საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დალილა ცატავას გასტრონომიული ტურიზმის მასტერკლასები
დალილა ცატავას გასტრონომიული ტურიზმის მასტერკლასები
სულ ნანახია 130
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ქუთაისში ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი დაფუძნდა

ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრმა, რომელიც მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს ბაზაზე დააფუძნა მისმა მთავარმა რედაქტორმა და სომელიე-ჟურნალისტმა ნატო გუბელაძემ, ქუთაისში უკვე რამდენიმე ტრენინგი და მასტერკლასი გამართა.

როგორც ნატო გუბელაძე აცხადებს, ამ ცენტრის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. განვითარებისთვის კი განათლება, ცოდნის შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება უმნიშვნელოვანესია. რეგიონებში ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია, ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია კვალიფიციური ტრენინგების ადგილზე გავლა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს იქნება, რომ დედაქალაქში დასაქმებული პროფესიონალები მოვიწვიოთ და მათი გამოცდილების გათვალისწინებით სასერთიფიკატო სასწავლო კურსების ორგანიზება გავაკეთოთ სხვადასხვა რეგიონში ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა: ტურიზმის მენეჯმენტი, გიდობის ხელოვნება, მცირე საოჯახო სასტუმროების მართვა, ღვინო, დეგუსტაციის უნარ-ჩვევები, გასტრონომია, ეტიკეტი, მომსახურების წესები, სერვირება და ა.შ. ეს ის თემებია, რაც რეგიონებში ტურიზმის განვითარებისათვის ანბანის ცოდნის ტოლფასია.

 

ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ერთ-ერთი პირველი ტრენინგი გიდებისა და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართული კომპანიებისთვის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყის ში შედგა. მას მოწვეული ტრენერი, გასტრონომიული კულტურის ცნობილი მკვლევარი, გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი დალილა ცატავა წარმართავდა.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:  ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების  ადგილის მართვის ორგანიზაცია“  და მედიასახლი P.S.(„პოსტსკრიპტუმი)

 

 

 

 

კურსის მონაწილეთა მაღალი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ქალბატონი  დალილას მიერ წარმოდგენილმა ინფორმაციამ და საინტერესო მაგალითებმა გასტრონომიული კულტურის ისტორიიდან, რეგიონული სამზარეულოების დეტალურად განხილვამ, რიტუალური დანიშნულების კერძების როლმა გასტრონომიულ ტურიზმში. გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიხვეწოს და კიდევ უფრო პოპულარული გახდეს გასტრონომიული ტურიზმი;

კურსის თეორიულ ნაწილის შემდეგ ორი დღე დაეთმო პრაქტიკულ მასტერკლასებს: პირველი მასტერკლასი გაიმართა საზანოს ღვინის მარანში, სადაც ქალბატონ დალილასთან ერთად, ნატო გუბელაძემ წარმართა ღვინისა და კერძების შეხამების მასტერკლასი. კურსის მონაწილეებმა ყველის სხვადასხვა სახეობასთან, მათ შორის, საზანოს ცნობილ ყველთან და სხვა კერძებთან ერთად დააგემოვნეს საზანოს ღვინის მარნის  ხუთი სახეობის ღვინო: ციცქა, კრახუნა, ტვიში, ალადასტური,ოცხანური საფერე და თითოეული შეხამება შეაფასეს 10 ქულიანი სისტემით.

საბოლოო შედეგები ასე გამოი- ყურება: საზანოს ყველთან ყველაზე მაღალი შეფასება(8ქულა) დაიმსახურა ოცხანურმა საფერემ, სულგუნთან - (7,5 ქულა) - კრახუნამ, ობიან ყველთან (7,9ქულა) - ალადასტურმა. ლობიოსთან ერთად  9,3 ქულა ალადასტურს ხვდა წილად, მაყვალში წიწილასთან - ოცხანურმა საფერემ 8,2 ქულით ლიდერობა დაიმსახურა, ხოლო ხაჭაპურთან (7,8ქულა) და კუპატთანაც (8,8 ქულა) საუკეთესო მეწყვილედ  ოცხანური საფერე დასახელდა.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საზანოს ღვინის მარანი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც იმერულ ღვინოებს აწარმოებს და ამავე დროს, მისი დამუძნებლები მუდმივად სიახლის ძიებასა და განათლებაზე ორიენტირებულები არიან, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი რესურსია მათი სამომავლო წარმატებისთვის.

მეორე მასტერკლასი გელათში, მაია კეზევაძის აგროგესთჰაუზ „ქორენა“-ში გაიმართა. ამ ადგილს თავს დაჰყურებს გელათის წმინდა ტაძარი და ეს განსაკუთრებულ შთამბეჭდავობასაც სძენს. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის ადამიანები არიან, ვინც ამ იმერულ ოდაში გხვდება და ნამდვილ იმერულ მასპინძლობას გიწევს. აქ კი მაიას მთელმა გუნდმა, დალი ბებოს ხელმძღვანელობით სოფლის საოცარი სურნელი აგრძნობინეს სტუმრებს, დაწყებული ნეშოიანი კეცის მჭადების თუ ხაჭაპურების გამოცხობის მასტერკლასიდან, მრავალფეროვანი ფხალეულის მომზადებითა და კვაწარახიანი ქოთნის ლობიოს ჩაზელით დამთავრებული. ქალბატონი დალილა ცატავა და ტრენინგ-კურსის მონაწილენიც თავადაც აქტიურად ჩაერთვნენ იმერული კერძების მომზადებაში. საბოლოოდ, ბუხრის პირას მშვენიერი სუფრაც გაიშალა, ქართული ტრადიციისამებრ, თამადაც შეირჩა, ოჯახში დაწურული ღვინოც დაილია, სიმღერის ჰანგებიც მრავლად დაიღვარა და სამახსოვრო ფოტოსესიაც  შედგა...

ამ ტრენინგკურსის საბოლოო, ფინალური აკორდი, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია კი „შატო გელათში“ შედგა, რომლის ერთ-ერთი მენეჯერი, ნესტან კოხრეიძე, თავადვე იყო ტრენინგის აქტიური მონაწილე.

კურსი დასრულდა, თუმცა მონაწილეეებმა დახურული ჯგუფი შექმნეს სოციალურ ქსელში, სადაც სამომავლოდ ერთმანეთს გამოცდილებებს და სიახლეებს გაუზიარებენ.

 

 

ღვინის ტრენინგი ბარ-რესტორანშიდები

ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრმა განაგრძო ტრენინგების სერია და ამჯერად ტრენერმა, სომელიე-ჟურნალისტმა ნატო გუბელაძემ ქუთაისის საუკეთესო ბარ-რესტორან „დები“-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიკა თვარაძის, მიწვევით სოლოტრენინგი გამართა მხოლოდ მათი თანამშრომლებისთვის, თემაზე: „ღვინო და დეგუსტაციის უნარ-ჩვევები“.

ტრენერმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორია ღვინის გზა ვენახიდან სუფრამდე  და როგორ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს ხარისხიანი ღვინო. შესაბამისად, მსმენელებმა მიიღეს ინფორმააცია შემდეგ საკითხებზე:

ქართული ვაზის ჯიშები, მეღვინეობის რეგიონები; ადგილწარმოშობები, რას ნიშნავს ტერუარი, ქართული ღვინის სტილები; „მთავარი“ ქართული ღვინოები; ღვინის ტექნოლოგია სახეობების მიხედვით; თეთრი და წითელი ღვინოების ტექნოლოგია; ქვევრის ღვინის ტექნოლოგია; ქართული შუშხუნა და ცქრიალა ღვინოები; დეგუსტაციის თეორია და წესები, ძირითადი გემოები და მათი შეგრძნების ზღვრები; რა არის სომელიეს ხელოვნება, როგორია ღვინის მოხმარების მთავარი წესები, სერვირება, რას ნიშნავს დეკანტაცია და ა.შ.

თეორიულ ნაწილთან ერთად, გაიმართა  ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი და მონაწილეებმა პრაქტიკულად იხილეს, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ღვინოზე, როგორ შევაფასოთ ღვინის ფერი, შევიგრძნოთ ღვინის არომატები და გემოები. რა არის ღვინის ზადები და დაავადებები, როგორ გავარჩიოთ დაავადებული ღვინოები; როგორ შევაფასოთ ღვინო. რომელ კერძთან, როგორი ღვინოა რეკომენდირებული, როგორ შევადგინოთ ღვინის ბარათი და ა.შ.

ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში, ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოიკვეთა და სამომავლო ურთიერთობების გეგმებიც დაისახა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სამი დის, თვარაძეების დაფუძნებული ბარ-რესტორანი ქუთაისში მაქსიმალურად ცდილობს მაღალი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას თავისი თანამშრომლებისათვის, რაც ამ სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვისაც უდაოდ გახდება მისაბაძი მაგალითი. ეს კი, საერთო ჯამში, მომსახურების კულტურის ამაღლებასა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

ლიზა ლუტიძე

მინდია ჩარქსელიანის ფოტოები

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია