დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას, შესაძლოა, ახალი კორპუსი დაემატოს
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას, შესაძლოა, ახალი კორპუსი დაემატოს
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2234
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ნარგიზა ჩოგოვაძე: მეშინია, წვიმა არ ჩამოვიდეს და წიგნები არ გამიფუჭოს

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას დაარსებიდან 140 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ბიბლიოთეკა მიღწევებთან ერთად პრობლემებით ხვდება. მე-19 საუკუნეში აგებული შენობა, სადაც სამკითხველო დარბაზები 140 წლის წინ განთავსდა, დიდი ხანია ამორტიზებულია და ლოკალურ შეკეთებას აღარ ექვემდებარება.  დაბზარული კედლებიდან ბათქაში ცვივა, რამდენიმე ადგილას კი მშენებლობის პირველადი იერსახე აგურები მოჩანს.


შენობა დიდი ხანია მასშტაბურ სარეაბილიატაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, თუმცა მთავარი, რაც ბიბლიოთეკის გამართული მუშაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, არასაკმარისი ფართია. შენობაში, სადაც რამდენიმე განყოფილება, სამკითხველო დარბაზები და მილიონზე მეტი წიგნია, სარესტავრაციო, ბიბლიოგრაფიული თუ სხვა სახის სამუშაოებისთვის გამოყოფილი ოთახები მცირე მოცულობისაა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო პროცესს.


„მაგიდის დასადგმელი ადგილიც არ არის, უნიკალურ წიგნებს რესტავრაცია  რომ ჩავუტაროთ. გაზეთ „ივერიას“, რომელიც სხვა პერიოდული გამოცემებისგან განსხვავებით, დიდი ფორმატისაა,  ვერსად ვერ ვდებთ, რადგან ოთახში ადგილი არ არის, რომ დიდი მაგიდა შევიტანოთ. ელექტრონული კატალოგის შექმნა დავიწყეთ უკვე, მაგრამ ეს იმდენად შრომატევადი საქმეა, რომ თანამშრომლების დამატება გვინდა, მაგრამ სად დავსვათ ეს ხალხი? რამდენიმე კვადრატულ ოთახში 6-7 ადამიანი მუშაობს და სუნთქვა აღარ შეიძლება, ისეთი მდგომარეობაა,“ - ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო  ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.


გაფართოების მიზნით ნარგიზა ჩოგოვაძე შენობის მიმდებარედ არსებული კორპუსების ბიბლიოთეკისთვის გადაცემას ითხოვს, თუმცა, რომელი და რამდენი კორპუსი უნდა შეუერთდეს ბიბლიოთეკას, დირექტორი არ აკონკრეტებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ  მან ეს საკითხი კულტურის მინისტრის ქუთაისში ვიზიტის დროსაც დააყენა, თუმცა პრობლემა, ჯერჯერობით, გადაუჭრელია.


გაფართოების აუცილებლობაზე ნარგიზა ჩოგოვაძემ ბიბლიოთეკის საიუბილეო საღამოზეც ისაუბრა და პრობლემის გადაწყვეტისთვის მხარდაჭერისკენ ადგილობრივ ხელისუფლებასაც მოუწოდა.


იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ბიბლიოთეკას იმავე ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კორპუსი სარგებლობაში გადაეცემა, წიგნთსაცავი ადგილს არ შეიცვლის, ადმინისტრაცია და განყოფილებები კი შესაძლოა, ცალკე შენობაში განთავსდეს.


 

***      

                             

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1873 წელს საზოგადო მოღვაწის, ანტონ ლორთქიფანიძის ხელშეწყობით დაარსდა. პირველი წიგნები საჯარო ბიბლიოთეკას სწორედ მან გადასცა. საადგილმამულო ბანკის მმართველის ხელმოწერით ბიბლიოთეკისთვის ნაჩუქარი 1500 წიგნიდან რამდენიმე მათგანი კვლავ წიგნთსაცავში ინახება. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა მილიონზე მეტ სამეცნიერო, მხატვრულ, საგანმანათლებლო თუ სხვა სახის ლიტერატურას  და პერიოდულ გამოცემას ინახავს, მათ შორის - იშვიათ გამოცემებსაც.


ბოლო ხუთი წელია, ბიბლიოთეკა ყოველწლიურად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.


 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია