დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ იქნება იმერეთის გუბერნატორი?
ვინ იქნება იმერეთის გუბერნატორი?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 3078
ავტორი:
მარიამ პატარაია

კოპალიანი, ნარჩემაშვილი, მარუაშვილი თუ... ვინმე სხვა?

 

იმერეთის გუბერნატორის  პოსტზე შესაძლო კანდიდატურათა სიაში უკვე სამი გვარი ფიგურირებს: კოპალიანი, ნარჩემაშვილი და მარუაშვილი. სავარაუდოდ, ეს თემა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე განსაკუთრებით აქტუალური იქნება და გვარების რაოდენობაც მოიმატებს.

 

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რეგიონებში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულები უნდა დაინიშნონ. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მხარის რწმუნებულებს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

 

27 ოქტომბერს   არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, სააკაშვილის დანიშნული მოქმედი  გუბერნატორები პოსტებს თავად ტოვებენ.  პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მათი სავარაუდო შემცვლელების შესახებ.

თანამდებობა, ჯერჯერობით, არ დაუტოვებია იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულს, ვახტანგ ბალავაძეს, თუმცა, მის შემცვლელად  უკვე განიხილება ორი კანდიდატურა. 

 

გასულ კვირას, psnews.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნულ პოსტზე კობა ნარჩემაშვილის ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ. ამ კანდიდატურის განხილვა დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

 

თავად ნარჩემაშვილი გუბერნატორად დანიშვნას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ოფიციალური შემოთავაზება, ჯერჯერობით, არ მიუღია, თუმცა,  მისთვის ცნობილია, რომ  იგი ამ პოსტზე მოიაზრება.

 

„ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურის შესახებ არის საუბარი, მაგრამ ოფიციალურად  ჯერ არავის არაფერი შემოუთავაზებია. როცა შემომთავაზებენ, აუცილებლად ვიტყვი ამას,“ აცხადებს ლაშა ნარჩემაშვილი „პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ძმა ამჟამად წყალტუბოში ცხოვრობს.   იგი 2013 წლის 28 იანვრიდან „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა.  ნარჩემაშვილის არჩევას წყალტუბოში  ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ. მის ამ პოსტზე დანიშვნას თავად კოალიციის ადგილობრივი წარმომადგენლები აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ლაშა ნარჩემაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი იყო, რომელიც ახლა უკვე წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, კახა ბაბუნაშვილთან ერთად,  „ნაციონალების“ მმართველობის დროს ბიზნესს არეკეტებდა და სხვის ქონებას უკანონოდ ითვისებდა.

 

თავად კახა ბაბუნაშვილი, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, შემდეგ კი ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჩაუდგა სათავეში, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნას მიესალმება.

 

„მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია შეეფერება თუ არა სიმართლეს, მაგრამ თუ ლაშა დაინიშნება ამ თანამდებობაზე, ძალიან კარგი იქნება, რადგან ის  კარგი ადამიანია,“ აცხადებს ბაბუნაშვილი.

ვახტანგ ბალავაძის შემცვლელად მოიაზრება ასევე, ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი. კოპალიანი, რომელიც  მერის  პოსტზე 100-დღიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „მხარდამჭერთა კლუბს“ ხელმძღვანელობდა,  იმერეთის გუბერნატორის პოსტზე წინასაარჩევნო პერიოდიდან მოიაზრება. 

 

კოპალიანი მისი შესაძლო გუბერნატორობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მედიით მხოლოდ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კარგი იქნებოდა იმერეთის გუბერნატორობა“.

საგაზეთო მასალის მომზადების პროცესში გუბერნატორობის შესაძლო კანდიდატურად კიდევ ერთი პიროვნების,ზაზა მარუაშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იგი წარმოშობით ქუთაისელია, თუმცა დედაქალაქში მოღვაწეობდა და  წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.  

 

 

სავარაუდოდ, მკითხაობა და საზოგადოების ვნებათაღელვა იმის შესახებ, თუ ვინ იქნება  იმერეთის ახალი გუბერნატორი, კიდევ უფრო გააქტიურდება. საბოლოოდ კი, ეს საკითხი მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციისა და პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია