დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორი პრეზიდენტი ავირჩიეთ?
როგორი პრეზიდენტი ავირჩიეთ?
სულ ნანახია 1911
ავტორი:

როგორი პრეზიდენტი ავირჩიეთ?

 

საქართველოს ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს ირჩევს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი იქნება.  


ეს არის პირველი შემთხვევა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მეორე და საბოლოო ვადა სრულად ამოწურა და არჩევნების გზით მას ახალი პრეზიდენტი შეცვლის.

 

27 ოქტომბრის არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ელექტორატი სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტს ირჩევს, რადგან ქვეყანა ძლიერი საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო ტიპის შერეულ მოდელზე გადადის.


ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის სამი წლის წინ მიღებული  ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც ქვეყნის მართვის პროცესში პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ როლს მნიშვნელოვნად ზრდის, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.


მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის კონსტიტუცია მოქმედებდა, თუმცა რეალური ძალაუფლება მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საპარლამენტო ხელისუფლება და მთავრობა შეიცვალა, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა და პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ე.წ. „კოჰაბიტაციურ“ პერიოდში კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული არცერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არ გამოუყენებია მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ.


27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ის დატვირთვაც ჰქონდა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა.


ახალი კონსტიტუციური დებულებების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეარჩიოს, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წარადგენს; პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი შეარჩევს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტი ახალ მთავრობას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ სულ ცოტა 76 ხმით ამტკიცებს, მაშინ, როცა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხანგრძლივი პროცედურა სჭირდება.


მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობის დატოვებას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.


თუ ეს გეგმა ძალაში დარჩა, არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ორი წამყვანი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, ერთდროულად დატოვებს.


პრეზიდენტის უფლებები 


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი როლი მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობებში არბიტრის ფუნქციის შესრულება იქნება.


 
პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლად რჩება, ახალი კონსტიტუციის თანახმად, თუმცა ის აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.


სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტს კვლავაც რჩება უფლება, რომ დაითხოვოს მთავრობა ან პარლამენტი. ახალი პრეზიდენტი საბიუჯეტო პროცესში აღარ მიიღებს მონაწილეობას.


ახალი კონსტიტუციური დებულებებით, პრეზიდენტი თავისი ქმედებების უმეტესობას, მათ შორის სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმართვისას, მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს.


ამასთან, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების უმეტესობა მხოლოდ კონსტასიგნაციის ანუ პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა ძალაში. კონტრასიგნაცია არ დასჭირდება საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტებს და ასევე იმ სფეროებში გამოცემულ აქტებსაც, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება რჩება.


პრეზიდენტს კვლავაც ექნება ექსკლუზიური უფლებები დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები და დაითხოვოს პარლამენტი, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, მიანიჭოს ჯილდოები და წოდებები, ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, განსაზღვროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობა, სახელმწიფოს სახელით დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.


ასევე პრეზიდენტს დარჩება უფლება, რომ პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგეს წელიწადში ერთხელ.

 


 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია