დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში შესაძლოა, საუკუნოვან წყაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
ქუთაისში შესაძლოა, საუკუნოვან წყაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2441
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

საფიჩხიელებიაბაშიის წყაროსგადარჩენას ითხოვენ

 


თითქმის საუკუნეა, ქუთაისში, საფიჩხიის უბანში, მცირე ზომის წყარო არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. წყაროს, რომელიც შეუსწავლელ ძეგლთა კატეგორიას მიეკუთვნება, წლების წინ საფიჩხიის მოსახლეობა აქტიურად იყენებდა. მაშინ, როცა ქალაქში წყალსადენი არ არსებობდა, წყაროს წყალს საფიჩხიელებისთვის მთავარი საყოფაცხოვრებო დანიშნულება ჰქონდა.

 

„აბაშიძეების წყაროს“ სახელით ცნობილი საუკუნოვანი წყარო არქიტექტურულადაც გამორჩეულია. 16 კვადრატული მეტრი სათავე ნაგებობა ქვის წყობითაა ამოყვანილი. წყაროსთან ჩასასვლელი კიბეები კი თლილი ქვებითაა გაკეთებული.


1916 წლით დათარიღებული „აბაშიძეების“ წყარო რამდენიმე ათეული წელია, დაზიანებულია და იგი სასმელად აღარ გამოიყენება. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისი არსებობაც კი არ იცის, თუმცა, საფიჩხიაზე  წყაროც  და  მისი სასიცოცხლო  მნიშვნელობაც კარგად იციან.


„დაახლოებით 20 წლის წინ, ჯერ კიდევ ვიყენებდით ამ წყაროს წყალს, მაგრამ მერე დაზიანდა, მისი შემკეთებელი კი არავინ გამოჩნდა. უცნაურად რბილი გემო ჰქონდა წყალს და  როგორც წესი, ხისტი არ იყო. მართალია, ხანდახან წურბელები მოჰყვებოდა, მაგრამ ჭურში ვასხამდით და ცოტაოდენ შაბს ან ნახშირს ვუმატებდით, რის შემდეგაც სასმელად ვარგისი იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და გამორჩეული  არქიტექტურა აქვს, ლამის 100 წლისაა და ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს ასე უბრალოდ. მისი გაწმენდა და აღდგენაა  საჭირო“, - ამბობს სოლომონ მეორეს ქუჩის მცხოვრები ალბერტ ქვარიანი.


როგორც ირკვევა, მოსახლეობამ წყაროს აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართა, თუმცა, არათუ შეკეთება, არამედ შესაბამისმა სამსახურმა წყაროზე ინფორმაციის მოძიებაც არ მოისურვა.


როგორც ირკვევა, წყაროს აღდგენის მოთხოვნით მერიაში შეტანილი  განცხადება  კეთილმოწყობის სამსახურს გადაეგზავნა, თუმცა, სამსახურში საფიჩხიის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება ამ დრომდე არ  განუხილავთ. უფრო მეტიც, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ  ამ საკითხზე მასთან განცხადება არ შესულა.


„ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი მოთხოვნის შესახებ არანაირი წერილი არ შემოსულა. თქვენგან მსმენია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო  ჩასატარებელი,  თუმცა, ჩემი ინფორმაციით სულ რამდენიმე აგურის დამატებაა  იქ საჭირო, რაც მოსახლეობას საკუთარი ძალებითაც შეეძლო, მოეგვარებია,“ - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ ზამბახიძე.


მერიის საქმიანი წერილების განყოფილებაში კი საფიჩხიის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება კეთლმოწყობის სამსახურის უფროსის ზურაბ ზამბახიძის სახელზე მიმდინარე წლის 20 აგვისტოსაა (?01-6405) დაწერილი.


სოლომონ მეორის ქუჩაზე არსებული უცნობი წყაროს შესწავლა ქუთაისის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის   განყოფილებამ   ახლახანს  დაიწყო. როგორც სამსახურში ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობა აქამდე უნდა დაინტერესებულიყო ამ ნაგებობით, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს ძეგლის სტატუსი მინიჭებული.


„აბაშიძეების წყაროს“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შევაგროვეთ. ის მართლაც  გამორჩეულია თავისი ისტორიით და ასაკით. ახლა ცნობებს  ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს  გადავუგზავნით და იმედი გვაქვს, რომ წყაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება,“ - ამბობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვიკა ჩოგოვაძე.


წყარო უკვე დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენლებმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია