რ
ინტერვიუ სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, ნათია იორდანიშვილთან
ტყის და ველის ხანძრების მიმართ საქართველოს ტერიტორია მოწყვლადია, რასაც ბოლო ათეული წლების სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ჯერ კიდევ 2012 წელს არასამთავრობო სექტორმა, ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაიწყო საუბარი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე და შემდგომი მონიტორინგის განხორციელებაზე. ხოლო 2017 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობამ N4 დადგენილების საფუძველზე საქართველოს კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის გეგმა შეიმუშავა.
დადგენილების დანართში მე-8.1 ნაწილი ხანძარსაშიშროების მიხედვით ტყის კლასებად დაყოფას ეხება. სამუშაოები 2013 წლიდან დაიწყო. ამ ღონისძიებების გატარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო დონორი ორგანიზაციიდან - 4 000 000 ევრო. დონორი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობაა. ღონისძიებას მიმდინარეს სტატუსი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია შენიშვნის გრაფაც, სადაც დამატებითი თანხების მოძიების საჭიროება დგას. აქვეა განმარტებული, რომ დამატებითი თანხების შესახებ, ფაქტობრივად, მოლაპარაკება მიღწეულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან. შენიშვნის გრაფაშია განმარტებული, რომ პროცესის დროულ წარმართვას ხელს პროფესიონალი კადრების ნაკლებობაც უშლის.
საქართველოს კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმით, მე-8 პუნქტში გაწერილი ღონისძიებების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.
სტრატეგიის დეტალებზე სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი გვესაუბრება.
– საქართველოს კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის 8.1. პუნქტში წერია, რომ 2017-2020 წლებში მოხდება ხანძარსაშიში რაიონების მიხედვით საქართველოს ტყეების კლასებად დაყოფა, რა ეტაპზეა დღეს ეს პროცესი? მაშინ, როდესაც 2013 წლიდან ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. რაარის პრობლემა, თანხის არქონა თუ არასაკმარისი სპეციალისტების
არსებობა?
– ტყის ინვენტარიზაციის პროცესი საქართველოში უკანასკნელი, თითქმის 20 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2013 წელს განახლდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. 2013-2016 წლებში ტყის დეტალური ინვენტარიზაცია განხორციელდა სრულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ხარაგაულის სატყეო უბნის ტერიტორიაზე . ჯამში 146 236 ჰა ფართობზე.
ამ ტერიტორიებისათვის ინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე მომზადებული და დამტკიცებულია ტყის მართვის გეგმები, მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის, მათ შორის - განახლებული კარტოგრაფიული მასალა.
მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები გურიის რეგიონში 86 080 ჰა ფართობზე და მიმდინარე წლის ბოლოს მომზადდება ტყის მართვის გეგმები აღნიშნული ფართობისათვის.
აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში ინვენტარიზაციისთვის თანხები პერმანენტულად გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში წლების განმავლობაში პრაქტიკის არქონის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ სპეციალისტების რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების წარმოება. ქვეყანაში ამ მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე კერძო კომპანია ოპერირებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაოთა სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგ. ქვეყნის ბუნებრივი პირობები და ტყეების მრავალფეროვნება), მიუხედავად მრავალი კონსულტაციებისა, არაეფექტური გამოდგა საერთაშორისო სპეცილისტების/უცხოური კომპანიების გამოყენება ტყის დეტალური ინვენტარიზაციის სამუშაოებზე.
ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის სპეციალისტების (ტაქსატორების) აღზრდისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით, 2013 წელს განხორციელდა მოკლე სასწავლო კურსი, სააგენტოს ძალებითვე და ასევე, ინვენტარიზაციის განმახოციელებელ კომპანიებს სააგენტო უდებს საკონტრაქტო პირობად, რომ საველე სამუშაოების განხოციელბისას კომპანიებმა უზრუნველყონ სატყეო ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების ან/და ახალგაზრდა კურსადმთავრებულების ჩართვა საქიანობაში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად.
– რა ეტაპზეა ამავე გეგმის 8.2 პუნქტში გაწერილი აქტივობა, რომელიც ტყის ფონდის, განსაკუთრებით ხანძარსაშიში უბნების და დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე ხანძარმედეგი კორომების ფორმირებას უზრუნველყოფდა?
– აღნიშნული, შეიძლება ითქვას, წამოადგენს სააგენტოს პერმანენტულ საქმიანობას და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. რადგან სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს სწორედ იმ პრნციპების დაცვით, რომ მიღებულ იქნეს მდგრადი ტყის ეკოსისტემა. მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 2013-2017 წლების პერიოდში ნახანძრალი ტერიტორიის 108 ჰა ფართობზე იყო სამუშაოები ნაწარმოები და დაირგო 250 000-მდე ნერგი.
2013-2017 წლებში სააგენტოს ტყის აღდგენის სხვადასხვა ღონისძიებები (გაშენება, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ტყის დროებითი სანერგები და სხვა) სხვადასხვა რეგიონში ნაწარმოები აქვს 993 ჰა ფართობზე და აღნიშნულის დაგეგმვა-განხორციელება, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს სააგენტოს პერმანენტულ საქმიანობას.
– ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების პროცესი რა ეტაპზეა?
– მომზადებულია დოკუმენტი, მიმდინარეობს კონსულტაციები კრიზისების მართვის საბჭოსთან და დოკუმენტი მიღებულ იქნება გეგმით განსაზღვრულ ვადებში.
– რა ეტაპზეა ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა?
– ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინების სისტემა მომზადდა ENVSEC პროექტის ფარგლებში და გადმოეცა სამინისტროს, თუმცა მუშაობის პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზები. პროგრამის პროვაიდერებთან (კანადა) მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდეს და სისტემამ საქართველოს პირობებისთვის გამართულად და ეფექტიანად მუშაობა შეძლოს.
– რა ღონისძიებებიი იგეგმება ტყის და ველის ხანძრების საფრთხეების რისკების შემცირების კუთხით ცნობიერების ამაღლების მიმართულებით?
– ეს ქმედება, საქართველოს კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, არ წრმოადენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ღონისძიებას და მასზე სხვა უწყებებია პასუხისმგებელი, თუმცა, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღნიშნულის ხელშესაწყობად განთავსებული აქვს საინფორმაციო გამაფრთხილებელი ბანერები ხანძარსაშიშ და რეკრეაციული დატვირთვის ადგილებში და მომდევნო წლებშიც დაგეგმილია მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება.
***
საინტერესო იყო პოლიტიკის დოკუმენტი კონსულტაციების რა ეტაპზე იყო და რა ვადებს ითვალისწინებდა მისი დამტკიცების პროცესი. ამ საკითხის დაზუსტების მიზნით კრიზისების მართვის საბჭოსთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა - უშედეგოდ.
სატყეო სააგენტოში კი დაიწყო მუშაობა ტყის აღდგენითი ღონისძიებების დასაგეგმად. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ტერიტორიის კონსერვაცია მოხდება, გაზაფხულზე განმეორებითი შესწავლა მოგვცემს საშუალებას, დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები თითოეული მონაკვეთის მიხედვით, იქნება ეს ნერგის დარგვა, თესვა, თუ სხვა სახის აღდგენითი ღონისძიებები. შესწავლის შედეგებისა და რეკომენდაციების მიხედვით, აღდგენის სამუშაოები შესაბამის სეზონებზე (გაზაფხული, შემოდგომა) განხორციელდება. ვადებთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები სააგენტოს ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლის შემდეგ ექნება, როდესაც დაზუსტდება სამუშაოთა სახე-ები და მოცულობები.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღდგენითი პროცესის სიღრმისეულ შესწავლაზე საუბრობენ. ცალკეულად უნდა შეისწავლოს და დაკვირვება მოხდეს ნიადაგზე, გრუნტზე და ეროზიულ პროცესებზე. CENN-ის წარმომადგებნელის, რეზო გეთიაშვილის თქმით, მთავარია, მოხდეს დაფინანსება, რათა აღდგენა დაიწყოს სწრაფად, თუმცა თუ ნიადაგი არის დაზიანებული, არსებობს ხელოვნურად ჩარევის საშუალებებიც. ხანძრის ნაწილი 2008 წლის ნახანძრალზე განვითარდა და ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის აღდგენა. ამ ქმედებებისთვის საჭირო თანხა 2018 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს, რადგან ამ ტყეების დროულ აღდგენას ქვეყნის კურორტების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
მარიკა ვაჭარაძე