დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოხვდა თუ არა „სამი ოთარის“ ძეგლი გაიჯარებლ ობიექტთა ნუსხაში?
მოხვდა თუ არა „სამი ოთარის“ ძეგლი გაიჯარებლ ობიექტთა ნუსხაში?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2221
ავტორი:
მარიამ პატარაია

გასულ კვირას, ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე „სამი ოთარის“  ძეგლის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის თქმით, ძეგლების აღება არ იგეგმება და ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც ძეგლების გადატანაზე და არც სასტუმროს აშენებაზე არ არის საუბარი. შეურაცხყოფილიც კი ვარ ამ ინფორმაციის გავრცელებით. შეეძლოთ, მოსულიყვნენ ჩემამდე და ეკითხათ, იყო თუ არა ეს სიმართლე. ვიდრე მე ამ ქალაქში ვარ, „სამი ოთარის“ ძეგლი არსად არ გადავა,“ - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ.

ლომიძემ ასევე ისაუბრა „სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრზე და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ დაუშვებს აღნიშნული შენობის გადაფარვას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას.

„სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას უარყოფენ

ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურში. სამსახურის სპეციალისტი დავით გოგრიჭიანი ამბობს, რომ სკვერი, სადაც „სამი ოთარის“ ძეგლია განთავსებული, იჯარის წესით გაცემული არ არის.

„ნახაზი არსებობს ამის დამადასტურებელი. არ არის ეს სკვერი  გასხვისებული. მხოლოდ სკვერის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გაცემა მოხდა. მალე გამოჩნდება, რომ ეს მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი,“ - ამბობს დავით გოგრიჭიანი.

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში 417 კვადრატული მეტრი ადგილობრივმა თვითმმართველობამ  იჯარის წესით გაასხვისა. 6 სექტემბერს მერიასა და მოქალაქე ნანა გაგუას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. გაგუას აღნიშნული ტერიტორია სამართავად  35 წლის ვადით გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, გაგუას გაიჯარებულ ადგილზე შენობის აგება შეუძლია, თუმცა, იქნება თუ არა ეს სასტუმრო, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გაგუა დროებით სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაბამის პროექტს წარმოადგენს.

ინფორმაციას კი მას შემდეგ მოგაწვდით, რაც ოფიციალურად მივიღებთ მერიისგან გამოთხოვილ ხელშეკრულებას, გაიჯარებული მიწის ნახაზს და იჯარის პირობებს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია