დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიშა წავიდა!
მიშა წავიდა!
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1680
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება. როგორია სააკაშვილის მომავალი გეგმები და აქვს თუ არა მას პოლიტიკური მომავალი, ამაზე სხვადასხვა აზრი და შეფასება ისმის საზოგადოებაში, თუმცა დაზუსტებული პასუხი არ არის. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში მანანა მანჯგალაძემ ბოლო პრეს-კონფერენციისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებზე თავად ისაუბრებს.

 

მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით კი, სააკაშვილის მომავალი საქართველოში პროკურატურაზეა დამოკიდებული, ხოლო პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტი თავის მომავალს ევროსტრუქტურებში ხედავს.

 

„ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი არც უგულავას და არც სააკაშვილს არ აქვთ, ჩემი აზრით, მათ ძალიან ბევრი გააფუჭეს უკვე და საზოგადოებაშიც მათ მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდებათ, რომ საქართველოში პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ყრუ და ბნელი, როგორც ისინი ფიქრობენ. თუმცა ასე ნუ მიიღებენ, რომ მე ვინმეს ვანადგურებ, მე, უბრალოდ, საკუთარ აზრს ვაფიქსირებ“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას გადაცემა   „პოლიტიკის დროში.“

 

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაფუძნებას და ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობას გეგმავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ რჩება პარტიის ლიდერად და არჩეულ თავმჯდომარედ, რაც, სავარაუდოდ, მის მომავალ პოლიტიკურ აქტივობაზეც მიუთითებს.

 

თუმცა, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათთვის პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი და მხოლოდ პროგნოზებით შემოიფარგლებიან. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯალაძე ამბობს,  ამაზე პასუხი არ აქვს. სააკაშვილის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც.

 

„საერთოდ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, განსაკუთრებით პრეზიდენტთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც მე ვიცი, მსოფლიოს ძალიან ბევრი უნივერსიტეტია დაინტერესებული იმით, რომ მან წაიკითხოს ლექციების კურსი. ასევე, პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ყველაფერი გააკეთოს საქართველოს პოპულარიზაციისათვის და დეოკუპაციის თემის წამოწევისთვის მთელ მსოფლიოში. უფრო კონკრეტულად მისი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ უთხრა „ნეტგაზეთს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

მიხეილ სააკაშვილის კარიერის უცხოეთში გაგრძელებას არც მისი კიდევ ერთი თანაპარტიელი სერგო რატიანი გამორიცხავს:

 

„მე ვიცი, თუ რა რეპუტაცია აქვს მას საერთაშორისო ინსტიტუტებში. უნივერსიტეტებშიც მას არაერთხელ წაუკითხავს ლექცია და მე ამას არ გამოვრიცხავ. სააკაშვილს მართლაც უნიკალური გამოცდილება აქვს ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართულებით. მან განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. დასავლური უნივერსიტეტები კი ასეთ შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე.“

 

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი აცხადებს, რომ თუ საგამოძიებო უწყებები აღმოაჩენენ რაიმე ისეთ საქმეს, რის საფუძველზეც პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ, სააკაშვილისთვის უჯობესი იქნება, თუ ქვეყანას დატოვებს:

 

„ჩვენ ეს დღეები სულ გვესმის, მათ შორის მთავარი პროკურორისგან და ასევე, ივანიშვილისგანაც განცხადებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი, სულ მცირე, დაიკითხება და რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნის ეტაპზეა მისული და რომ მაღალი რანგის ჩინოსნები არიან ჩართულნი, სააკაშვილიც მოიხსენიება ამ კონტექსტში. მოკლედ, თუ მოხდა ისე, რომ სააკაშვილს საქართველოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა არ მიეცა, მაშინ მე ვფიქრობ, მას ურჩევნია, რომ წავიდეს უცხოეთში და იქ რაღაცნაირად თავშესაფარი ნახოს, რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში საქმიანობის თვალსაზრისით.“

 

როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „პირველის“ პრესკლუბში განაცხადა, სააკაშვილი თავის მომავალს ევროსტრუქტურებში ხედავს და მოქმედი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ხშირი კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან სწორედ ამაზე მეტყველებს.

 

„დარწმუნებული ვარ, მისი ლამის ყოველდღიური გამოჩენა ევროპარლამენტში, უკანასკნელი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა ევროპარლამენტართან მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი ინტერესი ამ ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ მაღალია და მისი თვალით დანახული პერსპექტივა უფრო ევროპულ სივრცეს მიეკუთვნება, ვიდრე ვთქვათ, გაერო-ს მიერ მოცული პლანეტის სხვა კონტინენტს. უფრო მშვიდი იქნება მისი, ისევე, როგორც საქართველოს მომავალი ცხოვრება, თუ დროულად გადაწყვეტს, დატოვოს ქვეყანა და ახალი ცხოვრების დაწყება სხვაგან ეცადოს. სხვა შემთხვევაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართლიანობის ის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერთა ნაწილი გვთავაზობს, მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. არც ჩვენთვის და არც ევროკავშირისთვის მისაღები არ იქნება, თუ სააკაშვილი, თავის პერსპექტივასთან ერთად, მუდმივი ქიშპის საგნად გადაიქცევა,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლოდ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე პარლამენტში „ანკესები აქვს ჩაყრილი, თუმცა შეიკვრება თუ არა ეს ანკესები ღუზად“, „ქართული ოცნების“ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.

 

„თუ „ქართული ოცნების“ ღუზა თავად გადაიქცევა ანკესების ნაკრებად, შეიძლება, სააკაშვილის ოცნება აღსდგეს, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ეს მისი მონაწილეობით მოხდება. შესაძლოა, უბრალოდ, მეტი გავლენის მქონე იყოს, ვიდრე ვინმე სხვა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის გადარჩენაც მას სურს,“ - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია