დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი კოდექსით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება
ახალი კოდექსით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1691
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

თვითმმართველობას თავისი ფინანსური შემოსავალი ექნება და მის საქმეებში ვერავინ ჩაერევა

 

საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, კოდექსი სრულად ცვლის თვითმმართველობათა დღეს არსებულ მანკიერ სისტემას და გვთავაზობს ევროპული ტიპის თვითმმართველობის სისტემას.

 

ხელისუფლება ფიქრობს, რომ რეფორმის შედეგად მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას. 

 

კოდექსის მიხედვით, მთავარი სიახლეა ის, რომ  თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება და დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია (მაგალითად: ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.). თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.

კოდექსით განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ასევე, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საექსპერტო წრეები. როგორც „პირWელის“ პრესკლუბში მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რეფორმა გრძელვადიანია და რამდენიმე წელს მოიცავს, თუმცა, მისი პირველი ეტაპის დასრულება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იგეგმება.

 

„ჩვენ გვინდა, მივიღოთ ქვეყანა, სადაც ხელისუფალი არა მხოლოდ მართავს ქვეყანას, არამედ საზოგადოება აკონტროლებს ხელისუფლებას და საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მართვის პროცესში. თუ მოქალაქეს არ ეკითხებიან, მის სოფელში, მის ქალაქში რა უნდა გაკეთდეს, ფასადი უნდა შეიღებოს, წყალი შეკეთდეს თუ სხვა რამ, ასეთი მოქალაქე არასდროს გააკონტროლებს ცენტრალურ მთავრობას. თვითმმართველობის რეფორმა გვჭირდება იმისთვის, რომ მან შექმნას მოქალაქის ჩართულობა სახელმწიფოს მართვაში. გარწმუნებთ, სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს,“ - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისეთი საკითხებიც კი, როგორიცაა წყალმომარაგების შეწყვეტა რომელიღაც სოფელში, ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია.

 

„ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში პატარა ზვავი ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა. დასჭირდათ ტრაქტორი, რომელიც მუნიციპალიტეტს არ აღმოაჩნდა. გამგებელმა და საკრებულომ მომართა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაავალა შესაბამის დეპარტამენტს, მან მოამზადა გადაწყვეტილება, შემდეგ ეს წავიდა შეთანხმებაზე ფინანსთა სამინისტროში, სამინისტრომ  საკითხი გამოიტანა მთავრობის სხდომაზე, სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და მერე ეს ყველაფერი წავიდა უკან ფინანსთა სამინისტრომ გამოყო ფული, ფული წავიდა მუნიციპალიტეტში და ა.შ.“ - განაცხადა მელაშვილმა და დასძინა, რომ რეფორმა ფინანსურ დეცენტრალიზაციასაც ითვალისწინებს. ფინანსური დეცენტრალიზაციის შედეგად კი თვითმმართველობას თავისი ფინანსური შემოსავალი ექნება და მის საქმეებში ვერავინ ჩაერევა. მისივე თქმით, აქამდე თვითმმართველობაზე ზედამხედველობა გუბერნატორებს ეკისრებოდათ, თუმცა, ახალი კანონით თვითმმართველობის გადაწყვეტილების შეცვლა, სასამართლოს გარდა, არავის ექნება. მელაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობას  დავალებას    „ტელეფონით“   ვერავინ მისცემს.

 

„ყველა თვითმმართველობაში უნდა გაკეთდეს ერთიანი ადმინისტრაციული სივრცე, სადაც იქნება გამგეობა, საკრებულო, სოფლის სახლი, ბანკი და დაზღვევა,“ - განაცხადა მელაშვილმა.  რეფორმის პირველი ეტაპი, დაახლოებით, 40-50 მილიონი ლარი დაჯდება, რაც 50 კარგად მოწყობილ თვითმმართველობას ნიშნავს.

 

 

როდის უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის რეფორმა?

 

როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ საარჩევნო ჯგუფს კონკრეტული ცვლილებები ჯერ არ აქვს მომზადებული.

 

„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ყველა არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა, თვითმმართველობებს მუშაობის ვადა მაისში გადის. ამიტომ ჯერ არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი არ არის გადაწყვეტილი. ალბათ, პარლამენტი ამ თემაზე საკანონმდებლო ცვლილებას ან დადგენილებას მოამზადებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი მამუკა ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ  არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე ძირეული ცვლილებების შეტანა თვითმმართველობის რეფორმაში დაუშვებელია. „თუ რაიმე ცვლილების შეტანა გვინდა, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

 

თბილისის მერის გიგი უგულავას შეფასებით კი, მთავრობამ თვითმმართველობაში  ახალი   რეფორმა წამოიწყო,  რომლის  შესახებაც არავინ არაფერი იცის.

 

„თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია, რადგან მთავრობამ წამოიწყო რეფორმა, რომლის შესახებაც არავინ არ იცის, არც საკრებულოს უმრავლესობამ და არცერთმა თვითმმართველობამ. მხოლოდ რაღაც დოკუმენტი ვიცით და ის დოკუმენტი გახდება თუ არა რეალობა ან როგორი იქნება თვითმმართველობა, რა საზღვრებში ავირჩევთ, ეს ყველაფერი არ ვიცით. შესაბამისად, საუბარი არჩევნებზე სწორი მაშინ იქნება, როდესაც თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა და არჩევნების თარიღი გვეცოდინება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაისში იქნება. ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე ყველა საკანონმდებლო ნორმა და რეგულაცია უნდა იყოს გამზადებული. მაისამდე დარჩენილია 6-7 თვე და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა იქნება. ჯერ მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და თუ პატივს დაგვდებენ და გვეტყვიან არჩევნები როდისაა და რა სისტემით ჩატარდება, შემდეგ ბუნებრივია, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას,“ განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია