საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა - 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები
სულ ნანახია 870
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

მალე მოსწავლეებს სკოლაში ნაკლები გაკვეთილი, დიფერენცირებული სწავლება, ახალი  სასწავლო გეგმა, საგნები და სახელმძღვანელოები ელით. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლოგეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაგეგმილ ცვლილებეზე დეტალურად საუბრობს და ამბობს, რომ მის დასახვეწად მრავალმხრივი სამუშაო მიმდინარეობს.

მისი თქმით, ისინი ჯერ მოსწავლეების კომფორტზე ზრუნავენ და შემდეგ მასწავლებლების.

მარიამ ჩიქობავა: მოგეხსენებათ, თავისუფალი გაკვეთილები 2017 წლიდან დაიწყო. ამაში 1000 სკოლამდე ჩაერთო. სხვადასხვა მიმართულებაა -წიგნიერების, სახელოვნებო და ჯანსაღი ცხოვრების განვითარების. ეს გაკვეთილები ჩატარდა. აქცენტი მცირე კონტიგენტიან სკოლებზე გაკეთდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი ახალი სასწავლო წლიდანაც  გრძელდება.

ეს, პრინციპში, არაფორმალური განათლების ნაწილია. მოსწავლეები ამ გაკვეთილებს საკუთარი სურვილით ესწრებიან. თუმცა, არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან ერთად ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება და ერთმანეთს ავსებს.  ამდენად, ეს ყველაფერი ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ განათლების მიღება მოხდეს სახალისო და მამოტივირებელი მეთოდებით.

მე-10 მე-12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების ცვლილება იგეგმება. რა კონკრეტული დეტალებია ცნობილი?

მ.ჩ: წელს არაფერია დაგეგმილი. 2018 წლიდან საშუალო საფეხურის სტანდარტების გადამუშავებას დავიწყებთ. მერე შევხედავთ შეფასების სისტემასაც, თუკი გადამუშავებამ შეფასების სისტემის ცვლილება მოითხოვა, რა თქმა უნდა, ისიც შეიცვლება.

სტანდარტების გადამუშავება სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. რა ეტაპზე ხართ ახლა?

მ.ჩ: ახლა კონცეფციაზე ვმუშაობთ. 2018 წლიდან კი საგნობრივი სასწავლო პროგრამების გადამუშავებაზე დავიწყებთ მუშაობას.

უფრო კონკრეტულად რომ ავუხსნათ მკითხველს, რას გულისხმობს გადამუშავება და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ შედეგად?

მ.ჩ: ყველაზე მთავარი ცვლილება დიფერენცირებული სწავლებაა. ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. ეს, რა თქმა უნდა, რომელიმე საგნის ამოღებასა და გამორიცხვას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის. როცა საგნობრივ პროგრამებზე დავიწყებთ მუშაობას, უფრო დეტალურად გამოჩნდება რომელ საგნობრივ ჯგუფში რა და როგორ შეიცვლება და როგორ შევთავაზებთ სკოლებს.

სკოლას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება თუ დიფერენცირებული სწავლება ყველგან დაინერგება?

მ.ჩ: შევხედავთ დანერგვა როგორ წავა. რა გამოწვევებს შეიძლება წავაწყდეთ. შესაძლოა თავდაპირველად ეს ყველა სკოლისათვის არ იყოს. როცა სამინისტრო რაღაც მოთხოვნას აყენებს, სკოლების მზაობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საგნობრივი პროგრამების შემდეგ გვექნება დანერგვის გეგმაც როგორ დაინერგება იგი, ეტაპობრივად თუ ყველა სკოლაში და ა.შ. ამას უკვე პროგრამების დადების შემდეგ შევხედავთ.

საბაზო საფეხურის გეგმის რევიზიაზე რა სიახლეები გვაქვს?

მ.ჩ: საბაზო საფეხურის სტანდარტების შემუშავება უკვე დასრულდა. ახლა განხილვები დავიწყეთ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, სკოლებში დავაგვაზვნით კომენტარების მოსაწოდებლად, ასევე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. მოკლედ, თითოეულ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება განხილვებში ჩაერთოს. 2017 წლის ბოლოს, ან 2018 წლის დასაწყისში უკვე დამტკიცდება. გააჩნია რამდენ დროს მოითხოვს განხილვები.

რა არის განხილვის მიზანი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მათი აზრი და შეხედულებები სტანდარტებში აისახოს?

მ.ჩ: ეს განხილვა განხილვისათვის არაა. აბსოლუტურად ყველა საგანს გავივლით. თუკი არგუმენტირებული შენიშვნები იქნება, აუცილებლად ავსახავთ და გავითვალისწინებთ. ეს მარტივი პროცესი არაა. 2 100 სკოლაში უნდა დავაგზავნოთ, მათგან უკუკავშირი მოვიდეს, დავამუშავოთ, მერე ისევ პირისპირ განხილვები გვექნება აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიანტერესებულ ორგანიზაციებთან. როგორც კი ყველა არგუმენტირებული შენიშვნა და საინტერესო მოსაზრება აისახება, ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურიც დამტკიცდება.

გეგმაში არსებულ ხარვეზებზე მუდმივადაა საუბარი. ის ყველაფერი, რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, მოახდენს თუ არა მასზე რეალურ ცვლილებას და „გააკეთილშობილებს“ თუ არა მას?

მ.ჩ: პირველ რიგში ძალიან გვინდა, რომ სასწავლო პრობრამები მაქსიმალურად განვტვირთოთ და უფრო მეტი დატვირთვა საშუალო საფეხურზე იყოს, როცა სწავლება უკვე დიფერენცირებულად წავა. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა საგნიდან გარკვეული თემებისა და საკითხების ზედა საფეხურზე გადატანას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავცდებით იმ საერთაშორისო დონეს,  რომელსაც განვითარებული ქვეყნები მიჰყვებიან, რადგან საერთაშირისო შეფასებებში ვმონაწილეობთ. ამიტომ, ეს სასწავლო შინაარსის გაპრიმიტიულება არ იქნება. თუმცა, რამდენადაც განტვირთვა შესაძლებელი იქნება, აუცილებლად განვტვირთავთ.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო განათლება, რომელიც საბაზო საფეხურზე მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება,  მე-7 და მე-8 კლასებშიც შემოვიტანოთ.  ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული, სახელმწუიფოს თავისი პრიორიტეტები აქვს და ამ პრიოიტეტების განსახორციელბლად საჭიროა ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც აისახოს.  შესაბამისად, სამოქალაქო განათლების გაძლიერება გვინდა.

გაკვეთილების შემცირებას გეგმის დახვეწის პროცესში, როგორც ვხვდები, მნიშვნელოვან როლს ანიჭებთ..

მ.ჩ: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  7-8 გაკვეთილი არ იყოს. სასწავლო პროგრამა რომ განიტვირთება, რომელიმე საგანს საათიც შეიძლება მოაკლდეს. თავად ბავშვებისათვის ყოველდღიურად ამდენი გაკვეთილი ძალიან ძნელია. მაგალითად, მე-9 კლასში 33 საათიანი დატვირთვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში სამჯერ 7 გაკვეთილი უტარდებათ. არაქართულენოვან სკოლებში კიდევ მშობლიური ენის 5 საათი ემატებათ. ასე რომ, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ, პირველ რიგში, მოსწავლის საჭიროებიდან ამოვდივართ. მხოლოდ ამის შემდეგ დგება მასწავლებლის საჭიროებები. მთავარი მოსწავლის ინტერესებია.

საგანი „მე და საზოაგდოება“ როდიდან შევა სკოლაში სრული დატვირთვით და რა შეიცვალა საგნის „თავდაცვა და უსაგფრთხოება“ სწავლების მიმართულებით?

მ.ჩ: „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მე-4, მე-8 და მე-12 კლასებში ახლაც ისწავლება. უბრალოდ, მე-4 კლასში  „თავდაცვა და უსაფრთხოება“ “ მე და საზოაგდოებაში“ ინტეგრირდა. არა მხოლოდ მე-4 არამედ მე-3 კლასში შედის გარკვეული კომპონენტები.

რაც შეეხება მე-8 კლასს, აქ უკვე სამოქალაქი განათლებაში შევა. შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის ელემენტები მე-7 კლასშიც იქნება, მე-8-შიც და მე-9-შიც. საშუალო საფეხურზე ასეთი საგანი გვაქვს „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ და ამ საგნის რევიზიაზე თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. სახელმძღვანელო მზადდება და მოსწავლეებს განახლებულ სახეს შევთავაზებთ.

რაც შეეხება „მე და საზოგადოებას“?

მ.ჩ: სახელმძღვანელოზე მუშაობა დაწყებულია. მოგეხსენებათ,  1-6 კლასები დამტკიცებულია და სახლემძღვანელოების კონკურსი ყველა საგნისათვის გამოცხადებულია და მათ შორის „მე და საზოაგდოებისთვისაც“  საავტორო ჯგუფები უკვე მუშაობენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა საგანში კონსულტაციები ჩავატარეთ და ოქტომბერში განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყება. ვნახოთ რამდენი საავტორო ჯგუფი წარმოადგენს.

სხვათაშორის, სახელმძღვანელოების ტექტსები  საჯარო იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ნახოს და საავტორო ჯგუფებსა და სამინისტროს უკუკავშირი მისცეს. ტექტსებს შორის საუკეთესო შეირჩევა, რომლებიც მოსწავლეებთან მოხვდება.  მომდევნო წლიდან ყველა სკოლაში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შევა ახალი სახელმძღვანელოებით.

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

 

მოამზადა თაკო მათეშვილმა

 

edu.arIs.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია