საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გამოიწვევს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს ახალი კანონი
გამოიწვევს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს ახალი კანონი
სულ ნანახია 691
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

სეციალისტები და ექსპერტები, ხანძრების სიხშირიდან გამომდინარე, აქტიურად საუბრობენ ტყის მართვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე. ევროკავშირთან აღებული ვალდებულება სატყეო რეფორმას ითვალისწინებს, შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და სპეციალისტების ჩართულობით ტყის კოდექსზე მუშაობა მიმდინარეობს. ასოცირების შეთანხმების ნაწილი ტყის მდგრადი მართვის დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც გაიწერა კიდეც ახალ კანონპროექტში.  კანონპროექტზე მუშაობა 2014/15 წლებში დაიწყო. პარლამენტში კანონპროექტი ოფიციალურად გადაგზავნილი არ ყოფილა, მისი წარდგენა მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. კანონპროექტის შესახებ P.S.-ის კითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი პასუხობს.

ბატონო კარლო, ტყის ახალი კოდექსის ვერსია მართვის ახალ სტანდარტებს სთავაზობს სახელმწიფოს, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მიიღეს. მათ შორის, კოდექსში მნიშვნელოვანია ე.წ. სოციალური ჭრების გაუქმების საკითხი. რას ითვალისწინებს სოციალური ჭრების გაუქმება და რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს სახელმწიფო მოსახლეობას?

კანონპროექტით მკვიდრდება ტყის ახლებური განმარტება, რომელიც მისადაგებულია FAO-ს ტყის განმარტებასთან და ეროვნულ სინამდვილესთან. ახალი ტყის კოდექსი მიზნად ისახავს მდგრადი სატყეო მეურნეობის ჩამოყალიბებას, სოციალური ჭრის ეტაპობრივად გაუქმებას და ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის დანერგვას და ამ პროცესში პროფესიონალი კადრების სავალდეულო მონაწილეობას. უნდა შეიქმნას სატყეო მეურნეობის ფუნქციით აღჭურვილი ინსტიტუცია, რომელიც პროფესიული კადრების მონაწილეობით და ტყის ინვენტარიზაციაზე დაყრდნობით მოახდენს სატყეო სამეურნეო და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. პარალელურად უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ალტერნატიული და ხელმისაწვდომი საწვავი საშუალებებით შეშით მოხმარების შემცირება (იგეგმება სახელმწიფო პროგრამის შემუშავება).

საქართველოს ტყეებს დღემდე აქვთ ენერეგეტიკული დანიშნულება. ხომ არ არის ინტერესთა კომფლიქტი ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროებთან ტყის ახალი კოდექსის ამ ვერსიის მიღების შემთხვევაში?

ვერ ვხედავ ინტერესთა კომნფლიქტს სხვა სამინისტროებთან, პირიქით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ენერგეტიკისა და სხვა სამინისტროებთან ალტერნატიული საწვავი საშუალებების დანერგვის მიმართულებით.

კოდექსში არის და რჩება ტერმინი „საპატრიარქოს ტყეები“, რას ითვალისწინებს ეს, რამდენად არის სამართლებრივად მიღებული ეს პრაქტიკა - ტყეები ეკუთვნოდეს საპატრიარქოს. რამდენად დამოუკედებელია საპატრიარქო მართვის პროცესში? ხომ არ ქმნის ეს იმის ალბათობას, რომ საპატრიარქოს ტყეები მეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ? ან იტოვებს თუ არა სახელმწიფო რაიმე ბერკეტს ამ ტყეების განკარგვის უფლებით?

ევროპის ბევრ ქვეყანაში ეკლესიები მართავენ ან საკუთრებაში აქვთ ტყეები და ეს მიღებული პრაქტიკაა. დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპატრიარქოს ე.წ. მიჩენის წესით (ხელშეკრულებით) სხვადასხვა ეკლესიასა და მონასტრის გარშემო გადაცემული აქვს დაახლოებით 1600 ჰა ტყე. ვფიქრობთ, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ეს ნაწილი, რომლითაც   საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს საპატრიარქო სარგებლობს მიჩენის წესით,  შესაძლებელია  სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს მას. აღნიშნულის საფუძველს ქონების მოქმედი კანონმდებლობა და კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ ამყარებს. მთავარი არის ის, რომ ტყის მართვის, სარგებლობის, დაცვისა და აღდგენის საერთო წესები ყველა მესაკუთრესთვის ერთიანი იყოს, მათ შორის - ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ამჟამინდელ სამუშაო ვერსიაში ე.წ. „საპატრიარქოს ტყეები“ ამ ფორმით მოხსენიებული არ არის. სახელმწიფო ზედამხედველობა ტყეზე ზემოხსენებულის შემთხვევაში, რჩება სახელმწიფოს უფლებად და მოვალეობად. აღნიშნულ საკითხზე კვლავაც მიმდინარეობს მსჯელობა.

რას ნიშნავს ტყის სწორი მართვა და რამდენად არის ის ორიენტირებული საქართველოს ტყეების აღდგენაზე? ახალი კანონი ხომ არ ითვალისწინებს ცვლილებას „სიმწიფის ასაკთან“ დაკავშირებით?

ტყის მართვა არ მოიაზრებს მხოლოდ აღდგენას, არამედ ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რომელიც მოიცავს ინვენტარიზაციას, ჭრას, აღდგენას, მოვლას, ხანძრების პრევენციას, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლას, ტყეების სათანადო მართვას მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით და სხვა. სწორედ ეს საკითხებია გაწერილი ახალ კანონპროექტში. კანონპროექტის შემუშავების დროს გავითვალისწინეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში არსებული რეალობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტყეების 98% ბუნებრივი წარმოშობის ტყეებია, რომელთა დიდი ნაწილი მთის მაღალი დახრილობის კალთებზეა განფენილი, ამიტომ ტყეების მოვლისა და აღდგენის მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილით შემუშავდა მთელი რიგი დათქმები. რა თქმა უნდა, კანონპროექტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სადაც ტყეების სარგებლობის, ინვენტარიზაციის, დაცვის, მოვლისა და აღდგენის საკითხები დეტალურად გაიწერება, თუმცა ჩარჩო ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტებისათვის კანონპროექტში მაქსიმალურად გაიწერა. საგულისხმოა, რომ კანონპროექტი აღარ მოიაზრებს ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენცირების პრაქტიკის გაგრძელებას, და როგორც ზემოთ აღვნიშნე, აფუძნებს სატყეო მეურნეობებს. იმისგან განურჩევლად, თუ ვინ იქნება ტყის მესაკუთრე, კანონში მოცემული მუხლების აღსრულება ყველასთვის სავალდებულო იქნება.

ტყის ახალი კოდექსი ტყეების მულტიფუნქციური გამოყენებისკენ არის მიმართული, რას ნიშნავს ეს და, სავარაუდოდ, რომელ ტერიტორიებზეა შესაძლებელი, რომ ტყეებს მულტიფუნქციური ტყეების სტატუსი მიენიჭოს?

კანონპროექტით ინერგება 4 ტყის კატეგორია (დაცული, დაცვითი, სარეკრეაციო და სამეურნეო). მულტიფუნქციურობა თითოეულ ამ კატეგორიაში და ყველა ოთხში ერთნაირადაც შეიძლება განხორციელდეს. ტყეებისათვის სტატუსის მინიჭება მოხდება ტყის ინვენტარიზაციის პროცესში ეტაპობრივად, ტყეების ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. 

DCFTA-ის სამოქმედო გეგმაში გაწერილია ტყის რეფორმა. სამუშაო ვერსია, ფაქტობრივად, მზად არის. პროცედურულად რა ეტაპებია გასავლელი, რომ პარლამენტმა კოდექსი მიიღოს და საშემოდგომო სესიებზე მისი მიღების შემთხვევაში, როდიდან დაიწყება მისი ამოქმედება?

რეფორმის და კოდექსის საკითხები გაწერილია DCFTA-ის სამოქმედო გეგმაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდაუწყებრივი განხილვა და როგორც დასრულდება, კანონპროექტის საბოლოო საჯარო განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც გადაიგზავნება საქართველოს მთავრობაში. კანონპროექტი შეტანილია საშემოდგომო სესიისთვის გადასაგზავნ დოკუმენტთა ნუსხაშიც. დღეის მდგომარეობით კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედება დაგეგმილია 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია