დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ასოცირების შეთანხმება - ნაბიჯი ევროპისაკენ
ასოცირების შეთანხმება - ნაბიჯი ევროპისაკენ
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1675
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

29 ნოემბერს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე, ოფიციალურ ცერემონიაზე, საქართველოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პარაფირება მოახდინეს, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ ხელმოწერას მხოლოდ ინიციალებით.  შეთანხმებას, საბოლოოდ, ხელი ერთი წლის შემდეგ მოეწერება.

 

ამ შეთანხმებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე გადადის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკვე არა ზოგადი პოლიტიკური დეკლარაცია, არამედ კონკრეტული რეგულაციები და პრივილეგიებია. ასევე, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს ჩართვას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.

 

დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა მოაწერეს ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.

 

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე (DCFTA) - 2011 წლის დეკემბერში) და  დასრულდა 2013 წლის ივლისში. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

 

როგორც ოფიციალური ცერემონიის დროს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებების პარაფირება წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

„მინდა მივულოცო საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

 

რა არის ასოცირების შეთანხმება და რას მივიღებთ...

 

ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების ევროკავშირის ძირითად ინსტრუმენტს. ის შედგება 4 მთავარი თავისგან: საერთო საგარეო და უსაფრთხოების  პოლიტიკა; მართლმსაჯულება და საშინაო პოლიტიკა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA); და მეოთხე თავი მოიცავს მთელ რიგ საკითხებს გარემოს დაცვის, მეცნიერების, ტრანსპორტისა და განათლების საკითხების ჩათვლით. DCFTA-ს ხელისმომწერმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის, დაახლოებით, 350 კანონი 10 წლის ვადაში.

DCFTA-ს ხელმომწერმა ქვეყნებს ხელი მიუწვდებათ აგრეთვე, ევროკავშირის 500 მლნ მომხმარებელზე და მის ბაზარზე, რომლის ერთობლივი ეკონომიკა შეადგენს 12.9 ტრილიონ ევროს. შედარებისათვის, მის მეტოქე რუსეთის მიერ მართულ საბაჟო კავშირს მხოლოდ 170 მლნ მომხმარებელი ჰყავს და მისი ერთობლივი ეკონომიკა კი შეადგენს 1.4 ტრილიონ ევროს“ - აცხადებს ევრომისარი შტეფან ფულე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში.

როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, „ამ ხელშეკრულების პარაფირება არ ნიშნავს მხოლოდ კეთილი ნების დემონსტრირებას, როგორც ქართული, ისე ევროპის მხრიდან. ეს არის კონკრეტული რეგულაციები და კონკრეტული პრივილეგიები, რომელიც ქართულმა მხარემ შეიძლება ამ ხელშეკრულების ხელმოწერით მიიღოს.“ ექსპერტი   Georgian Times-თან საუბარში ამბობს, რომ, პრაქტიკულად, საქართველოს მხრიდან ეს არის ყველაზე რეალური ნაბიჯი ევროპისკენ გადადგმული და აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო რეალურად ევროპის ნაწილი ხდება.

მისივე თქმით, ევროპასთან დაახლოება საქართველოს საშუალებას მისცემს ქართული წარმოება, მომსახურება და პროდუქცია საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი და მთელ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი გახადოს. ექსპერტის შეფასებით, საქართველოს რუსეთში ძალიან ბევრი პროდუქციის შეტანა შეუძლია, მაგრამ ეს განვითარებაზე და ბიზნესზე ორიენტირებული ვერ იქნება.

„რუსეთის 150 მლნ მოსახლიდან გადახდისუნარიანი შეიძლება იყოს 20%. ევროპაში სოციალურად დაუცველი კატეგორიაც კი, გაცილებით უფრო გადახდისუნარიანია, ვიდრე რუსეთის მოსახლეობაში საშუალო ფენა. მოხმარების დონითაც, ევროკავშირის მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე რუსული ალტერნატივა,“ - აცხადებს ლევან კალანდაძე.

 

vjvltdyj thsb otkb&&&

 

როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმებას ხელი ერთი წლის შემდეგ - სავარაუდოდ, 2014 წლის შემოდგომაზე მოეწერება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მომავალი ერთი წელი გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება და ეკონომიკური პროცესების მართვა ყოველგვარი ექსესების გარეშე უნდა მოხდეს.

 

„ამ ხელშეკრულებით საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.  უსაფრთხოების თვალსაზრისისით, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ქვეყანა წინ წავიდა. ერთი წელი თუ გავაგრძელებთ გონივრულად და წინდახედულად საქმიანობას ჩვენი ქვეყნის მართვისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ, როგორც ეს აქამდე განვახორციელეთ, ასეთ შემთხვევაში ევროპული ოჯახის კიდევ უფრო სრულუფლებიანი წევრი გავხდებით,“ - განაცხადა ძიძიგურმა.

 

მისივე თქმით, „ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისა და  ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა მოგვიწევს.“

ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი  და განაცხადა, რომ ამის გამო შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესია გაძლიერდეს.

 

„რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერების საფრთხე მაღალია. სოჭის ოლიმპიადის შემდეგ იგი აუცილებლად გახდება აგრესიული. შესაძლოა, საქართველოზე მანიპულირების მოხდენა მან ეკონომიკური ბერკეტებით, კერძოდ, ბაზრის გახსნა-დაკეტვით შეეცადოს,“ - მიიჩნევს ჭიაბერაშვილი. უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ხედავს პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები.“ როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენები ცხადყოფს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდგომ საქართველოს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწევს. საქართველოს ეკონომიკა, დღეს აღარ არის რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც უკრაინის, მაგრამ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვის პოლიტიკურ ბერკეტს, სავარაუდოდ, რუსეთი მომავალ წელს საქართველოზე ზეწოლისთვის აქტიურად აამუშავებს. ასევე, უნდა ველოდოთ ახალი პრობლემების შექმნას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, მოსალოდნელია სეპარატისტული მოძრაობების, ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების წახალისება.

 

„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს ევროინტეგრაციის განხორციელების საგზაო რუკა, სადაც ყველა მოსალოდნელი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის გადაჭრის  გზა იქნება ჩამოყალიბებული. ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების დიდი გამოცდა იქნება,“ - ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია