საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
უმეთვალყურეოდ დარჩენილ სასაფლაოებზე პირუტყვი ბალახობს
უმეთვალყურეოდ დარჩენილ სასაფლაოებზე პირუტყვი ბალახობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1452
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში არსებული 13 მოქმედი სასაფლაოს მოვლა-პატრონობას შპს    „ქართული ტრადიციები 2011“ ახორციელებს. შპს 2011 წელს ქალაქის მერიამ დააფუძნა.

 

„ქართული ტრადიციები 2011“-ის მოვალეობას შიდაგზების დასუფთავება, ნარჩენების გატანა  და სასაფლაოების პირუტყვისგან დაცვა წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად სამსახურის არსებობისა, ქუთაისის სასაფლაოებზე საფლავების მეპატრონეებსა და პირუტყვის პატრონებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება. ვინაიდან სასაფლაოების უმეტესობა შემოუღობავია, პირუტყვი აქ ბალახობს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. შპს-ს ხელმძღვანელის, გოჩა მარგველაშვილის განცხადებით, სასაფლაოებს ფინანსების არ არსებობის გამო დარაჯები არ ჰყავთ, ამიტომ ტერიტორია ყოველთვის ვერ გაკონტროლდება, თუმცა, მისივე განცხადებით, სამსახურის წარმომადგენელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაპირისპირების დროს პატრულს გამოუძახოს, ვინაიდან მოქალაქეების ჩხუბში ჩარევის უფლება არ აქვს. სასაფლაოების მეპატრონეები კი სწორედ სამსახურისაგან მოითხოვენ საფლავის კონტროლს და შემოღობვას.

კაკო იობიძე: „ახალგაზრდა შვილი მყავს დაკრძალული და როგორია, ყოველ მოსვლაზე რომ ვხედავ მის საფლავს წაბილწულს! რამდენჯერ გავაფრთხილე ძროხების პატრონი, მაგრამ - უშედეგოდ, ყოველ ჯერზე ისევ ისეა. პატრონი არ ჰყავს ამ სასაფლაოებს ვინმე, არ შეიძლება, რომ შემოღობონ და გააკონტროლონ? შვილის სასაფლაოზე მოვდივარ და ჩხუბით ვბრუნდები. ავანგარდში, მით უმეტეს, საშინელი მდგომარეობაა, ციგნებს ათეულობით ცხენი ჰყავთ და ყველა აქ იყრის თავს“.

ჟუჟუნა, 55 წლის: „რა განუკითხაობაა, სასაფლაოებზე რომ არ გამოუშვან პირუტყვი, არ შეიძლება? თან გადაყოლილი ვარ ამ საფლავს და როგორია, ასეთ გაუბედურებულს რომ ვხედავ? შემოღობონ, დაიჭირონ ძროხები და წაიყვანონ. გვესმის, რომ პატრონებიც ცოდვები არიან, მაგრამ ამის მერე მაინც ისწავლიან, რომ ასე უპატრონოდ არ გამოუშვან ძროხები და ცხენები. რას აკეთებს სამსახური, რომელსაც აბარია სასაფლაოების მოვლა, არავინ იღებს პასუხისმგებლობას, მაგათ მიწის გაყიდვის მეტი არაფერი აქვთ საქმე?“

სასაფლაოების ტერიტორიაზე არ არის გამოკრული განცხადებები, სადაც მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი, რომელზე დაკავშირებასაც მოსახლეობა შეძლებს.

რა მოვალეობები გადაეცა შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ს, მას შემდეგ, რაც სასაფლაოების მეთვალყურეობა გადაიბარეს, ამ კითხვებზე მერიის ბაზაზე დაფუძნებული შპს-ს ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი პასუხობს:

„ჩვენი სამსახურის  მოვალეობაში სასაფლაოს დასუფთავება შედის. რა თქმა უნდა, პირუტყვი არ უნდა შედიოდეს და მეტ-ნაკლებად ვახერხებთ ამას, მაგრამ სასაფლაოებს დარაჯი არ ჰყავს და ამიტომ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყეთ სასაფლაოების შემოღობვა, ავანგარდის სასაფლაოზე 90 მეტრი უკვე შევღობეთ და, დაახლოებით, ორ კვირაში მთლიანად მოვრჩებით. შევიძინეთ ორი ჭიშკრის მასალა და მათაც დავკიდებთ, ამის შემდეგ სასაფლაო დაცული გახდება. საინტერესო, იცით, რა არის, როდესაც შემოღობვა დავიწყეთ, მოვიდნენ პარუტყვების მეპატრონეები და გაოცებული გვეკითხებოდნენ, რატომ ღობავთო? მათ მიაჩნიათ, რომ ძროხებმა სასაფლაოზე უნდა იბალახონ. იმედია, უახლოეს მომავალში ყველა სასაფლაო დაცული გახდება, ამისთვის ჩვენ ყველანაირ ღონეს ვიყენებთ.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია