაგირება მოხდა და დაველოდოთ სასამართლოს.

 

 

უჩა ნანუაშვილი (სახალხო დამცველი):

 

- სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად დღევანდელი ციხეები განტვირთულია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციხეებში არ დაფიქსირებულა წამებების ფაქტები, იშვიათია პატიმრის სიკვდილი, აღარაა ფარული მიყურადებები, ისევ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან  ადამიანებზე არასათანადო მოპყრობა. აუცილებელია, შეიქმნას ცალკე დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც  დამოუკიდებლად შეისწავლის საქმეებს. 

ხშირად არის პრობლემები რელიგიურ  შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ჭელას  ინცინდენტს, რომელზედაც პარლამენტმა დაგვიანებული რეაგირება მოახდინა. ხშირია საკუთრების შეზღუდვის ფატები.

 

 

ნანა კაკაბაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი):

 

- მაშინ, როცა საზოგადოებაში ამდენ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ მათ კვლავ რჩებათ  უკანონო განაჩენი,  ძალიან ძნელია,  ამ დროს ისაუბრო სამართლიანობის აღდგენაზე, სამართლიან სასამართლოზე. დღემდე ვერ ხერხდება  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რეჟიმი უნდა გავასამართლოთ. 

 

დღესაც ციხეებში არასათანადოდ ექცევიან პატიმრებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ორი დღის წინ ?7 საპყრობილეში  ადმინისტრაციის უფროსმა ტრაპაიძემ, მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა  სასტიკად სცემეს პატიმრები: მირზა გირგველანი და მისი ძმა, ბაჩო გირგველანი. ორი დღეა, მათთან არ უშვებენ ადვოკატებს. მოვითხოვ  სახალხო დამცველის  მიერ ფაქტების  გადამოწმებას.

 

 

სოზარ სუბარი (სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების მინისტრი):

 

- ნანა კაკაბაძის ინფორმაცია არის სიცრუე და პიარზე გათვლილი, ციხეებში პატიმრებს აღარ სცემენ და აღარ აწამებენ, ამიტომ ამ ცილისწამებას ვერ მივიღებ. სამწუხაროდ, ციხეებში ჯერ კიდევ რჩებიან მაყურებლები, თუმცა, მათი გავლენა ბევრად შემცირებულია, დღევანდელი ციხეები განტვირთულია, ხორციელდება  ინფრასტრუქტურული პროექტები, ვმუშაობთ  პატიმრების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე. ის პატიმრები, რომლებიც ვადაზე ადრე გავათავისუფლეთ, არცერთი არ დაბრუნებულა უკან, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების 20% ციხეში დაბრუნდა.

 

 

ნინო ანდრიაშვილი (ადამიანის  უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი):

 

- წამების მსხვერპლთან დაკავშირებით ბევრი გამოუძიებელი ფაქტია, ხშირად კონკრეტული პირები ითხოვენ მათი საქმეების გამოძიებას, პროკურატურა კი ძალიან დიდ დროს უთმობს გამოძიების საკითხს და, ფაქტობრივად, მათი საქმეები გამოუძიებელია.

 

მოუგვარებელია დევნილთა პრობლემები, ისინი მოითხოვენ  სოციალურ დაცვას და საბინაო პრობლემების გადაწყვეტას. ასევე დაუცველი არიან რელიგიური უმცირესობები, პრობლემად  რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ამიტომ საჭიროა კანონის ლიბერალიზაცია.

 

 

გიორგი თევზაძე (უფლებადამცველი):

 

-  მოვითხოვ, შეიქმნას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ამ კომისიის შექმნა შეეჩერებინა? სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ამის გამო, ციხეებში ასობით პატიმარი შიმშილობს და საჭიროა,  სრულად ამოქმედდეს კომისიის მუშაობა, რომლებიც უკანონო პატიმრებს გაათავისუფლებს. ასევე  მოვითხოვთ ადვოკატების უფლებების გაზრდას, დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდნენ, სხვა შემთხვევაში დაზარალდება ისევ საზოგადოება.

 

ინგა ბერიკაშვილი (ადვოკატი):

 

- ვარ პატიმარ ქართველიშვილის ადვოკატი, რომელმაც გადმომცა ინფორმაცია, რომ სასტიკად ნაცემია  პატიმარი მირზა გირგმელიანი, ხოლო მისი ძმა ბაჩო ისე აწამეს, რომ ხერხემალი აქვს დაზიანებული. პატიმრების უმეტესობა იმიტომ შიმშილობს, რომ მათ სცემენ, ეს სრული სიმართლეა. 

 

საზოგდოებას ჯერ კიდევ აქვს უსამართლობის განცდა, რადგანაც ციხეებში კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრები, პატიმრებს კვლავ სცემენ და არასათანადოდ ექცევიან, ძალიან ბევრ შემთხვევაში ისინი გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.

 

დევნილები და  მიუსაფარი ადამიანები კვლავ უსახლკაროდ არიან, მოუგვარებელია  სოციალური  და ჯანდაცვის პრობლემები, 22 ათასზე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა და 300 ათასი კი არასათანადო პირობებში ცხოვრობს. კვლავ მოუგვარებელია ქუჩის ბავშვების პრობლემა, მესაკუთრეების 50%-ს ჩამორთმეული აქვს  ქონება, რომლის დაბრუნებაზე საუბარიც  არ არის, ადამიანებს კვლავ აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ  ადამიანის უფლებები შელახულია და ისინი  კვლავ დაუცველი რჩებიან, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მიღწეულით ამაყობენ.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია