საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ხანძრებმა რეგიონებში ხელისუფლებას წინასაარჩევნო მარათონი მოუწყო
ხანძრებმა რეგიონებში ხელისუფლებას წინასაარჩევნო მარათონი მოუწყო
სულ ნანახია 704
ავტორი:

 

მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ქვეყანა კი წინასარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ცეცხლის ალშია გახვეული. თანაც, ამ წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხანძართან და ზოგადად, სტიქიასთან ბრძოლა, ხელისუფლების აქილევსის ქუსლია.

 

პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ძირიდათად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს. ამასთან, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, სტიქიასთან საბრძოლველად არც ტექნიკური აღჭურვილობით ვართ მზად და ხანძარს შიშველი ხელებით ვაქრობთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ დროს კი მმართველი ჩინოვნიკები საკმაოდ მაღალ სახელფასო დანამატებს ირიგებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც „ბავშვთა სამყაროს,“ ლილოს ბაზრობის თუ სხვა გახმაურებული ხანძრების შემდეგ გამოჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მთლად წესრიგში არ გვაქვს საქმე. თუმცა, რაც აგვისტოში მთელი ქვეყანა ცეცხლის ალში გაეხვია, აშკარა გახდა, რომ არც შესაბამისი სტრუქტურები არიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილები და მხოლოდ მეხანძრეების გმირობის იმედად ვართ  - საკმარისია სახანძრო მანქანისათვის მიუდგომელ ადგილას ცეცხლი გაჩნდეს და შეიძლება ასობით ჰექტარი ტყე გადაიწვას.

განსაკუთრებით, საზოგადოებაში პრეტენზიები გაჩნდა კრიზისების მართვის საბჭოს მიმართ, რომლის აპარატშიც ორი ყოფილი ძალოვანი მინისტრი - მინდია ჯანელიძე და ალექსანდრე ჭიკაიძე არის დასაქმებული. თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები კი არც თუ მცირე ხელფასს და სახელფასო დანამატს იღებენ. როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება კრიზისების მართვის საბჭო პენსიონერი მინისტრების დასაქმების ადგილი იყოს, რადგან ეს ეფექტური ვერ იქნებაო. ის რომ კრიზისების მართვის სქემაში პრობლემა გვაქვს და თან შესაბამისი ინფრაქტრუქტურაც საკმარისი არ არის, ეს არაპირდაპირ პრემიერ-მინისტრმაც „აღიარა.“

"ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს ხედავთ, გლობალური დათბობის პირობებში, რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხანძარმა ხელისუფლებას წინასაარჩევნო მარათონი მოუწყო. თანაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სტიქიური უბედურებაც კი პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აშკარად ერიდებოდნენ ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას და აცხადებდნენ, რომ ჯერ მთავარია ხანძარი ჩაქრესო და პარლამენტშიც ერთხმად დაუჭირეს მხარი ჯარის გამოყენებაზე ნებართვას სტიქიასთან საბრძოლველად, მათ კომენტარებში მაინც იგრძნობოდა ქვეტექსტი - ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, ჯარიც გვიან ჩართო პროცესში და მეგობარ ქვეყნებსაც გვიან სთხოვა დახმარება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებისათვის დახმარებას, ეს კიდევ ცალკე პოლიტიკური გამოწვევა და თავის მართლების თემა აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დახმარება არა მხოლოდ მეგობარმა, არამედ ოკუპანტმა ქვეყანამაც შემოგვთავაზა და ჩვენ ზრდილობიანად ვთქვით უარი. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ დახმარების თხოვნა რუსეთისთვის ჩვენ გაგვიგზავნია და რომ დაგვთანხმდნენ, შემდეგ ჩვენვე გვითქვამს უარი. ამას ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგი განმარტება მოჰყვა - რუსეთს დახმარების თხოვნა გაერომ გადაუგზავნა, რადგან პროცედურა ითვალისწინებდა ამასო. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დახმარებაზე მიმართვა შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციიდან შევიდა. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის დახმარების თხოვნა,  ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურების დროს, შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს და არა გამოუსწორებელი შეცდომა ან ტრაგედია, მაგრამ მთავარი სხვა რამა არის. ამ „პატარა“ დეტალმა კიდევ ერთხელ აჩვენა - ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობის ე.წ. პიარის მიმართულებით, აშკარად პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კი კრიზისების დროს - აცხადებენ ერთს და როდესაც საპირისპირო ირკვევა, თავის მართლება უწევთ.

ხელისუფლება და მთელი ქვეყანა ასეთ „გაწამაწიაში“ იყო, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა 21 ოქტომბერს. ამის შემდეგ, მასშტაბურ ხანძართან და მის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უკვე ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ისიც გაირკვა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ადგილობრივ დონეზე კადრებს ტოტალურად ცვლის და ამას ახალი სისხლის გადასხმას არქმევს, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა „საკადრო შიმშილი.“

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, როდესაც მმართველი გუნდი იწყებს კადრების შეცვლის ტოტალურ კამპანიას, ეს ნიშნავს იმას, რომ რეიტინგი არ აქვს. "ოცნებას" აქვს საშინელი საკადრო შიმშილი... ეს არ არის "ახალი სისხლი". ეს არის ახალ ჭიქაში ჩასხმული ძველი ღვინო. უბრალოდ, ახალ კაბინეტებში შეუშვებენ და ახალ თანამდებობებზე დანიშნავენ. ვერავინ იტყვის, გარდა ნეპოტიზმისა, სხვა რა პრინციპით არჩევენ კადრებს" - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო ცინცაძე.

ამავე აზრს იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, მერებმა და გამგებლებმა მმართველობის პერიოდში მოახერხეს თვითდისკრედიტაცია. მაქსიმალურად არაპოპულარულები არიან. შესაბამისად, ახლა ოცნება ცდილობს, რომ ეს არაპოპულარული ადამიანები ჩაანაცვლოს ე.წ. ახალი სახეებით.

„რეგიონებში მმართველი ძალისთვის დიდ სიურპრიზებს არ ველოდები იმიტომ, რომ რესურსები "ოცნებას" განუსაზღვრელად აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს. შეიძლება ლოკალური სიურპრიზები იყოს, მაგრამ ნაციონალური მასშტაბით - არა... შედეგები განპირობებული იქნება მხოლოდ რესურსებით. აქ კანდიდატების დამსახურება არაფერი იქნება. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, არის ისევ და ისევ რესურების ომი და არა იდეების ომი“ - ასკვნის ესპერტი.

ამრიგად, ხანძართან ომი ისევ გრძელდება - ვერტმფრენები ხან მთა-თუშეთში, ხან კახეთში ისევ მუშაობენ - ხანძრის კერების გეოგრაფია მართლაც რომ მრავალფეროვანია. თუ რა არის ხანძრის შემთხვევების ასეთი გახშირების მიზეზი - დაუდევრობა თუ დივერსია, ეს ცალკე თემაა და აქ მთავარი სიტყვა ძალოვან სტრუქტურებს ეკუთვნით. ამის პარალელურად კი ქვეყანაში მეორე ფრონტის ხაზია გახნილი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც რესურსების ომი გადამწყვეტ ფაზაში ჯერ არ შესულა. თუ როგორი იქნება შედეგები მეორე ფრონტზე, ამას ოქტომბერში ვნახავთ.

 

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია