დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კაცხის სვეტიდან დანახული სოფლის ცხოვრება
კაცხის სვეტიდან დანახული სოფლის ცხოვრება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 5617
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ კაცხის რწმუნებულ ემზარ მოდებაძესთან

 

კაცხის ტერიტორიული ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ფართობით, მოსახლეობის რაოდენობითა და ეკონომიკური პოტენციალით. სიტყვა კაცხი სვანურია და წვეროს ნიშნავს, რაც, სავარაუდოდ, კაცხის სვეტის ფორმის გამო უნდა დარქმეოდა მიმდებარე ტერიტორიას. კაცხის ტერიტორიულ ორგანოში 7 სოფელი შედის: კაცხი, დიდი კაცხი, მორძგვეთი, სალიეთი, ნავარძეთი, ეწერი და ჯოყოეთი. ამჟამად ტერიტორიულ ერთეულს ემზარ მოდებაძე ხელმძღვანელობს და   „პოსტსკრიპტუმმა“ მას რამდენიმე კითხვით მიმართა.

- ბატონო ემზარ, პირველ რიგში, დავიწყოთ მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრით. არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე კოკისპირული წვიმის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა და სავარგულები, ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება?

- ინტენსიური წვიმის შედეგად ბევრი ნათესი განადგურდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზარალი მაინც მდინარე კაცხურას ადიდებას მოჰყვა. მდინარეზე 6 ხიდი დაინგრა და მათი რეაბილიტაცია ჯამურად თითქმის მილიონს საჭიროებს. დაწყებულია ამ ხიდების აღდგენა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა და ყველა ხიდის აღდგენა მოესწრება მოკლე ხანში. ამჟამად ხიდების უქონლობის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება მოსახლეობას. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილზე იყო ამოსული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ოპერატიულად გადაწყდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. სამწუხაროდ, სავარგულების დაზიანების საკომპენსაციოდ თანხები ვერ გამოიძებნა, ისე კი, ზარალი დათვლილი გვაქვს და საკმაოდ დიდიცაა.

 - როგორც ამბობთ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ყურადღებით ეპყრობა კაცხს, ბევრ მუნიციპალიტეტში საყვედური ისმის მაჟორიტარი დეპუატატის მისამართით, კაცხის დამოკიდებულება როგორია დეპუტატის მიმართ?

- მაჟორიტარი დეპუტატიც იყო ამოსული კაცხში და ამომრჩეველს შეხვდა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ის აქტიურობს და გვეხმარება.

- სოფლის დახმარების პროგრამების განხორციელება როგორ მიმდინარეობს თქვენთან?

- ჩემდამი დაქვემდებარებაში 7 სოფელია 1700 კომლით. ძირითადად, წყლისა და გზის პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც ვაპირებთ იმ თანხებით, რომელიც გამოიყო სოფლის პროგრამით. გზების სარეაბილიტაციო საკითხებისთვის თანხებია გამოყოფილი, ხოლო წყლით უზრუნველყოფისათვის მოსახლეობა თავად ასრულებს სამუშაოებს. ასევე, სარიტუალო დარბაზიც მოსახლეობის ძალებით დასრულდა. საჭირო მასალები შემოვზიდეთ და მოსახლეობამ თავისი ძალებით უზრუნველყო ბევრი საკითხის მოგვარება. ახლაც მიმდინარეობს ამ პროგრამის განხორციელება და უმოკლეს დროში დავასრულებთ.

- სოფელ ჯოყოეთის გვიანდელი საუკუნეების ტაძრის რესტავრაციაც გაქვთ დაწყებული...

- ეს ტაძარი მე-17-18 საუკუნებისაა. 1938 წელს კომუნისტების მოთხოვნით დაანგრიეს. სამი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ტაძარი აღდგენილიყო. მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძარი საკმაოდ დიდი მოცულობის ყოფილა, დაახლოებით, 160 კვადრატული მეტრის ფართობისაა. გათლილი ქვები ფერმის ასაგებად განუკარგავთ, ნაწილი მოსახლეობისათვის ძალად გაუტანებიათ: სახლებისა და ბოსლების შენებას მოახმარეთო.

როცა აღდგენის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მოსახლეობამ თავისით მოიტანა ყველა ქვა და ფერმის მასალაც უკან მოვზიდეთ. პროექტში 3 ათასი ლარი გადავიხადეთ, მოვიძიეთ სპონსორიც, რადგან ისეთი პატარა სოფელი, როგორიც ჯოყოეთია, ვერ შეძლებდა ამხელა ტაძრის აღდგენას. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტაძრის კედელი ორი მეტრის სისქისაა. სამწუხაროდ, ვაჩეიშვილი არ დაგვეთანხმა, რადგან აღდგენაზე გვეხმარებოდა „ქართუ“, მას ჩვენი წარმომადგენლებისთვის უთქვამს, ამ პროექტს რომ ხელი მოვაწერო, მიშა გამათავისუფლებსო. წელს ყველაფერი წესრიგში მოვიყვანეთ და ტაძრის დასრულებას ბევრი აღარაფერი უნდა, თუმცა, კანონიკურად ერთ წელში თურმე იკრძალება ტაძრის დასრულება და გაისად დავასრულებთ.

- ასეთი დიდი ტაძარი პატარა სოფელში რატომ აიგო, თუნდაც, შუა საუკუნეებში? მით უფრო, რომ მეზობელ კაცხში სამი ტაძარი იყო და ბოსლევში - ერთი?

- ჯოყოეთი სამჯერ მეტი იყო მოსახლეობით 1944 წლამდე. მესხეთში, სოფელ ურაველში „თურქი მესხების“ ნასახლარებზე ჩაასახლეს ჯოყოეთლები. ურაველს ადგილობრივები ახლაც ჯოყოეთს ეძახიან მშობლიური სოფლის საპატივცემულოდ. ჯოყოეთის ტაძარი, რომელიც სააბაშიძეოში იყო მოქცეული, გარდა ჯოყოეთისა, ჭიათურის რამდენიმე სოფელსა და ზესტაფონის სოფელ რკვიასაც ემსახურებოდა, ალბათ, ამან განაპირობა ამ ტაძრის სიდიდე.

- კაცხის ტერიტორია მდიდარია ეთნოგრაფიული ძეგლებით... ტურისტები ხშირად გსტუმრობენ? 

 - ყოველ კვირაში კაცხში 500 ვიზიტორი მაინც ჩამოდის. მართალია, სტუმრების უმეტესობა ქართველია, მაგრამ ბოლო დროს მოიმატა უცხოელების რა ოდენობამაც. არ შეიძლება, ადამიანს არ დააინტერესოს კაცხის სვეტის გრანდიოზულობამ, წარსულმა და დღევანდელობამ. მთლიანად წესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მონასტრისათვის, ასევე – ტურისტული თვალსაზრისითაც. კაცხის სვეტის გარდა, კაცხში გვაქვს ფერისცვალების ტაძარი, რომელიც წინ უსწრებს მესამედ სვეტიცხოვლის აგებას. კაცხში ყოფილა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც, რომლის ზარის ხმაც რამდენიმე სოფელს წვდებოდა. მოკლედ, კაცხს დიდი რეკრეაციულ-ტურისტული პოტენციალი აქვს.

 - ბუნებრივი რესურსების კუთხით როგორი მდგომარეობაა?

 - კაცხურას ხეობის ზემო წელში კალმახი ბინადრობს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდ ყურადღებას აქცევს. გარდა იშვიათი ბრაკონიერის გამოჩენისა, ხეობა დაცული აქვს თავად ადგილობრივ მოსახლეობას. კაცხში იყო გოგირდოვანი თერმული წყაროც, რომელიც 1991 წლის აპრილის მიწისძვრის მერე დაიკარგა. გეოლოგიური კვლევებით მისი აღმოჩენა ძნელი არ იქნება და ჩვენ ამაზე უკვე დავიწყეთ ზრუნვა. ულამაზესი ხეობები დაფარულია წაბლის, მუხის, აკაციის, ცაცხვის ტყეებით და მეღორეობა-მეფუტკრეობის განვითარების საუკეთესო პერსპექტივას იძლევა. იმედია, რომ ჩვენს წაბლნარებს არ გასცემენ ლიცენზიით და მეწყერსაშიშ ზონად არ აქცევენ ზემოიმერულ სოფლებს. აქ მოსახლეობისათვის შემოსავლის წყარო მესაქონლეობის გარდა, შემგროვებლობაცაა. ერთმა გლეხმა წელს 1200 ლარის მხოლოდ ნიყვი გაყიდა, სხვა საკვებად ვარგისი სოკოებიც უხვად გვხვდება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

 - ე.ი. შეიძლება საკონსერვო მრეწველობის ბაზად ჩავთვალოთ კაცხი?

- კაცხში გარეული ხილი (მაჟალო, პანტა, კენკრა) ბევრია. ამას გარდა, ქაცვისაგან შეიძლება ქაცვის ზეთისა და ჯემის წარმოება. იმედია, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან და მოსახლეობას მუდმივად ექნება ველური ბუნებიდანაც შემოსავალი.

- თქვენი პასუხებიდან ჩანს, რომ ყველაფერი კარგადაა. დავიჯეროთ, რომ პრობლემა არაფერია?!

- პრობლემები გვაქვს და მათ, ეტაპობრივად, დავძლევთ. სამწუხაროდ, ისევ უკმაყოფილება გამოიხატება იმის გამო, რომ 1700 კომლიდან 200-მა ოჯახმა სასოფლო-სამეურნეო ბარათი ვერ მიიღო. ჩემმა წინამორბედმა გადასცა სიები არასწორად, რომელი სოფლის სიებიც ჩემს მიერ იქნა შედგენილი, არცერთი შეცდომა არ დაგვიშვია და სამაგალითოდ გეტყვით, რომ სოფელ ჯოყოეთის სია პირადად გადავეცი. ყველა ჯოყოეთელმა მიიღო ეს ბარათები. ალბათ, კომიკურად მოჩანს, რომ თავად მეც არ მიმიღია აღნიშნული ბარათი...

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია