დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ თქვეს უარი „პატრიოტობაზე“ ყოფილმა ქუთაისელმა „ნაციონალებმა“?
რატომ თქვეს უარი „პატრიოტობაზე“ ყოფილმა ქუთაისელმა „ნაციონალებმა“?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2181
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს ყველაზე დიდი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთიანობა დაიშალა. გასულ კვირას ფრაქციას 5 დეპუტატი გამოაკლდა. „პატრიოტობაზე“ უარი ყოფილმა  „ნაციონალებმა“ მარტივი მიზეზის  პარტიასა და ფრაქციას შორის კოორდინაციის არარსებობის გამო თქვეს.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ ქუთაისის საკრებულოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ჩამოყალიბდა. იგი, მისივე წევრებით დაკომპლექტებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობაში პროცესების უპირობო მოკარნახე ბოლო რვა თვის განმავლობაში იყო. გასულ კვირას მომხდარი ცვლილებების შემდეგ კი  „პატრიოტების“ ბერკეტები შესაძლოა, შესუსტდეს, რადგან 5 დეპუტატის მიერ ფრაქციის დატოვებასთან ერთად, პოსტი დატოვა საკრებულოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ, რომელიც აცხადებს, რომ კომისია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს და მის უმრავლესობაში „პატრიოტები“ არ უნდა მოხვდნენ.

 

ხმაურიანი პროცესები გასულ კვირას ფრაქციიდან 5 დეპუტატის: მერაბ მეშველიანის, ლევან კირკიტაძის, ირინე ივანეიშვილის, გიორგი შავგულიძის და სერგო ლექვინაძის გასვლით დაიწყო.

 

ყოფილმა „პატრიოტებმა“ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათი პარტიული ლიდერი, დავით თარხან მოურავი, დეპუტატებს სახელებით და გვარებითაც კი არ იცნობდა და ისიც არ იცოდა, რამდენი წევრი იყო ფრაქციაში. უფრაქციოდ დარჩენილი დეპუტატის, მერაბ მეშველიანის განცხადებით, სწორედ კოორდინაციის არარსებობა და პარტიის გაუგებარი პოლიტიკური კურსი იყო მთავარი მიზეზი მის მიერ გუნდის დატოვების. 

თუმცა, საკრებულოს ყველაზე დიდი ფრაქციის დაშლას ყველაზე შთამბეჭდავი  ფონი არა ყოფილმა „პატრიოტებმა“, არამედ იმ დეპუტატებმა შეუქმნეს, რომლებიც ფრაქციაში დარჩნენ. 5 დეპუტატის მიერ „პატრიოტობაზე“ უარის თქმამდე რამდენიმე საათით ადრე  მოქმედმა „პატრიოტებმა“ განაცხადეს, რომ იმერეთის უშიშროების სამსახურში ფრაქციის წევრებს იბარებენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

კახა ნემსიწვერიძე, გოგიტა გოგელაშვილი და ტარიელ მესხი ირწმუნებოდნენ, რომ უშიშროება დეპუტატებს ფრაქციიდან წასვლას აიძულებდა.

 

„ჩვენ სხდომა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ ვინმე ვერ გაუძლებდა   ზეწოლას,    შეეძლო     წასულიყო,“ განაცხადა მესხმა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში უშიშროების უხეში ჩარევა  მკაცრად გააკრიტიკა ნემსიწვერიძემ და განაცხადა, რომ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას ადგას, ძალოვანი სტრუქტურები არ უნდა წყვეტდნენ დეპუტატების პოლიტიკურ მომავალს.

 

„ვინც გაუძლო ზეწოლას, თქვენც ხედავთ, აქ არიან, ვინც ვერა გავიდნენ ფრაქციიდან,“ –   განაცხადა   პარტია   „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა გოჩა თევდორაძემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც მან ფრაქციაში დარჩენილი დეპუტატები დემონსტრაციულად წარუდგინა  მედიას.

 

თევდორაძემ ბრიფინგზე კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მისი თქმით, დაშინების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის, ირაკლი მელაშვილის, დავალებით მოქმედებდა.

 

უშიშროებაში პოლიტიკური „კონსულტაციების“ გავლას კატეგორიულად გამორიცხავენ თავად უფრაქციო დეპუტატები. მათი თქმით, ყოფილმა თანაგუნდელებმა ცრუ ბრალდება მიმდინარე პროცესების გადაფარვის მიზნით მოიგონეს. მიმდინარე პროცესებში კი დეპუტატები თვეების წინ  ხელოვნურად შექმნილი ფრაქციის დაშლის ბუნებრივ პროცესს გულისხმობენ და აცხადებენ, რომ  უახლოეს მომავალში ფრაქცია შესაძლოა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

 

 

***

 

ფრაქციიდან დეპუტატების გასვლას, იძულებითი ერთიანობის დაშლის პირველ ნაბიჯებად აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძე, რომელმაც საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკვე დატოვა, აცხადებს, რომ მისი ნაბიჯი გოჩა თევდორაძის კულუარული მმართველობის  დაშლის გაგრძელებაა.

 

„გოჩა თევდორაძე იქცა რუხ კარდინალად. მან თვეების წინ მარტივად დაარწმუნა რამდენიმე დეპუტატი იმაში, რომ ის იყო ერთადერთი, ვის გარეშეც ქალაქი ვერ იმართებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ახლა, როცა გაიმართა სამთავრობო სტრუქტურები, ქალაქში მოვიდა ახალი მერი, ყველა მიხვდა, რომ კულუარული მმართველობა უნდა დასრულდეს. ყველაფერს, რაც გოჩას კულუარულ პოლიტიკასთან ასოცირდება, უნდა გავერიდოთ,“ - მიაჩნია მამუკა მღვდელაძეს, რომელიც აცხადებს, რომ გოჩა თევდორაძესთან ურთიერთობით ყველაზე მეტად თავად დაზარალდა, თუმცა, იმ დროს ასე იყო საჭირო.

 

„განრიდებული“ მამუკა მღვდელაძე, რომელსაც თევდორაძის გუნდთან თანამშრომლობის გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ, ახლა უკვე  მისივე შეფასებით „რუხი კარდინალის“ წინააღმდეგ მებრძოლ მთავარ ძალად იქცა და თევდორაძის წინააღმდეგ იმ არასამთავრობოთა გახშირებულ პროტესტს შეუერთდა, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებისთვის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული იბრძვის.

 

თავად გოჩა თევდორაძისთვის არც არასამთავრობოები და არც ფრაქციიდან გასული დეპუტატები ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პირადი კეთილდღეობის მიღებით  დაინტერესებული რამდენიმე ადამიანი მართავს, ფრაქციიდან გასული დეპუტატების პოლიტიკური წონა კი გაცილებით მცირეა, ვიდრე მთელი „პატრიოტთა ალიანსისა“.

 

მისი თქმით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ არ დაიშლება და ის გააგრძელებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, თუმცა კულუარებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ, შესაძლოა, „განრიდების“ პოლიტიკის შედეგად  თავად „ოცნებამ“ თქვას უარი „პატრიოტებთან“ თანამშრომლობაზე  და უფრაქციო დეპუტატებთან ერთად ახალი უმრავლესობა შექმნას. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უფრაქციოდ დარჩენილ დეპუტატთა ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს არ მალავს და ღიად აცხადებს, რომ, შესაძლოა,  „ქართულ ოცნებას“ შეუერთდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია