დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„კარგი იქნება, თუ გამოგვაფხიზლებთ ხოლმე“
„კარგი იქნება, თუ გამოგვაფხიზლებთ ხოლმე“
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1986
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის ბიუჯეტი არ იცის


 

„როგორ გითხრათ, ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი არ იქნება“ ამ პასუხით დაიწყო ინტერვიუ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე წყალტუბოს საკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან. 

 

ნოდარ კაპანაძემ, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას 5 თვის წინ შეუდგა, არც ერთი ციფრი, რაც ქალაქის ბიუჯეტს უკავშირდება, არ იცის. უფრო მეტიც, კაპანაძე არც ცდილობს, რომ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი არ აქვს, თავი აარიდოს, რადგან მიაჩნია, რომ არ არის ვალდებული, საბიუჯეტო  მონაცემები ზეპირად იცოდეს.

 

„მე არ ვიცი დეტალები, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, საფინანსო კომისიას დავუძახებ და ისინი უფრო გეტყვიან,“ განაცხადა კაპანაძემ და ინფორმაციის მოსასმენად საკუთარ კაბინეტში საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის წევრი დაიბარა.  მალხაზ ღვინიანიძემ, რომელიც კომისიაში მოწვეული სპეციალისტია, საბიუჯეტო პარამეტრებზე დეტალური ინფორმაციის არქონის გამო, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცემა წინასწარ მომზადებას საჭიროებს.

 

„მეც მაგ სფეროში ვმუშაობ და ცოტა რამ ვიცი, მაგრამ წინასწარ თუ შემატყობინებთ, უფრო მომზადებული დაგხვდებით. წინა დღეს, უბრალოდ, ჩახედვა და დალაგება უნდა ციფრებს,“ - ამბობს მალხაზ ღვინიანიძე და ფურცელზე წინასწარ ამოწერილ ორ ციფრს გვისახელებს.

 

ღვინიანიძის თქმით, წყალტუბოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 722 ათასი ლარია. აქედან 2 მილიონ 400 ათასი ადგილობრივი შემოსავლებია. დანარჩენი თანხა კი ქალაქმა ტრანსფერის სახით მიიღო.

 

მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება, თუმცა, ადგილობრივთა ინფორმაციით, უკვე მეორე წელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება. მათ შორის, ცივი ტბის აღდგენა, რომელიც წყალტუბოში ერთ-ერთი ხმაურიანი თემა იყო, ამ დრომდე არ დასრულებულა. აზერბაიჯანულ კომპანიას ტბის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასი დღემდე არ გადაუხდია, რის გამოც მას სამუშაოების განხორციელების უფლება ჩამოერთვა. მის მიერ დაწყებული სამუშაოები კი  ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულმა ახალმა კომპანიამ განაგრძო.

 

პრობლემებია ასევე წყალტუბოს ე.წ. წრიული გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  გზის მოასფალტება ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, ახლა მთავარი აქცენტი ქალაქში დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაზეა გადატანილი, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ქალაქში მიმდინარე რეაბილიტაციის დეტალებში  ერკვევა.   კაპანაძემ ადმინისტრაციულ შენობებში დაწყებული  რეაბილიტაციისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების არც მასშტაბურობა, არც დაფინანსების  წყარო და არც ტრანსფერის რაოდენობა არ იცის. „ცალ-ცალკე პროექტებია და ერთიანად არ გვაქვს დაჯამებული. მე მგონი, რამდენიმე მილიონია,“ - ამბობს ღვინიანიძე.

 

რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მიზერული შემოსავლების გამო ინდივიდუალური პროექტების განხორციელება ვერ ხერხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს, ბიუჯეტის საერთო  შემოსავლები კი მხლოდ 2 მილიონ 400 ათასი ლარია.

„კარგი იქნება, თუ ხშირად ჩამოხვალთ  და გამოგვაფხიზლებთ ხოლმე“ ამ ფრაზით დაასრულა ინტერვიუ ნოდარ კაპანაძემ.

 

ნოდარ კაპანაძის წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას წინ ხმაურიანი პროცესები უძღოდა. საკრებულოს დეპუტატთა ნაწილისთვის მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო. 

საბოლოოდ, კაპანაძე, რომელმაც პოსტზე მამუკა საღარეიშვილი შეცვალა, თავმჯდომარედ რამდენიმედღიანი ვნებათაღელვის შემდეგ, 14 ხმით აირჩიეს. 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია