დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა კორუფციული გარიგება დგას სკვერების გასხვისების უკან?
რა კორუფციული გარიგება დგას სკვერების გასხვისების უკან?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2419
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისში ერთ თვეში აუქციონის გარეშე, აღნაგობის უფლებით,  24 სკვერი გასხვისდა

 

 

მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის მერიამ ქალაქში მდებარე 24 სკვერი 25 წლიანი აღნაგობის უფლებით გაასხვისა. აღსანიშნავია, რომ სკვერების გასხვისება არ მომხდარა აუქციონის წესით და მოსარგებლეებმა ფართები 5 წლით პირდაპირი აღნაგობის უფლებით მიიღეს.

 

 

სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემის უკან კორუფციულ გარიგებას ხედავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, სკვერების გასხვისებით ფულს ისევ მერიასთან დაახლოებული პირები შოულობენ. უფრო მეტიც, წულაია ასევე აღნიშნავს, ამ უკანონო გასხვისების შესახებ ინფორმირებულია პროკურატურა და უშიშროება.

 

„ეს არის ქალაქის საკუთრებაში არსებული სკვერების, სადაც შეიძლება ხე დაირგას და გალამაზდეს, უკანონოდ გასხვისება. არ ჩატარებულა აუქციონი,  ასობით კვადრატული მიწა წლიურად მიზერულ თანხებად არის გასხვისებული. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილია  მუხლი, რომლის მიხედვითაც 25 წლის შემდეგ, თუკი აღნაგობის უფლებით მოსარგებლეს სკვერში რაიმე შენობა ექნება აშენებული, მერია იძულებულია, ეს შენობა იმ დროისთვის არსებული საბაზრო ღირებულებით გამოისყიდოს. გამოდის, რომ პირი, რომელიც სკვერში წლების განმავლობაში ტონობით ფულს შოულოს, 25 წლის შემდეგ კვლავ მერიისგან მიიღებს ფულს. აქამდე ხომ ჩვენ გვძარცვავდნენ, ახლა ისე, გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ ჩვენს შვილებსაც გაძარცვავენ. ეს არის ბიუჯეტის განიავების კიდევ ერთი ფაქტი,“   აღნიშნავს წულაია.

 

რეალურად რა პირობებით არის სკვერები გასხვისებული, ამის დადგენას მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურში შევეცადეთ.

 

როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯემალ გოგრიჭიანმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა,  სკვერები არავითარი გამოსყიდვის პირობით არ არის გასხვისებული. თუმცა, ჩვენს მოთხოვნაზე, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა მკითხველისთვის გასაგები ენით განემარტა, გოგრიჭიანმა აღნიშნა, რომ მათ ხელშეკრულებაში ჩაწერილი მუხლები თვითმმართველობის შესახებ არსებული კანონმდებლობიდან გამოიყენეს და რომ მათ ჰაერზე არაფერი მოუგონებიათ. ხოლო შენიშვნაზე, ადამიანური ენით განემარტა, რას გულისხმობდა კანონი, აღნიშნა, რომ ის იურისტი არ არის და კანონს ამ დონეზე არ იცნობს.

 

გოგრიჭიანმა ვერც იმაზე მოგვცა პასუხი, რა მოხდება 25 წლის შემდეგ, როდესაც აღნაგობის უფლებას ვადა გაუვა.

 

„თქვენ ახლა ნოსტრადამუსობა დამაწყებინეთ, რა ვიცი, რა მოხდება 25 წლის შემდეგ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტით მერიას შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, მეაღნაგეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება არსებული შენობის სავარაუდო ვადით, რომელზეც დასკვნას ექსპერტი დადებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნაგობის უფლების მქონე პირი უარს იტყვის ვადის გაგრძელებაზე, მას ერთმევა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც,“ - აღნიშნა ჯემალ გოგრიჭიანმა.

რას გულისხმობს სინამდვილეში ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომლითაც წულაია მერიას ედავება და პუნქტი, რომლითაც მერიის წარმომადგენელი თავს დაზღვეულად გრძნობს, შემდეგნაირად გამოიყურება.

 

მუხლი 5.2. აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში მესაკუთრემ აღნაგობის მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისთვის. სათანადო ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს ნაგებობის ღირებულების 2/3-ს მაინც.

 

მუხლი 5.3. მესაკუთრეს შეუძლია, ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების მქონეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ აღნაგობის მქონე უარს იტყვის ამ გაგრძელებაზე, მაშინ იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

რას გულისხმობს რეალურად ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები, ამის დადგენას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროს ირაკლი გიორგაძესთან შევეცადეთ. გიორგაძის განმარტებით მერია ვალდებულია, აღნაგობის უფლებით გაცემულ ფართზე აგებული შენობა ღირებულების გათვალისწინებით გამოისყიდოს.

 

„ვადის გასვლის შემდეგ, მესაკუთრე ვალდებული არის აღნაგობის მქონე პირს აუნაზღაუროს აშენებული ქონება-ნაგებობის ღირებულება, გათვალისწინებით ცვეთისა და ა.შ. თუკი არ აუნაზღაურებს, მაშინ უნდა გაუგრძელოს ხელშეკრულება იმ ვადით, რა ვადითაც იარსებებს ეს შენობა-ნაგებობა. თუკი აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ვადების გაგრძელებაზე, მაშინ მას ჩამოერთმევა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მოგებული არ რჩება მხოლოდ აღნაგობის მქონე, რადგან ხელშეკრულებით თვითმმართველობას ყოველწლიურად აღნაგობის ქირა შემოდის, ეს ქირა გაიზრდება მიწის საბაზრო ღირებულების შესაბამისად,“ - აღნიშნა ირაკლი გიორგაძემ.

როგორც გასხვისებულ სკვერებზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, აღნაგობის უფლების მქონეს შესაძლებლობა აქვს, 25 წლის შემდეგ, აღებული ფართი კვლავ აღნაგობის უფლებით დაიტოვოს, რისთვისაც ექსპერტის დასკვნა იქნება საკმარისი, რომ შენობას 25 წლის შემდეგაც აქვს ექსპლუატაციის უფლება.

 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, გაერკვია, რა თანხას იხდიან ინდმეწარმეები ქალაქში არსებულ ბაზრობებზე ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე. აღმოჩნდა, რომ კვადრატულ მეტრზე დღიურად ინდმეწარმეების ყველაზე მცირე გადასახადი 5 ლარია, რაც წლიურად 1800 ლარს შეადგენს. ამ დროს კი ქუთაისის საკუთრებაში ასრებულ 303.0 მ2  აღნაგობის უფლების მქონე მერიას წლიურად მხოლოდ 1515 ლარს უხდის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია