დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი კონსტიტუციის მიხედვით?
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი კონსტიტუციის მიხედვით?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 3492
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი? თუ მოქმედ პრემიერ-მინიტრს დავუჯერებთ, პირველი ლედი მომავალი პრემიერ-მინისტრის მეუღლე იქნება, საზოგადოების  ნაწილმა კი ეს განცხადება სოციალურ ქსელებში ივანიშვილის მხრიდან პირველი ლედის დანიშვნად აღიქვა. რაც შეეხება ინაუგურაციის დროს პრეზიდენტის თანამგზავრის ადგილს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ტრიბუნაზე გიორგი მარგველაშვილი ფიცის დადების დროს მარტო იდგება.

 

 

„პრეზიდენტი მარგველაშვილი ტრიბუნასთან იდგება სრულიად მარტო, რადგან გათვალისწინებული არ არის მის გვერდით სხვისი დგომა. მაშინ, როდესაც ის დადებს ფიცს, წაიკითხავს თავის მისასალმებელ სიტყვას, ჩაიბარებს ჯარს და მთავარსარდლობას, სცენარით მის გვერდით არავის ყოფნა გათვალისწინებული არ არის. მისი მეუღლე იდგება საზოგადოებაში. უკვე ფიცდადებულ პრეზიდენტს ასევე არ ექნება საშუალება დაჯდეს. როგორც კი მორჩება პროცედურით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას, გმირთა მოედნისკენ გაემართება. მისი ოჯახის წევრები საპატიო ადგილას, მაყურებლებში იქნებიან,“ - განცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადაცემა „დიდ პოლიტიკაში.“   

 

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მისი თანამგზავრი მსახიობი და ხელოვანი მაკა ჩიჩუაა, რომლის წინააღმდეგაც უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთანავე აგორდა, ინტერნეტით მაკა ჩიჩუას პიკანტური ფოტოც კი გავრცელდა. როგორც მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია „ტვ 3“-ის ეთერში განაცხადა, გასაგებია, რომ მომავალი პრეზიდენტისა და მაკა ჩიჩუას ურთიერთობები ინტერესის საგანია, თუმცა „ამომრჩევლებს არანაირი თხოვნების, მოთხოვნებისა და სურვილების უფლება და კომპეტენცია არ გააჩნიათ.“

 

„როდესაც გიორგიმ თქვა, რომ ის არ აპირებს, არჩევნების წინ ოჯახი შექმნას, მან იგულისხმა შემდეგი რამ მის და მაკას ურთიერთობებს ბუნებრივი განვითარების გზა აქვს, მათ ერთმანეთი უყვართ და, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, როდის, როგორ, რანაირად გააფორმებენ ამ ურთიერთობებს. ეს თავისუფალი, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რომელშიც გასაგებია ჩვენი - ამომრჩევლების, ქვეყნის ინტერესი, მაგრამ ეს ინტერესად უნდა დარჩეს და არანაირი თხოვნების, მოთხოვნებისა და სურვილების უფლება და კომპეტენცია არ გაგვაჩნია,“ - აცხადებს რამიშვილი. ამასთან, რამიშვილი მაკა ჩიჩუას წინააღმდეგ აგორებულ „შავი პიარში“ „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავდა.

 

„რაც გაკეთდა ეს არ იყო ჩვეულებრივი აპოლიტიკური მოქალაქეების გაკეთებული, მე ვთხოვ ყველას, რომ ეს განიხილოს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლის ელემენტი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლა. „ნაციონალურ მოძრაობა“ არაერთგვაროვანია,  არის ბნელი ნაწილი და ნაკლებად ბნელი. შტაბს ნაკლებად ბნელი ნაწილი ხელმძღვანელობდა და ჩემთვის, როგორც       „პიარშიკისთვის“ სამწუხაროდ, მათ ეს არ გამოიყენეს და არ გაუშვეს, თორემ იმ მხარდამჭერებს დაკარგავდნენ, რომლებიც მათ ევროპულობის, ან ლიბერალურობის, ან თავისუფლებისთვის უჭერენ მხარს,“ - განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიის დროს შალვა რამიშვილმა.

 

 

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ...

 

„ირაკლის ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე, ჰყავს კარგი ოჯახი, და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ არაჩვეულებრივ ფაქტს, რითაც მე ხშირად ვამაყობ: სკოლის მერხიდან უყვართ მას და მის მეუღლეს ერთმანეთი, სკოლის მერხიდან, ეს ჩემთვის უნიკალურია, ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ძალიან ტრადიციული ოჯახი შემქმნელი და ძალიან დამსახურებული, ესე ვთქვათ,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარდგენისას.

 

თუმცა, საზოგადოების ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ოჯახურ ღირებულებებზე ხაზგასმამ და ასეთ კონტექსტში მომავალი პირველი ლედის როლში მომავალი პრემიერის მეუღლის დასახელებამ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, პრემიერის მიერ ნათქვამი ფრაზა - „ღირსეული პირველი ლედი გეყოლებათ“ - მაკა ჩიჩუას დამცირებად აღიქვა. როგორც სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი ლედიც დაგვინიშნაო.

 

 

ვინ იქნება პირველი ლედი კონსტიტუციის მიხედვით?

 

„პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ცნებები - სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. ახალი კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაური არის და არა სახელმწიფოს მეთაური. სახელმწიფოს მეთაური კი კვლავ პრეზიდენტია. შესაბამისად, პირველი პირი ცალსახად იქნება არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ხოლო ე.წ პირველი ლედი კი ცალსახად იქნება პრეზიდენტის პარტნიორი, მაკა ჩიჩუა“ - ამბობს იურისტი თამარ გურჩიანი „ნეტგაზეთთან“ საუბრის დროს. მისივე თქმით, პრემიერს უნდა ესმოდეს კონსტიტუციის მნიშვნელობა და ასეთ კონტრავერსიულ განმარტებებს არ უნდა აკეთებდეს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენისას მის მიერ ოჯახურ ღირებულებებზე გაკეთებული აქცენტები სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის ლეგიტიმაცია, რისი უფლებაც არავის აქვს.

 

„მსოფლიოში არსებობს ბევრი მაგალითი, როცა სახელმწიფოს მეთაურის პარტნიორი, ქალი თუ მამაკაცი, ისეთივე სტატუსით სარგებლობს, როგორც ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. სირცხვილია, რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს უნდა მოვუწოდოთ კონსტიტუციის პატივისცემისკენ,“ - ამბობს თამარ გურჩიანი. მისივე აზრით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის მცდელობა, ოჯახურ ფასეულობებზე აპელირებით  დაჩრდილოს  ქვეყნის უზენაეს კანონში  გაცხადებული პრინციპი, არა მხოლოდ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის, არამედ ამომრჩევლის ნების შეურაცხყოფის რისკსაც მოიცავს.

 

 

ცნობისთვის: ტერმინი „პირველი ლედი“ პირველად აშშ-ში 1849 წელს, პრეზიდენტმა ტეილორმა გამოიყენა. მან ასე მოიხსენია მე-4 პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის მეუღლე, დოლი მედისონი. თუმცა ეს „პირველი ლედი“ ოფიციალურად 1877 წლის შემდეგ დამკვიდრდა. ჟურნალისტმა მეირ ეიმსმა პრეზიდენტ რუტერფორდ ჰეიზის ინაუგურაციისას, ასე უწოდა პრეზიდენტის მეუღლეს, ლუსი უებ ჰეიზს.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია