დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ვერ ყიდის ქუთაისის მერია მიწებს და ვინ დაინტერესდა ქონების მართვის სამსახურის საქმიანობით?
რატომ ვერ ყიდის ქუთაისის მერია მიწებს და ვინ დაინტერესდა ქონების მართვის სამსახურის საქმიანობით?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2247
ავტორი:
მარიამ პატარაია

წლის ბოლომდე ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურმა  3 მილიონ 700 ათასი  ლარის ღირებულების უძრავი ქონება უნდა გაასხვისოს. სწორედ ეს თანხაა საჭირო არაფინანსური აქტივების წლიური გეგმის შესასრულებლად. ამისთვის სამსახურს ზუსტად ერთი თვე რჩება, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ გეგმა არ შესრულდება.

 

4 მილიონ ნახევრის ნაცვლად, რომელიც არაფინანსური აქტივების წლიური გეგმაა, უძრავი ქონების გაყიდვიდან ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ 800 ათასი ლარის მობილიზება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში  აუქციონი რამდენჯერმე გაიმართა, დიდი რაოდენობით უძრავი ქონების გასხვისება მაინც ვერ მოხერხდა. როგორც სამსახურში ამბობენ, აუქციონებზე დაბალი იყო მონაწილეთა აქტივობა, ზოგჯერ კი საპრივატიზაციოდ გამოტანილი  ობიექტები საერთოდ  არ იყიდებოდა.

 

ქონების გაყიდვის პრობლემას სამსახურის უფროსი ბესიკ ცქიფურიშვილი  ყოფილი ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, წლების განმავლობაში „ნაციონალები“ არასაჯარო აუქციონებს ატარებდნენ და  მიწის შეძენით დაინტერესებულ პირებთან მიმართებაში  შერჩევითობის პრინციპს იყენებდნენ.  ბოლოს კი ისეთი ბიუჯეტი შეადგინეს, რომელიც წინასწარ  ჩასაგდებად იყო განწირული.

 

სწორედ წარსულს უხსენებენ ცქიფურიშვილს ყოფილი თანაგუნდელები მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას.  საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ბესიკ ცქიფურიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ამ სამსახურში მუშაობს,  პრობლემებზე  არასდროს უსაუბრია. აქედან გამომდინარე, მას მორალური უფლება არ აქვს იმ გუნდის შეცდომებზე ისაუბროს, რომლის წევრიც თავად იყო. 

„სამსახურის უფროსის პოსტზე დაწინაურებულ ცქიფურიშვილს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პირობებში „დაფრთიანდა“, მორალური უფლება არ აქვს, „ნაციონალების“ მისამართით თითი გაიშვიროს. ეს, როგორც მინიმუმ, არაპატიოსანი კაცის საქციელია,“ - ამბობს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე.

 

„აპელირება იმ თემით, რომ „ნაციონალებმა“ შეგნებულად გაწირეს ბიუჯეტი სისულელეა. არაფინანსური აქტივები ყოველწლიურად იზრდებოდა და, შესაბამისად, ლოგიკური იყო წლევანდელი გეგმაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ამ ნაწილში შესრულების პრობლემა არასდროს ყოფილა, პირიქით ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით გეგმას,“ აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება.

 

7-თვიანი წარუმატებელი აუქციონების შემდეგ, მიმდინარე წლის ერთ-ერთი ბოლო აუქციონი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. გასულ კვირას გამართულ აუქციონზე გამოტანილი 52 ობიექტიდან ნახევარზე მეტი 29 გაიყიდა. ქონების პრივატიზებიდან შემოსულმა თანხამ კი, დაახლოებით, 160 ათასი ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ქონების მართვის სამსახურში  მცირე ზომის მიწის ნაკვეთების პრივატიზებას პრობლემის გადაჭრის გზად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საუკეთესო გამოსავალი ქალაქში მსხვილი ინვესტორის შემოსვლა იქნება, თუმცა, ინვესტორები ამ დრომდე ქუთაისის მიმართ არც ტურისტულ და არც ბიზნეს ინტერესებს არ ავლენენ. 

„ჯერჯერობით, მნივნელოვანი ინვესტორები არ ჩანან და ეს ძალიან ცუდია. საუკეთესო იქნებოდა, თუ შემოვიდოდნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც დიდ თანხებს ჩადებენ სასტუმროების მშენებლობაში, წარმოებაში, ტურიზმში და ასე შემდეგ. მაგალითად, როგორც 2010 წელს „შიტრიტ ჯგუფმა“ შეიძინა 3 მილიონ ნახევრის ქონება პირდაპირ პრეზიდენტის დავალებით. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს პირდაპირი მიყიდვის წესი და ეს გააიოლებდა საქმეს,“ ამბობს ბესიკ ცქიფურიშვილი.

 

ქონების გამარტივებული წესით პრივატიზებასთან დაკავშირებით ცქიფურიშვილის სურვილებს არ ემთხვევა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას მოსაზრება. მურღულიამ სწორედ აუქციონზე განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ ქალაქის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზება მხოლოდ აუქციონის გზით მოხდება, ყველა იმ ქონებაზე კი, რომელიც აქამდე პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა, მოკვლევა ჩატარდება. მურღულიას არ დაუკონკრეტებია, უკავშირდებოდა თუ არა მისი განცხადება ქონების  მართვის სამსახურში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

„გამარტივებული წესით ქონების პრივატიზებას, ცხადია, კანონი არ კრძალავს, თუმცა, უმჯობესია, თუ ამიერიდან უძრავი ქონების გასხვისება  მხოლოდ აუქციონის გზით მოხდება.  ყველა იმ ქონებაზე კი, რომელიც გამარტივებული გზით გასხვისდა, მოკვლევა ჩატარდება,“ - განაცხადა მურღულიამ.

 

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ და როდის შეისწავლის ბოლო წლებში გამარტივებული წესით გასხვისებული ქონების კანონიერებას და რა თანხის მობილიზებას შეძლებს სამსახური ბიუჯეტში წლის ბოლომდე. აუქციონების ჩასატარებლად ქონების მართვის სამსახურს კიდევ ერთი თვე აქვს. როგორც სამსახურში ამბობენ, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე შემოსავლის მილიონამდე გაზრდა უმთავრესი ამოცანაა, რაც, მათი თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით კარგი შედეგი იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია