დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამბავი ქუთაისის თერთმეტი მერისა, მმშ-ების მოსვლა-წასვლისა და ერთი ხელშეუხებელი ვიცე-მერისა...
ამბავი ქუთაისის თერთმეტი მერისა, მმშ-ების მოსვლა-წასვლისა და ერთი ხელშეუხებელი ვიცე-მერისა...
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 5833
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის ახალ ვიცე-მერად და მომავალ მერად შოთა მურღულიას დანიშვნით, როგორც ჩანს, ამ ქალაქში ვაკხანალიის დასრულება და მის  მომავალზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დააკისრა. შოთა მურღულია სწორედ ამ სამინისტროს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადმოიყვანეს ქუთაისში.

 

ქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები არც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არის სიახლე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი ამ მხრივ ნამდვილად პირველობს. მას შემდეგ, რაც მაისში საკრებულოს უმრავლესობამ ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს, იმპიჩმენტი გამოუცხადა და ქალაქის თავის პოსტი ვაკანტური გახდა, საკრებულოში შექმნილმა მუდმივმოქმედმა 7-კაციანმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ (რომელსაც კულუარებში „შვიდკაცასაც“ ეძახიან) ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ბიოგრაფიის და წარსულის მქონე, ნიუპორტში განათლებამიღებულ და ამერიკაში წარმატებამიღწეულ დიმიტრი კოპალიანს „ჩააბარა“ ქალაქის მმართველობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კოპალიანის კანდიდატურა, მიუხედავად საქართველოსთან 20-წლიანი განშორებისა, ქუთაისურმა საზოგადოებამ მაინც სიხარულით და მოლოდინით მიიღო. საზოგადოების ნდობა და პატივისცემა იქამდეც კი მივიდა, რომ იმპიჩმენტდამუქრებულ კოპალიანს მერიის შენობაში ღამეებს იმ მიზეზით „უთევდნენ“, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დაანონსებული იმპიჩმენტი სისრულეში არ მოეყვანა.

 

მიუხედავად კოპალიანის სურვილისა, ამერიკული გამოცდილება ქუთაისის სასიკეთოდ გამოეყენებინა, რატომღაც ქუთაისში სწორედ „პატიოსნება“,  არ აპატიეს, რის გამოც თანამდებობა დატოვა.

 

გახშირებულ საკადრო ცვლილებებს ადგილობრივ თვითმმართველობაში კოპალიანის წასვლას ნამდვილად არ უკავშირებენ, რადგან 2003 წლიდან ქალაქმა 11 მერი გამოიცვალა.  ქუთაისში იმასაც კი ხუმრობენ, რომ მერიას შაშიაშვილის წყევლამ უწია, რის გამოც ქალაქის მერის პოსტზე ნებსით თუ უნებლიედ დიდხანს ვერავინ ძლებს.

 

კოპალიანის წასვლის შემდეგ მერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსამდე ქალაქის მერის თანამდებობაზე ვიცე-მერები კარუსელივით ტრიალებდნენ. ლომიძე, თოფურიძე, ისევ ლომიძე, შარაბიძე - მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებზე ისე ცვლიდნენ ერთმანეთს, რომ ხშირად თვითონაც მოგვიანებით იგებდნენ.

 

პარალელურად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა მერიაში გამოცხადებულ კონკურსს ისევ უნდობლობა გამოუცხადეს და აღნიშნავდნენ, რომ კონკურსი მხოლოდ ფორმალობა იყო. გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასანიშნი კადრები კი შერჩეული ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიამ კონკურსის პირველ ეტაპზე ვიცე-მერების თანამდებობებზე ოფიციალურად დაამტკიცა თენგიზ თოფურიძე, გია შარაბიძე და კოტე ლომიძე.

 

ამის შემდეგ კომისია მეორე ეპატზე გადავიდა, რაც  სამსახურების უფროსების შერჩევას გულისხმობს.

 

მოგვიანებით საკრებულოს „ნაციონალი“ წევრების მსგავსად, გაზეთ „P.S.“-სთან საუბრისას კონკურსს ფორმალობა უწოდა ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ. როგორც მღვდელაძე აღნიშნავდა, კომისიის მიერ მერის შერჩევა დროში გაწელილია, რაც ისევ და ისევ ქალაქისთვის არის საზიანო. ამიტომ, მისივე განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა კომისიის წევრები კონკურსის გარეშე ერთ კანდიდატზე შეჯერებულიყვნენ.

 

ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ქუთაისელი შოთა  მურღულიას დანიშვნა იგეგმებოდა. თვითონ მურღულია, რატომღაც ბოლო მომენტამდე ასაიდუმლოებდა და უარყოფდა ამ ინფორმაციას.

21 ნოემბერს კი მან საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენა და ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის თანამდებობაზე გამოცხადდა. სწორედ ამ დღეს იწურებოდა შარაბიძის ვადა მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე და ამ მოვალეობის შესრულებაც ახალ ვიცე-მერს, შოთა მურღულიას დაეკისრა.

 

თუმცა, მანამდე გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ „ზემოდან“ კატეგორიულად მოითხოვეს ვიცე-მერების – თენგიზ თოფურიძისა და კოტე ლომიძის თანამდებობებიდან გათავისუფლება. ორივე ვიცე-მერმა თანამდებობა უკვე დატოვა.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე ხელშეუხებელ ვიცე-მერად რჩება ნიკო კაჭკაჭიშვილი.

 

რომელსაც რატომღაც იმედი აქვს, რომ  შოთა მურღულიაც მოინდომებს მასთან მუშაობის გაგრძელებას. თუმცა, საეჭვოა, რომ კაჭკაჭიშვილის იმედები გამართლდეს და კაკო ბობოხიძის დანატოვარი კაცი ახალი მერისთვის მისაღები აღმოჩნდეს.

 

რაც შეეხება უკვე წასულ ვიცემერს, თენგიზ თოფურიძეს, მან თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ქალაქის სათავეში  ახალი გუნდის მოსვლა  დაასახელა. მისივე თქმით, შოთა მურღულიასთან მისი ახლო ურთიერთობა  ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა. ყოფილმა ვიცე-მერმა მერიის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თენგიზ თოფურიძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია psnews.ge-ზე ორი კვირის წინ გავრცელდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მერის შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოცხადდება, ქუთაისის მმშ-დ დანიშნულ მურღულიას ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე მერად დანიშვნას ულოცავენ. ფაქტია, რომ კონკურსი ფორმალობა იქნება...

 

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მისულმა შოთა მურღულიამ კომენტარი პირველსავე სამუშაო დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ქუთაისის მხარდამჭერი იყო და რომ ქუთაისი მისთვის საპატივცემულო ქალაქია. მაგრამ საპარლამენტო ქალაქში აღნიშნავენ, რომ დანიშნული მერი კი არა, რომელიც მხოლოდ მითითებებს შეასრულებს, არამედ არჩეული მერი სჭირდებათ.

 

არჩეული მერი კი ქუთაისს მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად უსათუოდ ეყოლება.

 

 

შოთა მურღულია (ბიოგრაფიული მონაცემები)

 

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია 20 ნოემბერს დაინიშნა. მას ამ დრომდე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

შოთა მურღულია 1979 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა. 1997–2001 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე. ასევე 2001-2003 წლებში პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა  მაგისტრატურის კურსი.

 

1999 -2001 წლებში სწავლობდა ლუნებურგში (გერმანია) FH Nordostniedersachsen-ის უმაღლეს სასწავლებელში.

 

მშობლიურ ენასთან ერთად ფლობს: რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

 

მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად.

 

მურღულიას გააჩნია გამოცდილება სოციალურ-გარემოსდაცვით და მომხმარებელთა უფლებების ანალიზში, სემინარების ჩატარებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში. ევროკომისიის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების კორდინირებაში.

 

შოთა მურღულია ასევე კით-ხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ბოლოს კი ფართო საზოგადოებამ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გაიცნო.

 

შოთა მურღულია ღირსეული ქუთაისური ოჯახის შვილია, იგი არჩილ მურღულიას ძმის შვილიშვილია. არჩილ მურღულიას კარგად იცნობენ ქუთაისში, იგი ათეული წლების განმავლობაში იყო ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორი. თავად შოთა მურღულიას ქუთაისის ?1 საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული.

 

შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, თუმცა კულუარებში მას უკვე ქალაქის მომავალ მერად მოიხსენიებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია