დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის რეფორმა ფართო მსჯელობის საგანია
სულ ნანახია 1890
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

თვითმმართველობის რეფორმა ფართო მსჯელობის საგანია

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განცხადება თვითმმართველობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით

 

„ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე.  ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი.

ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული.

ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში“, - აღნიშნულია უწმინდესის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით

 

 

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.

 

ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია ძლიერი თვითმმართველობა, სადაც მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით, არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად ახორციელებენ ამ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით.

 

ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებულ „ფასადური“ თვითმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა.

 

მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გარკვეული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების მიმართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუღებლად მივიჩნევთ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას, მით უმეტეს იქ, სადაც, მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან, არამედ, ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას.

 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე:

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების მთავარ გარანტორს, არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას და არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი;

 

ნუ გადაუხვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს და უზრუნველყონ უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სადაც, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი პასუხისმგებლობით, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევითი ორგანოების და თანამდებობის პირების საშუალებით, თვითმმართველობაში მონაწილეობის ეფექტური ფორმების გამოყენებით განახორციელონ საკუთარი უფლებები, ხოლო რეგიონალურ დონეზე, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, აკონტროლონ მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები.


1. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC);

2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

3. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

4. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF);

5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

6. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI);

7. ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“; 8. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელი;

9. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; 10. სათემო განვითარების ცენტრი;

11. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI);

12. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC);

13. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); 14. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

15. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი; 16. მწვანე ალტერნატივა;

17. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG);

18. ფონდი „ლიბერალური აკადემია თბილისი“; 19. საზოგადოებრივი დამცველი;

20. მწვანე კავკასია; 21. გორის საინფორმაციო ცენტრი;

22. ფონდი „ტასო“; 23. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო“;

24. დემოკრატ მესხთა კავშირი.

 

 

 

 


„საზეა მოქალაქეების სეგრეგაციული აღქმა“


არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს, არ შეაჩერონ. მათი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში სეპარატიზმი და ქვეყნის დაქუცმაცებაა მოსალოდნელი, უსაფუძვლოა და ამით გარკვეული პირები არიან დაინტერესებული.

 

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი მიიჩნევს, რომ სეპარატიზმის საფრთხეზე საუბარი არგუმენტების გარეშე დიდი ხანია მიმდინარეობს:

 

„როცა რაღაც თეორიას ავრცელებ, მას საფუძველი უნდა ჰქონდეს, ან კონკრეტული ფაქტები უნდა არსებობდეს. რეალურად, დღეს რასაც ვუყურებთ, რეგიონებში ამის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ არგუმენტებს იტყვიან, მაშინ შესაძლოა, კიდევ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ზოგადად ის, რომ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ეს გასაგებია და სხვა საკითხია. წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. ხელისუფლების მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯები და საინტეგრაციო პროექტები განხორციელდა. რეალურმა თვითმმართველობამ, სადაც კი სეპარატიზმის საფრთხე იდგა, ეს საკითხი მეორე პლანზე გადაწია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი იქნება, ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდნენ, საქმის კეთების საშუალებას მისცემს და სეპარატიზმის სურვილს არ გააღვივებს. დღეს რეგიონებში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა ეთნიკურში გადაჰყავთ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემაა, რადგან არსებობს ენობრივი ბარიერი. მივცეთ ამ ადამიანებს იმის საშუალება, რომ საკუთარი სოფლის გზა, ბაღი, სკოლა ან ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი თავადვე მოაგვარონ და გარწმუნებთ, რომ არანაირი სეპარატიზმის საფუძველი აღარ დარჩება. ეს საშუალება უნდა მივცეთ. აბა, რა ვუყოთ ეთნიკურად დასახლებულ რაიონებს, ღობე შემოვავლოთ? თუ ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში რომ იცხოვროთ, თქვენგან მუდმივად საფრთხე გვაქვს და ქვეყნიდან წადითო. სტატისტიკურ მონაცემებს გეტყვით: ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა; ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ინტეგრაციის პროცესში; დადიან სახელმწიფო ენის შესწავლის კურსებზე; ყველა ცდილობს ქართულ სკოლებში მიიყვანონ ბავშვები და ინტეგრირება მოხდეს, მაგრამ თუ მაინც არ ვენდობით მათ, მაშინ ეს გულწრფელად უნდა ვუთხრათ. სეპარატიზმის საფრთხეზე ერთხელ და ორჯერ არ თქმულა, როცა მიწის რეფორმა განხორციელდა და მიწები საკუთრებაში გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ერთი ამბები იყო - წაიღებენ სომხები და აზერბაიჯანელები ამ მიწასო, სად უნდა წავიღოთ? ის არგუმენტი, რომ ეთნიკური ნიშანი უკვე საფრთხეს ქმნის, აბსურდია. მაშინ ეს ადამიანები არც ჯარში გავუშვათ, არც ძალოვან და ადგილობრივ სტრუქტურებში მუშაობის უფლება მივცეთ,“ - აცხადებს ხალილოვი.

 

მისივე თქმით, „როცა ჩვენ კოდექსის ცალკეული თავების გაუმჯობესებაზე უნდა ვზრუნავდეთ, დღეს უკვე საუბარი იმაზე მიდის, გვჭირდება თუ არა საქართველოში თვითმმართველობა“.

 

„რაც შეეხება რეფორმას, ამაზე საუბარი 90-იანი წლებიდან მიდის და ყველა თანხმდება, რომ თვითმმართველობა ქვეყნისთვის საჭიროა, მაგრამ რა ფორმით და როგორ განხორციელდება ეს რეფორმა, ეს სხვა საკითხია. ჩემთვის ამ კოდექსში ბევრი საკითხი ღიაა და რამდენიმეზე კიდევ მიდის დისკუსია. მზად ვართ იყოს ადეკვატური დებატები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი და სხვადასხვა ინსტიტუციები ჩაერთოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, ნამდვილად იყო გამჭვირვალე პროცესი, რეგიონებშიც გაიმართა შეხვედრები, მაგრამ სეპარატიზმზე საუბარმა სიტუაცია შეცვალა. რაც შეეხება ჩვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს, ეს უკვე დაიდო და ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რამდენად გაითვალისწინებს. ერთ-ერთი საკითხი გუბერნატორის ინსტიტუტია. ჩემთვის ის უფრო მისაღები იქნებოდა, რომ გუბერნატორი არჩევითი ყოფილიყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს მიერ არჩეული, რაც მეტად დამოუკიდებელ თვითმმართველობას შექმნიდა. ამასთან, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მათ შორის, ფინანსური და ადამიანური რესურსები. ეს ყველაფერი უნდა გაითვალოს და შემდეგ დაიწყოს რეფორმა. ჩვენ ვხვდებით, რომ ამ საკითხის ფორსირება არ შეიძლება,“ - აცხადებს ხალილოვი.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი, ზაურ ხალილოვის მსგავსად, აღნიშნავს, რომ სეპარატიზმის საფრთხეებზე საუბარი არარეალურია და ამით კონკრეტული ჯგუფები არიან დაინტერესებული.

 

„კონკრეტულად სეპარატიზმთან დაკავშირებით, ერთი კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ და მთავრობამ ამაზე მიპასუხოს. თუ მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ ასოცირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ჩვენ ცალი ფეხით ევროპაში ვართ და ეს საკმაოდ სერიოზული ბერკეტია იმისთვის, რომ ოსებმა და აფხაზებმა აქეთ გადმოიხედონ, ჩვენს ნავში ჩასხდნენ, რატომ ფიქრობენ იმას, რომ სხვა ეთნიკურ უმცირესობებს გაუჩნდებათ სურვილი (რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უკანასკნელი 23 წლის მანძილზე სამჯერ ჰქონდა სეპარატიზაციის საშუალება), მაინცდამაინც ახლა დაადგნენ ამ გზას?! იმ ხალხს შეეკითხონ, რა უნდათ, საბაჟო პერიფერიაზე ცხოვრება თუ ევროპაში შესვლა? რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი იქნება. მერეც, არანაირი სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს რეგიონებში, იმის გამო, რომ ასე მოაზროვნე ხალხი არ არის, ყველა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ცხოვრობს, ამასთან, არცერთი ჩვენი მეზობლის ინტერესებში, რომელსაც შეუძლია დისონანსი შეიტანოს ქართულ რეალობაში, სეპარატიზაცია არ შედის, რომ ამისთვის ძალები დააფინანსონ. კიდეც რომ მოუნდეთ, ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ, ძალიან მიკვირს როცა ხელისუფლება ამაზე საუბრობს. ამასთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-ს მართლაც ორი შენიშვნა ჰქონდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ეთნიკურად არაქართული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებისთვის „ზედმეტი“ უფლებების მინიჭებას ეხებოდა. ამაში იგულისხმებოდა ის, რომ სეპარატიზმის საფრთხე არსებობს. თუმცა სხვა რეგიონების უმრავლესობასთან მიმართებაში ეს არგუმენტი მიზეზად არ იყო ნახსენები. სახეზეა მოქალაქეების სეგრეგაციული აღქმა. ეს ჩვენი რეალობაა და ამას ბევრი არგუმენტით ვეწინააღმდეგები. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, შსს-ში სააკაშვილის ძველი კადრებია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც საუბრობდნენ ამაზე, მაგრამ მაშინ გარკვეული საფრთხეები არსებობდა. შემდეგ, როცა ყველა პროცესი თავის თავზე მოირგეს და ყველაფრის გაკონტროლება დაიწყეს, საფრთხე აღარ ყოფილა. ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანებს პირადი ინტერესი აქვთ. ეჭვი მაქვს და ეს ინფორმაციები უნდა გადავამოწმო, ამიტომ, ჯერჯერობით, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისინი დღესაც აკონტროლებენ ამ რეგიონებში სიტუაციას, ისე არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც ახერხებენ კონტროლს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ პირადი ინტერესები აქვთ,“ - აცხადებს სტეპანიანი.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება თავად რეფორმას, მისი განხორციელების შემთხვევაში, „ადამიანებს ნამდვილად ექნებათ იმის საშუალება, რომ თავიანთი სოფლის პრობლემა ადგილზე გადაწყვიტონ და არა თბილისში“: „მთავარი ამ ეტაპზე სწორედ ეს არის. ეს ბაზა თუ შეიქმნა და პრეცედენტი დავუშვით, რომ სეპარატიზმის საფრთხე არ არის, შემდეგ ყველა ერთად შევძლებთ სხვა საკითხებზე საუბარს. ზოგადად, რეფორმაზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი კანონპროექტი დაიწერა, პოლონური მოდელისგან მაინც შორს ვართ. კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ნამდვილი თვითმმართველობა გვქონდეს, ეს არის რაღაც შუალედური ვარიანტი, თუმცა ესეც კარგია,“ - აცხადებს სტეპანიანი.

 

 

მოამზადა საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრმა (GMMC), ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის მოსაზრებებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია