საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა პოლონეთის მაგალითზე
სულ ნანახია 287
ავტორი:

 

 

აღნიშნული სტატია წარმოადგენს იაგელონიის უნივერსიტეტის, სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის, კატარჟინა ზელინსკას ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს, ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშესაწყობად და გენდერული პოლიტიკის დასანერგად პრაქტიკული რეკომენდაციების გამომუშავებას.

პოლონეთში გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება ფაქტობრივად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივამ განაპირობა, როდესაც  კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გენდერული თანასწორობის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. 90-იანი წლების პოლონეთის ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვამ და ქალთა აქტივისტების გააქტიურებამ, შეარყია ქალის მიმართ საკმაოდ ტრადიციული და პატრიარქალური დამოკიდებულება საზოგადოებაში. ქალი იმ დროისთვის, ძირითადად, ორ დომინანტურ პარადიგმაში აღიქმებოდა: პირველი - ოჯახისა და სახლის მზრუნველი და თავგანწირული დედის ხატი და მეორე - სექსუალიზებული სხეული და სილამაზის სიმბოლო.  სამოქალაქო საზოგადოების და ქალთა ორგანიზაციების განვითარების და აქტიური მუშაობის შედეგად გაფართოვდა ქალებზე ორიენტირებული პოლიტიკის ლობირება, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ყოველმხრივი და არსებითი  წარმომადგენლობის გაზრდისთვის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გენდერული ნორმების დამკვიდრებას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდა, საბოლოოდ, აქტივიზმს მოჰყვა ახალი სტრატეგიების შემუშავება და გენდერული თანასწორობის განვითარებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების შექმნა.

2001 წ. ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნათა საპასუხოდ შეიქმნა მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელის აპარატი ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის საკითხში, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ქალთა და მამაკაცთა თანასწორი სტატუსის უზრუნველსაყოფად მთავრობის პოლიტიკის შემუშავება, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა და ამ პროცესის მონიტორინგი. თუმცა „აპარატის“ მთავრობის სტრუქტურულ ნაწილად არსებობა  მას ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალების იდეოლოგიური ორიენტაციის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ აქცევდა, რაც მისი ძირითადი ნაკლოვანება იყო.  ამის ნათელი ილუსტრაციაა თუნდაც ის, რომ 2015 წელს ხელისუფლებაში კონსერვატიული მემარჯვენე ძალების მოსვლით, რომელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხები არაპრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა,  მოხდა აპარატის სახელის გადარქმევა - „სრულუფლებიანი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებისა და თანასწორობის საკითხებში“, რითაც ამოცანა - გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით, გაქრა პოლიტიკური პრიორიტეტების დღისწესრიგიდან.

ევროკავშირში გაწევრიანებამ განაპირობა ასევე ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გენდერული თანასწორობის ევროპულ კანონმდებლობასთან. შედეგად, მიღებულ იქნა კანონი „თანასწორი მოპყრობის მიმართულებით ევროკავშირის ზოგიერთი დებულების განხორციელების შესახებ“ (2010 წ.), თუმცა, მისი საბოლოო ვერსია მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა. ახალი კანონის მოქმედების სფერო მხოლოდ ეკონომიკას და შრომის ბაზარს მოიცავდა და არ ვრცელდებოდა სოციალურ მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და განათლებაზე. გარდა ამისა, კანონი გენდერულ უთანასწორობას აერთიანებს სხვა სახის დისკრიმინაციასთან და უმცირესობების საკითხებთან, რამაც გენდერული თანასწორობის კომპონენტის მნიშვნელობის გაუფასურება და მარგინალიზაცია მოახდინა. კანონის თანახმად, სახალხო დამცველს დაევალა თანასწორი მოპყრობის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი,  თუმცა მას არ მოჰყოლია ამ ფუნქციისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა, რაც, ერთი მხრივ,  სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის არაპრიორიტეტულობას მოწმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად ზღუდავდა საქმის ჯეროვნად შესრულებაში.

ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირის მხრიდან, გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების აუცილებლობას ასახავს „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ პრინციპების დანერგვის მოთხოვნა. ქარტია განსაზღვრავს ძირითად ნაბიჯებს და სფეროებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. ქარტიაზე ხელმოწერით ადგილობრივი ხელისუფლება იღებს „თანასწორობის პრინციპის ერთგულების“ და ამ მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკის გატარების ვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატის მიერ  განხორციელდა პროექტი  ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებში თანასწორი მოპყრობის პრინციპის დანერგვის მიზნით, რაც მოიცავდა ტრენინგების და სემინარების ციკლს ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის, მომზადდა  სახელმძღვანელო თანასწორი მოპყრობის თემაზე საჯარო მმართველობაში, შეიქმნა სრულუფლებიანი წარმომადგენლების ქსელი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, პრაქტიკაში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და დამკვიდრების ხარისხი პოლონეთში საკმაოდ არასახარბიელოა. 

სამოქალაქო საზოგადოების ინციატივებიდან, გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშესაწყობად საინტერესო პროექტი განახორციელა ფონდმა „Feinioteka“-მ 2010-2013 წლებში, რომლის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ თანასწორობის (მათ შორის გენდერული თანასწორობის) პოლიტიკის გასატარებლად განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. კვლევამ ცხადყო, რომ ადგილობრივ დონეზე ამ მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევა საკმაოდ უმნიშვნელოა.  მაგალითად, 2010 წელს 88 ადგილობრივი თვითმმართველობიდან მხოლოდ 12-მა განახორციელა გარკვეული აქტივობა თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით. ყოველი სამი თვითმმართველობიდან, მხოლოდ ერთში არსებობდა თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირი. თვითმმართველობების მხოლოდ 22%ს ჰქონდა  ჩატარებული ტრენინგი თანასწორობის თემატიკაზე. თუმცა, გამოვლინდა ადგილობრივ ხელისუფლებებსა და დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი - 58%. კვლევის შედეგად, ადგილობრივ დონეზე (გენდერული) თანასწორობის რეალიზების გზაზე გამოიკვეთა სამი ძირითადი დაბრკოლება: პირველი - ჩინოვნიკთა არაინფორმირებულობა და თანასწორობის საკითხების ცოდნის დაბალი ხარისხი; მეორე - თანასწორი მოპყრობის პოლიტიკის მომზადებისა და განხორციელებისათვის არასაკმარისი სახსრები და მესამე - თანასწორობის საკითხებზე მუშაობისათვის ადამიანური რესურსების სიმწირე. კვლევებით გამოვლენილი ნაკლოვანებების დაძლევის და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფონდმა „Feinioteka“-მ შეიმუშავა სახელმძღვანელო ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისათვის, რომელშიც მოყვანილია თანასწორობის საკითხებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება და სანიმუშო მაგალითები.  სახელმძღვანელოს ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის პრაქტიკული დახმარების გაწევა თანასწორობის პოლიტიკის დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში. სახელმძღვანელო სამ ძირითად მიმართულებას შეიცავს: 1.  თანასწორობის სტანდარტი 2. თანასწორობის ინდექსი და 3. ტრენინგებისა და სემინარების პროგრამა. სახელმძღვანელოში მოცემულია 10 ძირითადი სტანდარტი, რომელიც გენდერული თანასწორობის მისაღწევად უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. ესენია:

1. თანასწორობის პოლიტიკა, ანუ თანასწორობის პრინციპის ინტეგრირება ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა აქტივობაში;

2. ცოდნა და კომპეტენცია ხელისუფლების წარმომადგენლების მაღალი ინფორმირებულობა თანასწორობის პოლიტიკისა და დისკრიმინაციის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ;

3. ინსტიტუციური მოწყობა - თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ადამიანთა ჯგუფის არსებობა ადგილობრივ ხელისუფლებაში;

4. დაგეგმვა - პირთა ჯგუფის გამოვლენა, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ დისკრიმინიციას, მათი მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა დისკრიმინაციის პრევენციისთვის;

5. ინსტრუმენტები - თანასწორობის მისაღწევად შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

6. კონსულტაციების გაწევა და ჩართულობა - ადგილობრივი ხელისუფლების მუდმივი კონტაქტი მოსახლეობასთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც განიცდის დისკრიმინაციას, ან დისკრიმინაციის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. მათი ინფორმირებულობა და აზრის გაზიარება ადგილობრივ დონეზე განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;

7. განათლება და ინფორმირებულობა დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური საგანმანათლებლო და ინფორმაციული კამპანიების წარმართვა;

8. ბიუჯეტი - თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად ფინანსური რესურსების გამოყოფა ადგილობრივ ბიუჯეტში;

9. მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თანასწორობის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება;

10. შეფასება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების და მისი ზეგავლენის შეფასება.

 

თანასწორობის ზემოთ მოყვანილი სტანდარტები იდეალური მოდელია ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის გამოცდილება საინტერესო მაგალითს წარმოადგენს საქართველოსთვის, რომელიც ცხადყოფს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები შეიძლება მხოლოდ ლამაზ ფასადად დარჩეს და არ  მოიტანოს აუცილებელი ცვლილებები გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით. დღეს საქართველო იმყოფება რეფორმირების და ცვლილებების ძალიან საინტერესო და საკვანძო ეტაპზე. იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები არ დარჩეს დეკლარირების დონეზე და მოხდეს არსებული სტრატეგიების და ინსტიტუციური მექანიზმების პრაქტიკაში ეფექტიანი და ქმედითი დანერგვა, ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებულ პოლიტიკურ ნებას უნდა დაერთოს პრაქტიკული მოქმედებები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ სახელისუფლებო წრეებში ცნობიერების ამაღლების, ამ თემებზე მუშაობისთვის ადამიანური რესურსების გამოყოფის და მომზადების, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მობილიზების და განაწილების და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების, წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის  გზით.

 

ეკატერინე გამახარია,

 ფონდი „სოხუმის“

წარმომადგენელი

ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია