დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა მიზნით ამოწმებს აუდიტი მერიის სამაშველო სამსახურს?
რა მიზნით ამოწმებს აუდიტი მერიის სამაშველო სამსახურს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1945
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერიის რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულ სამ თანამშრომელს თანამდებობები კვლავ შეუნარჩუნა.

ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული 5 თანამშრომლის სარჩელი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მათგან ორი, ქალაქის ვიცე-მერები, ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი იყვნენ. თუმცა, იმის გამო, რომ ქუთაისის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ვიცე-მერების თანამდებობებზე დაბრუნება არ მოხერხდა.

ადგილობრივ თვითმმართველობას სამსახურის უფროსების თანამდებობებზე აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. ამ შემთხვევაში საუბარია მერიის სამაშველო სამსახურის უფროს კახა მაჩიტიძეზე, სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროს იმედა ხარატიშვილსა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროს კობა გაბიანზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის გამოც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კახა მაჩიტიძე, ამავე სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იმედა ხარატიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი კობა გაბიანი თანამდებობაზე რჩებიან.

აღსანიშნავია, რომ მერიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, მის  თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ, მერიის აუდიტის კონტროლზე ისაუბრა. კახა მაჩიტიძე აღნიშნავდა, რომ მის სამსახურში 10 დღით შესული აუდიტის თანამშრომლები დამატებით 5 დღე სწავლობდნენ სამაშველო სამსახურის საქმიანობას.

მაჩიტიძემ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის მიზანი მისთვის რაიმე დარღვევის აღმოჩენაა. სამაშველო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ  მისი მოშორების მიზნით, მის წინააღმდეგ რაიმე უკანონო საბუთები შეადგინონ.

„მერიის აუდიტს სრული უფლება აქვს, შეგვამოწმოს, მაგრამ მათი მიზანია, რაც არ უნდა დაუჯდეთ, რაიმე იპოვონ. არ არის გამორიცხული, ამის გამო რაიმე უკანონო შეთხზან. მე კარგად ვიცი, როგორ მუშაობდა ჩემი სამსახური და თუკი აუდიტმა ვითომდა რაიმე იპოვა, ეს ყველაფერი ჩემი მოშორების მიზნით იქნება გაკეთებული, რადგან ვიდრე მე ორი თვე თანამდებობიდან გათავისუფლებული ვიყავი, სამსახურის საქმიანობით არავინ დაინტერესებულა, ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიასთან სასამართლო დავაში შევედი და საქმე მოვიგე.

ამჯერად საქმე ეხება სააღდგომოდ ქალაქის მასშტაბით სამშენებლო სამუშაოებში ჩვენს მონაწილეობას. გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ჩვენს სამსახურს გადასცა ტექნიკა, სწორედ ამ ტექნიკით მერიის ნებართვის საფუძველზე, ჩვენ გზების სარეაბილიტაციო და გაწმენდით სამუშაოებში ვიღებდით მონაწილეობას. ეს უნდათ, რომ დარღვევად და საწვავის უკანონოდ ხარჯვად ჩათვალონ.  ვუთხარი კიდეც აუდიტის თანამშრომლებს, რომ თუ ეს უკანონოდ მიაჩნიათ, დასკვნაში ჩაწერონ. მაგრამ, მე ვიტოვებ უფლებას, აუდიტის დასკვნა, რომელიც ამ დრომდე არ ჩამბარებია, გავასაჩივრო,“ - აღნიშნა კახა მაჩიტიძემ. 

მაჩიტიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერიამ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

გაასაჩივრებს თუ არა მერია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში, ამ დრომდე უცნობია. მერიის ადვოკატის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, დასაბუთებული ნაწილის მიღების მერე მერია შეისწავლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გადაწყდება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საკითხი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია