დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი გრძელდება
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი გრძელდება
სულ ნანახია 776
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

 

დასავლეთ საქართველოში პროექტი ხორციელდება ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოც სამიზნე სოფელში. მას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC.

პროექტის მთავარი მიზანია სოფლებში მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების და განვითარების შესაძლებლობების შექმნა, შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფა და დაინტერესებული პირებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა, მათთვის საჭირო ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით.

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან. ამა წლის აგვისტოდან დაიწყო მისი მესამე ფაზა, რომელიც გაგრძელდება 2021 წლის ბოლომდე. ის ითვალისწინებს საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული დამწყები და არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, შემდგომ მონიტორინგს და კონსულტირებას, სხვადასხვა სახის ტრენინგებს, შეხვედრებს ადგილობრივ მმართველობასთან და სხვ.

ახლახანს დასრულდა პირველი საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს-იდეების გამოვლენას და მათ მხარდაჭერას. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი განაცხადი. იმისათვის, რომ კონკურსანტებს დამოუკიდებლად დაეწერათ სრულყოფილი ბიზნეს-გეგმა, მათ ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარებაში. სულ სამეტაპიანი შერჩევის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 23-მა დამწყებმა და ორმა არსებულმა ბიზნესმა, რომლებმაც უკვე შეიძინეს მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები.

აუცილებელ პირობას წარმოადგენდა დამწებ მეწარმეთა მინიმუმ 30%-ანი თანადაფინანსება (არსებული ბიზნესების შემთხვევაში 40%), რომლის ფარგლებში მათ უნდა შეეძინათ საჭირო კაპიტალური აქტივების ნაწილი.

პროექტის მენეჯერის, მარიანა ლოთიაშვილის თქმით, დაფინანსებაზე არანაკლებ უფრო მნიშვნელოვანია ბენეფიციარების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რისთვისაც მათ უტარდებათ სწავლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შემოსავლების და ხარჯების ჟურნალის წარმოება, ბაზრის ანალიზი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, საგადასახადო უფლებები და მოვალეობები, პროფესიული უნარების გაღრმავება და  სხვ. მისივე თქმით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაბამისობას სურსათის უვნებლობის არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რისთვისაც ოთხ დაფინანსებულ ბენეფიციარს უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი.

პროექტის ბიზნესის განვითარების სპეციალისტების, ქეთო დვალიშვილის და ალექსი ხარშილაძის აზრით, „ეს პროგრამა ძალიან მნიშველოვანია, რადგან ხელს უწყობს სოფლიდან მოსახლეობის დენადობის გარკვეულწილად შეზღუდვას, რადგან რეალურ შანსს აძლევს მოტივირებულ და უნარიან ადამიანებს ადგილზე წამოიწყონ და განავითარონ მცირე ბიზნესი. გარდა ამისა, სოფლებში იქმნება დამატებითი პროდუქტი და სერვისები, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

ვინაიდან პროექტი ხორციელდება სოფლებში, მოსახლეობა მეტ დაინტერესებას გამოხატავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მიმართ, თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, არსებობს საკმარისი პოტენციალი და დაინტერესება არასასოფლო წარმოებისა და სერვისების კუთხით. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დაფინანსებული 25 ბიზნესიდან ნახევარზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა. 

პროექტის აქტუალობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სამიზნე სოფლებში მის მიმართ ინტერესი არ ნელდება, პირიქით, უფრო იზრდება, რადგან ადამიანები ხედავენ მასში ეკონომიკური გაძლიერების რეალურ საშუალებას. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მოწინავე ფერმერებზეა გათვლილი, პროექტი დამწყებ მეწარმეებს  აძლევს შანსს, პირველი ნაბიჯები გადადგან და თანდათანობით განვითარდნენ. პროექტის მენეჯერის თქმით, სულ დასავლეთ საქართველოში პროგრამის დაწყების დღიდან დაფინანსდა 330 ბიზნესი რომელთაგან თითქმის 90% სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და აგრძელებს მუშაობას.

არ არის გასაკვირი, რომ პროექტს უაღრესად დადებითად აფასებენ მასში ჩართული ადამიანები, ვინც მისგან ამდენ სიკეთეს იღებს. ჩვენ გავეცანით პროექტის ფარგლებში დაფინასებულ ორ მცირე მეწარმეს. „არ მეგონა, საგრანტო კონკურსში თუ გავიმარჯვებდი, დიდი კონკურენცია იყო. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა BP-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რადგან მათი დახმარების გარეშე მე ვერ შევიძენდი ძვირადღირებულ საკერავ მანქანებს,“ - ამბობს მაია მერკვილაძე, სანდომიანი ახალგაზრდა ქალბატონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. როდინაულიდან, რომელმაც პროექტის დახმარებით სამკერვალო საამქრო შექმნა. ის ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგი, რომელიც დაეხმარა მთლიანობაში დაენახა თავისი მინი-საამქროს საქმიანობის სურათი.

მის აზრს ეთანხმება თამარ გველესიანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირიდან, რომელმაც პროექტის დახმარებით საკონდიტრო ბიზნესი წამოიწყო: „მადლიერი ვარ BP-სა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ბიზნესი ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტიურად, ეს არის ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო.“ თამარი ცოცხალი და საინტერესო ქალბატონია, სპეციალობით დიზაინერი და მუდმივად ცდილობს მეტი შეისწავლოს ტორტებისა და ნამცხვრების გაფორმებაზე.

მედიასახლი “პოსტსკრიპტუმი ინტერესით ადევნებს თვალს პროექტის მსვლელობას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია