საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„კასტრაციის კომპლექსში ჩარჩენილი ერი“ - უჩვეულო ლექცია ქუთაისში
„კასტრაციის კომპლექსში ჩარჩენილი ერი“ - უჩვეულო ლექცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1477
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

„ჩვენ ვართ კასტრაციის კომპლექსში ჩარჩენილი ერი“ - აღნიშნა ფსიქოლოგმა მამუკა გელაშვილმა, რომელმაც ღია ლექცია, უჩვეულო გარემოში, კაფე „ფოე-ფოეში“ წაიკითხა. ლექციის თემა იყო: სოციუმისა და პიროვნების ურთიერთიდენტიფიკაციის და ადაპტაციის პრობლემა. ფსიქოლოგმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ადამიანი დღიდან დაბადებისა, მთელი არსებობის მანძილზე აწყდება. ფსიქოლოგმა იმ მიზეზებზე გააკეთა აქცენტი, რაც ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია პიროვნების გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. ლექციის მსვლელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ შიში, როგორც გრძნობა, ყველაზე დიდი ნაკლი და არასრულფასოვნების კომპლექსია. „მისი მსჯელობა, ვისაც ეშინია, სამართლიანი არ არის“ - აღნიშნა მომხსენებელმა ლექციის დასასრულს.

 

ლექციის უჩვეულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მხოლოდ მცირე სეგმენტზე არ იყო გათვლილი, არამედ იმ ნებისმიერ ადამიანზე, ვინც  კაფეში სულ სხვა მიზნით შევიდა, თუმცა, უჩვეულო გარემოში აღმოჩნდებოდა, რაც არის ადაპტაციის და კომუნიკაციის კარგი მაგალითი. კაფეში მყოფ საზოგადოებას ლექციაში ჩართვის საშუალება ჰქონდა.

 

ავტორმა პროექტს სიმბოლურად სახელი თავისი ცხოვრების ისტორიის მიხედვით შეურჩია და „აბრეშუმი“ უწოდა, „მამაჩემი მუშაობდა ქუთაისის აბრეშუმკომბინატში და 90-იან წლებში, როცა მთლიანად განადგურდა ეს ფაბრიკა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა - მამამ ახალ რეალობაში ადაპტაცია ვერ მოახერხა და მერე დაიღუპა კიდეც...“

 

„თავდაპირველად, გადაწყვეტილი გვქონდა, პროექტის ფარგლებში ლექციები ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში ჩაგვეტარებინა, მაგრამ მივხვდი, რომ იქ მხოლოდ სპეციალურად მოწვეული ადამიანები მოვიდოდნენ. ჩვენ კი გვინდოდა, ეს ლექციები მშრალი არ გამოგვსვლოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ ყველაფრისთვის ღია სახე მიგვეცა და ადამიანი, რომელიც დასასვენებლად შემოვიდოდა კაფეში, შემთხვევით აღმოჩნდებოდა ლექციაზე, რაც კომუნიკაციის კარგი საშუალებაა. ვფიქრობთ, რომ ლექციამ თავისი მისია მეტ-ნაკლებად შეასრულა.

 

რაც შეეხება თემას პირადი ბიოგრაფიიდან ამოვედი. მამა მუშაობდა აბრეშუმის ქარხანაში, რომელსაც ახლა პირვანდელი ფუნქცია აღარ აქვს და სადაც 30 კერძო კომპანიაა შესული. დავიწყე კვლევა, როგორ ითვისებს ბაზარი არსებულ სივრცეს, რას ინარჩუნებს და რას კარგავს ქალაქი არქიტექტურის კუთხით. სამწუხაროდ, 90-იან წლებში სისტემის დანგრევის შემდეგ საერთოდ გაიქურდა და განადგურდა მსგავსი შენობები. ქალაქი გამოშიგნული და უფუნქციო დარჩა. ევროპაში ასეთ ფართებს ხელოვანები ითვისებდნენ, აძლევდნენ ახალ დანიშნულებას, რაც შემდგომ ხშირად ხდება ხოლმე ამ ქალაქების სავიზიტო ბარათი, რისი კულტურაც ჩვენთან არ არის.

 

ქართველ ხელოვანებს ამის გამოცდილება არ აქვთ. ჩემს ნაცნობ ბევრ უცხოელს აინტერესებს ეს ქალაქი, მაგრამ არ არის სივრცე, სადაც მუშაობა და კვლევა იქნება შესაძლებელი. სწორედ ესაა ჩვენი ლექციების მიზანი, მოვახერხოთ ადაპტაცია და არსებული არქიტექტურული რესურსი გამოვიყენოთ, რომ განვითარდეთ,“ - აღნიშნა პროექტის დირექტორმა ნიკოლოზ ლუტიძემ.


პროექტ „აბრეშუმის“ ფარგლებში,  ქუთაისში, ნოემბერში რამდენიმე ლექცია გაიმართება, ბოლოს კი მოეწყობა დასკვნითი გამოფენა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია