დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სკამებზე ჩაძინებული ბავშვები და გადატვირთული ბაღები
სკამებზე ჩაძინებული ბავშვები და გადატვირთული ბაღები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 7601
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის ბაღების აიპი გაერთიანების ხელმ’ღვანელი ბაღების დამატებას ითხოვს

 

 

სკოლამდელ დაწესებულებაში გადასახადის გაუქმება საბავშვო ბაღებში ბავშვთა ნაკადის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

 

 

ქუთაისში მოქმედ 35 სახელმწიფო ბაღში (289 ოთახში) ამ დროისთვის 9400-მდე ბავშვია რეგისტრირებული. კანონმდებლობით, ოთახში 30-ზე მეტი ბავშვის გაჩერება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ფართების არარსებობის გამო, ქუთაისში მოქმედ თითქმის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულ ნორმაზე მეტი ბავშვი იმყოფება.  ოთახების  დამატება საძინებლების ხარჯზე მოხდა, რის გამოც 4 წლამდე ბავშვებიც კი მთელი დღის განმავლობაში ბაღში დაძინებას ვერ ახერხებენ, რაც მათ ნერვიულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

იმ ფაქტს, რომ უძილობა ბავშვებისთვის არაა სასარგებლო, ადასტურებს ფსიქოლოგი ლიკა მხატვარი. ფსიქოლოგის განცხადებით,  აუცილებელია, ყველა ბაღში ბავშვების რაოდენობის შესაბამისად იყოს საწოლები. გადაღლის შემთხვევაში ვერგამოძინება, განსაკუთრებით 5 წლამდე ბავშვებში, ნერვიულ სისტემაზე ცუდად აისახება, რაც მათ გაღიზიანებას და რეჟიმის დარღვევას იწვევს.

 

„არ მინდა ბაღში წასვლა, რადგან როცა მეძინება, იქ ვერ ვიძინებ“ - დაიწუწუნა ბაღიდან დაბრუნებულმა 4 წლის ქეთიმ. 5 წლის მარის თქმით კი, მასწავლებელი მათ იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე აძინებს.

 

„კი არი ლოგინები, მაგრამ გვეუბნება, რომ „პოლზე“ დაგებულ ნოხზე დაწექითო“ - აღნიშნავს 5 წლის ბავშვი. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას მშობლებთან შევეცადეთ.

 

ნინო ქაშაკაშვილი (მშობელი): „მშობლებმა სახელმწიფო ბაღებში იმიტომ მიიყვანეს ბავშვები, რომ უფასოა, მაგრამ თუკი ბავშვების გაძლება შეუძლებელი იქნება, არ ეღირება ბაღში სიარული. არადა, კერძო ბაღის ფული ნამდვილად არ აქვს ყველას. ელემენტარული, 4-5 წლის ბავშვს უნდა აძინებდნენ ბაღში, რომ ნერვული სისტემა მოწესრიგებული ჰქონდეს, თორემ მთელი დღე გაძლებაზე რომ იქნება ბავშვი, ჩემი აზრით,  ეს ნამდვილად დანაშაულია და სახელმწიფომ ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს.  კარგია გადასახადის გაუქმება, მაგრამ მთავარია, ბავშვების მოვლას როგორ უზრუნველყოფენ?“

 

მარიამ იაკობიძე (მშობელი): „საშინელი მდგომარეობაა, პატარა ოთახში 35-ზე მეტი ბავშვი იმყოფება. წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში ზიან, ადგილიც კი არ არის, რომ ითამაშონ. ხშირად სკამებზე და მაგიდებზე თავჩამოდებულებს სძინავთ. ბავშვი რომ გამომყავს ბაღიდან, სახეზე ხელები ახატია. ეტყობა, ცოტა რომ მოისვენოს, ხელი უდევს თავქვეშ. ამის გამო, როდესაც ბაღიდან მოდის ყოველთვის საშინლად გაღიზიანებულია.  მასწავლებლები ამ შემთხვევაში ვერაფერს გახდებიან. თუკი არ იქნება საწოლები, მასწავლებლები ბავშვებს როგორ დააძინებენ? იმედია, გამოსწორდება მდგომარეობა, თორემ ასე ბავშვები დაავადდებიან. მაგალითად, ჩემს შვილს ბაღში წასვლა იმის გამო შეძულდა, რომ ვერ იძინებს და ვერ ისვენებს“.

 

ხათუნა იობიძე (მშობელი): „კატორღასავით“ არის ბავშვებისთვის ბაღი, წარმოგიდგენიათ 40 ბავშვი რომ იქნება ერთ ოთახში, ჟანგბადიც ხომ უნდათ? ამის გამო გასანიავებლად მასწავლებლები ფანჯრებს აღებენ, ამ დროს კი ბავშვები ცივდებიან. მეორეც წარმოიდგინეთ, მასწავლებლისთვისაც რა რთულია 35 ბავშვის დაწყნარება და მათთვის ყურადღების მიქცევა, ამიტომ ბაღი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება კი არა, ბავშვებისთვის გაუსაძლის ადგილად იქცევა. მეცოდება, ჩემ შვილს ამ მდგომარეობაში რომ ვუშვებ, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის. კარგია, უფასო რომ გახდა, მაგრამ ეს ბავშვების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. კარგი იქნება, თუკი ქალაქის ხელმძღვანელობა ამაზე იფიქრებს.“

 

ბავშვთა გაზრდილი ნაკადისა და არასაკმარის ადგილებზე საუბრობენ ბაგა-ბაღების ფილიალების უფროსები და პედაგოგები. როგორც მათ აღნიშნეს, მიმდინარე წელს ბავშვთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, რის გამოც საკლასო ოთახებში დაშვებულ ნორმაზე მეტი ბავშვის გაჩერება უხდებათ.

 

ბაღების დამატების აუცილებლობაზე საუბრობს ქუთაისის ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქალაქში სამი ბაღის დამატება  სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რის გამოც ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

„ნამდვილად არ არის საკმარისი ფართები, მინიმუმ სამი ბაღის დამატება აუცილებელია, ცოტა, რომ განიმუხტოს სიტუაცია. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ან ახალი შენობები აშენდეს ან ძველი შენობები დაუბრუნდეს ბაღებს. იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან ახალი ბაღები გვექნება. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

 

 რაც შეეხება ბავშვთა ნაკადს, წელს საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ეს წელს არ მომხდარა პირველად, ბოლო წლებში ბავშვების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში შეიცვლება“ - აღნიშნა ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელმა მაია პაქსაძემ.

 

არსებული მონაცემებით, ბაღების სიმცირის მხრივ, რთული მდგომარეობაა ავტოქარხანაში, ავანგარდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და ჭომაში.

 

ავანგარდის დასახლებაში, დაახლოებით, 10 000 ადამიანი ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  აქ ამ დროისთვის 500 ბავშვია რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში არსებულ მეორე საბავშვო ბაღში რამდენიმე წლის წინ დევნილები და სოციალურად დაუცველები შესახლდნენ. იგეგმება თუ არა შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის მინიჭება ან ახალი შენობის აშენება, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

***

არასაკმარის ფართებთან ერთად, ყურადღებას კვების საკითხიც იწვევს. შევეცადეთ, გაგვერკვია, გასულ წლებთან შედარებით, შეიცვალა თუ არა კვების მენიუ, რამდენად იმოქმედა გადასახადის გაუქმებამ, რამდენ ლარს ხარჯავს სახელმწიფო დღიურად თითო ბავშვზე, ასევე ბაღებში შესული პროდუქტი ვის მიერ გადის შემოწმებას და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის შეძენილი პროდუქცია?

 

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, საბავშვო ბაღებში კვების პროდუქციის შესატანად ტენდერი ცხადდება. გამარჯვებული კომპანიები კი კვირაში ერთხელ (გარდა პურისა) ლაბორატორიულად შემოწმებულ პროდუქციას აწვდიან ბაღებს. როგორც ბაღებში აღნიშნავენ, გადასახადის გაუქმებას კვების რეჟიმზე არ უმოქმედებია და ქუთაისის 35-ვე ბაღი ერთნაირი პროდუქციით მარაგდება და დღის მენიუც ყველგან ერთნაირია.

 

 

 

P.S.  ჩვენ ბაღების თემაზე მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ბაღებში არსებული პრობლემების დასაძლევად.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია