დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებენ
წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2238
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

სამინისტრო კი ბრალდებებს უარყოფს

წყალტუბოში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მათ მოტყუებასა და დაცინვაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამინისტროში, ახლადგარემონტებულ ბინებში გადასვლისას, მათ სულადობრივ რაოდენობას არ ითვალისწინებენ და 10 წევრიან ოჯახსაც კი სამოთახიან ბინებს სთავაზობენ. ფართების სიმცირის გამო რამდენიმე ოჯახმა შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადა, როგორც თავად აღნიშნავენ, მათ გაცილებით იმაზე ცუდ პირობებში გადასვლას სთავაზობენ, ვიდრე ახლა უწევთ ყოფნა.

სასტუმრო „თბილისის“ შენობაში ამჯერად აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ქალაქის განაპირას მცხოვრები, ყველასგან მივიწყებული დევნილები ამბობენ, რომ აღარავისი სჯერათ, რადგან მათი არსებობა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც თავად სჭირდებათ დევნილები.

იამზე ალასანია, აფხაზეთიდან დევნილი: „აღარავისი გვჯერა, იმედი გვქონდა, რომ ერთხელ მაინც ვეღირსებოდით საკუთარ ბინას და საკუთარ საწოლს, მაგრამ - ტყუილად. სასაცილო ფართები დაურიგეს მოსახლეობას. ექვსსულიან ოჯახს სამოთახიანი ბინა მისცეს. სამი ოთახი კიდევ კარგად ჟღერს, ეს ოთახები ისეთი მცირე ზომისაა, სამი-ოთხი ადამიანი რომ დაჯდეს, ადგილი აღარაა. ამ სამ ოთახში შედის მისაღებიც და სამზარეულოც. როგორ უნდა დაეტიოს ექვსი ადამიანი იქ?  სტუმარი ვერ მიუღია ადამიანს. 

 

საკუთარ შვილთან ვერ მივსულვარ იმის გამო, რომ დასაწოლი ადგილი არ აქვს. ესაა ცხოვრება? ხომ შეიძლება, ვინმე ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს. სუბელიანი იყო მოსული, სანამ მინისტრი იყო, მაგრამ დახმარების ნაცვლად - დაგვცინოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. სამწუხაროა, რომ არც ახლაა უკეთესობა. ან ეს სასტუმრო გაგვირემონტონ, ანდა, ნორმალურ ბინაში ერთად გადაგვიყვანონ. ამდენი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და აღარ გვინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.“

ნორა ჩალაძე, აფხაზეთიდან დევნილი: „დაგვცინიან დევნილებს, ის ფართები, რასაც ჩვენ გვაძლევენ, სასაცილოა. არ აინტერესებთ, როგორ იცხოვრებს მთელი ოჯახი ერთად, ამხელა სახლები დავტოვეთ და აქ ნორმალური ორი ოთახიც არ ემეტებათ. ერთი ადამიანი რომ მოკვდა და „ლედნიკი“ ესვენა, „კრუგი“ ვერ დავარტყით, ისეთი პატარა ოთახებია, გარედან ვუყურებდით მიცვალებულს. ისე გვიკეთებენ, რომ მონაცვლეობით დავიძინოთ. დედა, მამა, შვილები, ბებია და ბაბუა ერთად უნდა დაწვნენ? მოვიდნენ, გვკითხონ - ჩვენ რა გვინდა და იმის მიხედვით გადაწყვიტონ ჩვენი ბედი. რა საცხოვრებელია, აბანო რომ არ ექნება?“

ნინო, აფხაზეთიდან დევნილი: „რამდენი ხანია, ვითხოვთ ამ კითხვაზე პასუხს და ვერ მიგვიღია. სოციალური დახმარება ვისაც ენიშნება, რატომ ერთმევათ დევნილობის თანხა, რა, სოციალურად დაუცველი თუ ვარ, დევნილი აღარ ვარ, თუ რა გამოდის? რა შუაშია ერთი მეორესთან, სოციალური დახმარება ხომ იმიტომ მეძლევა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვცხოვრობ, ხოდა, თუ ასეა, იმ 22 ლარსაც რატომ მართმევენ? სუბელიანს რომ ვკითხეთ, სულ გაუზრდელები გვეძახა. სამინისტროსგან მოვითხოვთ, წარმოადგინონ საბუთები, დარიგებული ფართების დეკლარაცია რამდენ სულზე იყო შევსებული და რამდენ სულზე გაიცა? ახალი ბინა რომ მიიღო, აუცილებელია, მიხვიდე და განცხადება დაწერო. კარგი, ახალგაზრდა მივა, მაგრამ მარტოხელა მოხუცები, რომ არიან და მისვლას ვერ ახერხებენ, იმითთან თვითონ არ უნდა მოვიდნენ? მაგრამ საქმე ისაა, რომ არავის ვაინტერესებთ. არც სამინისტროში და არც ბიუროებში დევნილების მხარდამჭერი არავინ ზის, დევნილთა სამინისტრო დევნილების მტერია. ავჩალკებივით გვიბღვერენ იქიდან და ხმის ამოღების საშუალებას არ გვაძლევენ, აქაც ერთ ოთახში ვცხოვრობთ და იქაც თუ იგივე ფართები მოგვცეს, რა აზრი აქვს?! მიშას დროს იყო და, გვაიძულებდნენ - ან ფოცხოეწერში გადავსულიყავით საცხოვრებლად, ანდა ფოთში. ახლა ამ ვითომდა გაკეთებულ ბინებში გვიშვებენ. სველ კედლებში შეუშვეს და დააავადმყოფეს ხალხი. ომში დავკარგეთ: ახლობლები, სახლი, ჯანმრთელობა და ელემენტარული ყურადღების ღირსნი არ ვართ?“

ამ დროისათვის წყალტუბოს რაიონში დევნილებისათვის ორი ობიექტი გარემონტდა, ამათგან - ყოფილი სტატისტიკის შენობა 17 ოჯახზე და საავადმყოფოს შენობა 40 ოჯახზეა გათვლილი, სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში დამატებით 5 ობიექტის აშენება იგეგმება, თუმცა, დევნილთა განცხადებით, აღნიშნული ფართები საკმარისი არ არის და, სწორედ ამიტომ, ყველა ოჯახს შემცირებულ ფართებს ურიგებენ.

 

***

წყალტუბოში მცხოვრები დევნილების პრობლემებსა და ბრალდებებზე კომენტარისათვის გაზეთი „P.S.“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ჩვენს  შეკითხვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა გულუა პასუხობს:

 - საცხოვრებელი ბინების განაწილება უსამართლოდ და კანონდარღვევით რომ არ მომხდარიყო, სამინისტრომ არასამთავრობო სექტორთან, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა საცხოვრებელი ბინების განაწილების კრიტერიუმები. ეს გახლავთ საჯარო დოკუმენტი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ყველა პროცედურას (კრიტერიუმებთან  დაკავშირებით სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, კრიტერიუმები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში და 9 აგვისტოდან ის არის ნორმატიული აქტი).    

უზუსტობის გამოსარიცხად დევნილი თავად მონაწილეობს პროცესში. ასევე, ბინების განაწილება ხდება სამსაფეხურიანი კომისიის ჩართულობით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. პირველი საფეხური გულისხმობს დევნილთან ერთად ანკეტების შევსებას და მიღებას; მეორე საფეხური - მიღებული ანკეტების შეფასებას; მესამე საფეხური კი შეფასებული ანკეტების გადამოწმებას დევნილის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით. აღნიშულის შემდეგ, სპეციალური კომისია შევსებულ ანკეტებს ანიჭებს ქულებს და მიღებული ქულების შესაბამისად (ყველაზე მაღალი ქულიდან ქვევით), არსებული რიგითობის მიხედვით ხდება ბინების განაწილება.

პირველ ეტაპზე ხდება ბინის შეთავაზება. თუ დევნილი თანახმაა და ხელს აწერს ბინის გადაცემას, თბილისის შემთხვევაში - სოციალურ საკითხთა სამმართველო, რეგიონების შემთხვევაში - რეგიონული სამმართველო წერს მოხსენებით ბარათს მინისტრის სახელზე და გამოიცემა მინისტრის ბრძანება ბინის გადაცემის შესახებ.     

ნებისმიერ დევნილს, რომელიც საეჭვოდ და არასამართლიანად ჩათვლის ბინების განაწილებას, შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია, კონკრეტულმა ოჯახმა რატომ, რის საფუძველზე მიიღო ბინა, მან რატომ ვერ მიიღო და ის თავად დარწმუნდება პროცესის სამართლიანობასა და  ობიექტურობაში.  ასევე, დევნილს შეუძლია, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.    

რაც შეეხება სულადობისა და ფართის თანაფარდობას, 1 და 2 სულიან ოჯახზე გათვალისწინებულია ერთოთახიანი ბინა (დაახლოებით 25-35 მ2), 3 და 4 სულიან ოჯახზე - ოროთახიანი ბინა (დაახლოებით 45-55 მ2), 5 და 6 სულიან ოჯახზე სამოთახიანი ბინა (დაახლოებით 65-75 მ2). რაც შეეხება ათსულიანი ოჯახისათვის სამოთახიანი ბინის შეთავაზებას, მსგავსი ფაქტი არ გვქონია. იმერეთში გვქონდა  შემთხვევა, როცა 9 სულიან ოჯახს შევთავაზეთ 2 ოროთახიანი და 1 ერთოთახიანი ბინა, თუმცა, შეთავაზება არ მიიღო.

- იმ შემთხვევაში, თუ მარტოხელა მოხუცს გადაადგილება არ შეუძლია, ბინის მისაღებად განცხადების  დასაწერად მივა თუ არა მასთან სამინისტროს წარმომადგენელი?

- დევნილს, რომელიც აღნიშნული მიზეზით  ვერ ახერხებს განაცხადის შესავსებად მისვლას, შეუძლია, დარეკოს სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ და ჯგუფი მას საცხოვრებელ ადგილზე მიაკითხავს.

- სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს რატომ ეხსნება დევნილობის შემწეობა? მიუხედავად სოციალური დახმარების მიღებისა, დევნილობის სტატუსი ხომ უცვლელი რჩება?

- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დევნილს არ აქვს უფლება, ერთდროულად ორი დახმარება - დევნილის შემწეობა და სოციალური დახმარება მიიღოს. კანონის 51 მუხლის მე-2 (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძველია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების ნებაყოფლობით მიღება. დევნილი თავად ირჩევს რომელი  დახმარების მიღება სურს. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია