დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დარღვეული ხელშეკრულებები და ქუთაისის მერიის მიერ „დაუსჯელი“ კომპანიები
დარღვეული ხელშეკრულებები და ქუთაისის მერიის მიერ „დაუსჯელი“ კომპანიები
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2174
ავტორი:
მარიამ პატარაია

რატომ უხდის 170 ათას ლარს ქალაქის ხელისუფლება დასაჯარიმებელ კომპანიას?

 

ოქტომბრის დასაწყისში ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევისთვის საჯაროდ „მხილებულ“ კომპანიებს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოებისთვის ჯარიმა ამ დრომდე არ დაკისრებია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლების განცხადებები მათი მისამართით საკმაოდ მკაცრი იყო, კომპანიები ჯერ კიდევ ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობაში მყოფ ფირმებად მოიაზრებიან და  მათ წინააღმდეგ არავითარი ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა.

 

კომპანია „მშენებელი 2011“-ს ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის 1 მაისს უნდა დაესრულებინა. სს „დაგის“ მიერ ოპერის თეატრში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი კი ამ დრომდე არ არსებობს, ხოლო შპს „ექსპოგრაფს“ ქუთაისის მერია ლადო მესხიშვილის თეატრისთვის უხარისხო სკამების შეძენას ედავება.

 

კომპანიებისთვის ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ 5-დღიანი ვადის მიცემიდან თითქმის ორი თვე გავიდა, თუმცა, შესაბამის სამსახურში ისიც კი არ იციან, რა რაოდენობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს თითოეულ მათგანს. უფრო მეტიც, გამორიცხული არ არის, სამიდან ერთ-ერთ კომპანიას, „მშენებელი 2011“-ს, რომელიც ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებდა, ქუთაისის ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი გადაუხადონ.

 

ეს ის კომპანიაა, რომელსაც ყოფილი ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის თქმით, ჯარიმის სახით, 620104.78 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მერიას „მშენებელი 2011“-სთვის პროექტით გათვალისწინებული ბოლო სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრული თანხის ნაწილი ამ დრომდე არ აქვს გადახდილი, რის გამოც შესაძლოა, კომპანია სოლიდურ ჯარიმას გადაურჩეს, თუმცა, ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორი, ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ჯარიმის სახით გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევს. ამასთანავე, როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მაისში ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით კომპანიამ შესაბამისი წერილი ქალაქის მერიას მიწერა და სამუშაოების ჩაბარებას ითხოვდა, თუმცა, მას საპასუხო წერილი არ მიუღია. ამის მიზეზად ქალაქის მერის ცვლილება დასახელდა.

 

ნოდარ მიქიაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იყო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ კომპანიისთვის პასუხი არ მიეწერათ, რადგან ეს სუფთა პროცედურული საკითხია და მას არაფერი აქვს საერთო საკადრო პოლიტიკასთან.

 

„საკმაოდ რთულადაა საქმე ამ შემთხვევაში, კომპანია მაისში ითხოვდა სამუშაოების ჩაბარებას და ამაზე პასუხი არ მიუღია. ახლა სადავოა ის, როდიდან უნდა დაჯარიმდეს ის ვადების გადაცილებისა და სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო მაისამდე თუ მაისის შემდეგ, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს ჯარიმის რაოდენობაზეც,“ ამბობს მიქიაშვილი.

 

რატომ არ გაწყვიტა ამ დრომდე მერიამ აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულებები და რატომ არ დააკისრა მათ შესაბამისი ჯარიმები, კეთილმოწყობის სამსახურში პასუხობენ, რომ მათი ვალდებულების ფარგლებში ყველა პროცედურა დაცულია.

 

„როგორც მე ვიცი, ხელშეკრულება, ჯერჯერობით, არ არის გაწყვეტილი. ჩვენ  ყველაფერი გავაკეთეთ, რაც პროცედურულად იყო საჭირო  და ახლა იურისტებს აქვთ ეს საქმე,“ ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ ზამბახიძე.

 

კომპანიების საქმეზე, ჯერჯერობით, არ მუშაობენ მერიის იურიდიულ სამსახურში. სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ საქმე მის სამსახურში არც კი შესულა.

 

„თუ კომპანიები არ გადაიხდიან ჯარიმას, ჩვენ გვევალება, ისინი სასამართლოს ძალით ვაიძულოთ, შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება, თუმცა, ამ შემთხვევაში აღნიშნული  კომპანიების წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ შემოსულა სამსახურში. როგორც წესი, ჩვენთან როცა შემოდის მსგავსი საქმე, მერიას კომპანიასთან უკვე გაწყვეტილი აქვს ხელშეკრულება და მასზე დაკისრებული ჯარიმის რაოდენობაც განსაზღვრულია,“ ამბობს იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძე.

 

კომპანიების: „მშენებელი 2011“, შპს „ექსპოგრაფი“ და სს „დაგი“-ს მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები ქალაქის ხელისუფლებამ ორი თვის წინ გააჟღერა. მაშინდელი ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად, აცხადებდა, რომ კომპანიებმა ხარვეზებით  და ვადაგადაცილებით შეასრულეს სამუშაოები, რის გამოც მათ სოლიდური ჯარიმების დაკისრება ემუქრებოდათ, მათ საქმიანობას კი შესაბამისი სამსახურები შეისწავლიდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად კომპანიებს 5-დღიანი ვადა მიეცათ, თუმცა, მერიას, ვადის გასვლიდან ორი თვის შემდეგაც კი, კომპანიებისთვის არც ჯარიმები დაუწესებია და მათთან არც ხელშეკრულება გაუწყვეტია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია