დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა მოგვცა „ქართული ოცნების“ ერთწლიანმა ოცნებამ?
რა მოგვცა „ქართული ოცნების“ ერთწლიანმა ოცნებამ?
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 1690
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებმაც ჩაიარა და ქვეყანა „თანამოწესრიგების“ პროცესშია. პრემიერობიდან ჯერ არ წასული ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას „გამჭვირვალე კულისებს მიღმა დააკვირდება. მისმა დაანონსებულმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ ორი წლის ნაცვლად, ერთი წელი იარსება. სამოქალაქო სექტორში გადასულმა პროკურორიც თან „გადაიყოლა“ და დღეს არჩილ კბილაშვილის პროფესიულ სისუსტეებზე პოზიციაც და ოპოზიციაც ერთხმად საუბრობს.

 

 

ქვეყნის პრემიერობას მალევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ახალგაზრდა ირაკლი ღარიბაშვილი გადაიბარებს. თვალნათელია, რომ ამ სიტუაციაში სამთავრობო ლიდერების პოზიციები სადღაც იკვეთება. აღსანიშნავია თუნდაც ის ფაქტი, რომ ჯერ არდანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი მინისტრების შერჩევაშია. თუნდაც მომავალი მთავარი პროკურორის დასახელება ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ არიან. მაშინ, როცა სწორედ რომ იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა ქვეყანაში მთავარი პროკურორის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. უცხოეთში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის დასახელების ამბავი ჟურნალისტებისგან შეიტყო და გაკვირვებაც ვერ დამალა.

 

აი, სწორედ აქ იკვეთება ზღვარი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის. საკითხავია, რა ფუნქცია აკისრია დღეს საკანონმდებლო ორგანოს, თუ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი პრემიერი  მომავალ მინისტრთა კაბინეტს აკომპლექტებს. თვალნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული საკადრო პოლიტიკა „ქართულ ოცნებაშიც“ გრძელდება.

 

 

***

 

„გაღარიბებული“ საბიუჯეტო განხილვა საკმაოდ ხმაურიანია პარლამენტში. აქ უკვე კოჰაბიტაციურ რეჟიმზეა საუბარი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც საუბრობს. „დამთავრდა კოჰაბიტაცია, თუმცა ნაშთი მაინც რჩება მომავალ არჩევნებამდე“. ბიუჯეტის განხილვისას სადავო ჩანდა 2014 წლის ხელფასების მომატების საკითხი. დაველოდოთ „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკას, რომელიც ამ ფონზე გარდაუვალია.

 

რა მოგვცა „ქართული ოცნების“ ერთწლიანმა ოცნებამ?.. ფართო საზოგადოებისთვის პასუხი თითქოს რთულია, მაგრამ ამავე დროს მარტივი.

 

ამერიკულმა კოჰაბიტაციამ თითქოს შედეგი გამოიღო და ერთ დროს გადამტერებული ორი პოლიტიკური ძალა შეუმჩნევლად, მაგრამ ერთმანეთს მაინც „ჩაახუტა“ („ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“).

 

ვერ ვიტყვით, ე.წ. კოჰაბიტაცია თვალშისაცემი სად არის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში, მაგრამ ცხადია, რომ „თანაარსებობას თუ თანამზრახველობას“ ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჩიხში შეჰყავს.

 

 გასული წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამა წლის საშემოდგომო და საპრეზიდენტო არჩევნებმაც მშვიდობიანად ჩაიარა. ქვეყნის სათავეს ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგა, რომელიც თვლის, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა „განსაკუთრებული“ იქნება. ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე მიცემულმა მისმა ინტერვიუმ რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვოსკრესენია ვრემიასთვის“ დიდი  მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი „პრაიმტაიმის“  პრესკლუბში მიცემულ  ინტერვიუში აცხადებს: „ჩვენი ახალი პრეზიდენტი თავის პირველ ინტერვიუს აძლევს რუსეთის წამყვან არხს. ნეგატიური ის არის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების წითელ ხაზად მან პუშკინის ვიზიტი დახატა, როგორც ჩანს, პუშკინის ვიზიტიდან აბაშიძის კარასინთან შეხვედრამდე საქართველო რუსეთს შორის ცუდი არაფერი მომხდარა სააკაშვილის გარდა“.

დარჩიაშვილის აზრით, მარგველაშვილის ეს განცხადებები გამოხატავს ტონს და დისკურსს, რომელსაც პირობითად კრემლისადმი მაამებლობა შეიძლება ეწოდოს.

 

გიორგი მარგველაშვილი ამ ინტერვიუში რუსეთის პატრიარქის მილოცვაზეც საუბრობს:

 

„რუსეთის პატრიარქის მილოცვამ, ძალიან გამახარა. ეს იყო ხაზგასმა იმ ფაქტის, რომ ის იარები, რომლებიც შექმნეს პოლიტიკოსებმა, იმ ადამიანების მიერ უნდა შეხორცდეს, ვინც ორიენტირებულია კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები და განვაცხადეთ, რომ შევეცდებით, ჩვენი დიალოგი გადავიყვანოთ აგრესიული ურთიერთობებიდან რაციონალურ ჩარჩოში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინაუგურაციამდე პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე გულებიანი დროშა ააფრიალეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებმა ამ ფაქტს ახალი კლიპის გადაღება დაუკავშირეს.

საშემოდგომო პოლიტიკური მარათონი უკვე პიკს უახლოვდება თავისი საპრეზიდენტო ინაუგურაციით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია