დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მბრუნავი კარის“ პრინციპით ნაშოვნი მილიონები
„მბრუნავი კარის“ პრინციპით ნაშოვნი მილიონები
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2294
ავტორი:
მარიამ პატარაია

რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოსთვის ბიზნესმენი პოლიტიკოსი ან პირიქით - პოლიტიკოსი ბიზნესმენი? და რას ნიშნავს „მბრუნავი კარის“ პრინციპი?

 

ბიზნესიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ბიზნესში პოლიტიკოსთა  გადაადგილებებისას, თანმხლებ საფრთხეებთან დაკავშირებით,  არასამთავრობო  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჩატარებული კვლევის შედეგები თბილისის შემდეგ ქუთაისში წარმოადგინა.

 

მომხსენებელთა თქმით, „მბრუნავი კარის“ პროცესი პრობლემად იქცევა მაშინ, როცა ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთ მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ. ასევე მაშინ, როცა ბიზნესში მყოფი ყოფილი თანამდებობის პირები ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტებისა და გავლენის წყალობით, თავიანთ კომპანიებს ბაზარზე უსამართლო უპირატესობის მოპოვებაში ეხმარებიან.

 

კვლევის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ  ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, „მბრუნავი კარის“ საფრთხეებს შეიცავდეს, ქართულ რეალობაში საკმაოდ ბევრია. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტში არაერთი ბიზნესმენია წარმოდგენილი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ წევრს პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ბიზნესთან.

 

კვლევის შედეგად ახალ ხელისუფლებაში „მბრუნავი კარის“ ყველაზე მასშტაბური ფაქტი ენერგეტიკის სამინისტროში გამოვლინდა.  როგორც ცნობილია  მინისტრს კახა კალაძეს თანამდებობაზე დანიშვნამდე პირდაპირი კავშირი ჰქონდა ენერგეტიკის სექტორში მოქმედ რამდენიმე კომპანიასთან. ამასთანავე იმავე სამინისტროში ამ დრომდე მუშაობს მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც 2011 წელს შპს „ტოტ ენერჯის“ დირექტორი იყო, რაც კვლევის ორგანიზატორთა თქმით, კანონდარღვევაა.

 

კანონდარღვევის ფაქტები იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. მაგალითად თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ბიზნეს კომპანიები 2012 წლამდე თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ საქართველოს სატელევიზიო ბაზარს. ამის შედეგი იყო ის, რომ  იმ წლებში  ტელეკომპანია „იმედმა“ ორჯერ ისარგებლა საგადასახადო ამნისტიით.

 

როგორც ირკვევა „მბრუნავი კარის“ პრინციპით ყოფილი ბიზნესმენები პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად კანონების მიღებასაც კი ახერხებდნენ. მაგალითად, 2012 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კომპანიებს გარემოზე ზიანის მიყენებისგან პასუხისმგებლობის არიდებას ითვალისწინებდა, რაც თავის მხრივ, დეპუტატ კობა ნაყოფიას ბიზნესინტერესებზე იყო მორგებული.

 

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გამოვკითხეთ ადამიანები, არის თუ არა მათ ირგვლივ კორუფცია? როგორც გამოიკვეთა, მთავარი პრობლემა და კორუფციის ერთ-ერთი წყარო  არის  სწორედ ე.წ. „მბრუნავი  კარი“, რომლის დროსაც ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც ბიზნესში გადავიდა, იყენებს თავისი ბიზნესის ლობირებისთვის პოლიტიკაში მიღებულ პრივილეგიებს და პირიქით, პოლიტიკის ლობირებისთვის იყენებენ ბიზნესს, როცა ბიზნესიდან გადადიან პოლიტიკაში. ჩვენი კვლევის მიზანი იყო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და გარკვეული რეკომენდაციების მიწოდებაც სახელმწიფოსთვის,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის იურისტი თეონა ზაქარაშვილი.

 

კვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

 

კერძოდ: უნდა გამოსწორდეს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და უნდა განისაზღვროს, თუ რომელი უწყებები არიან ვალდებული, უზრუნველყონ თანამდებობის პირთა მიერ სხვადასხვა სამართლებრივი ნორმის დაცვა.

 

ამასთანავე, ცვლილებები უნდა შევიდეს ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში, უნდა გაფართოვდეს ის წრე, ვისაც მოეთხოვება ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა.

მათივე აზრით, აუცილებელია, ტარდებოდეს მონიტორინგი ყოფილი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე, მათი პოსტიდან წასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია