საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მამუკა არეშიძე: „ეს არის პრესტიჟის შელახვა, დეზორგანიზაცია და ეკონომიკური დარტყმა ქვეყნისთვის!“
მამუკა არეშიძე: „ეს არის პრესტიჟის შელახვა, დეზორგანიზაცია და ეკონომიკური დარტყმა ქვეყნისთვის!“
სულ ნანახია 779
ავტორი:

 

 

ბორჯომში, სოფელ დაბის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დღის საათებში გაჩნდა. თვითმხილველებმა 112-ზე ინფორმაციის გადაცემის შემდეგ სწრაფი რეაგირებისთვის ტელეკომპანია “ბორჯომის ჟურნალისტს სოციალური ქსელით შეატყობინეს. პირველი სწორედ ტელეკომპანია "ბორჯომი" იყო, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა.  ცეცხლი ბუჩქოვან ხეებს და ბალახს მოეკიდა, თუმცა ადგილი ძნელად მისადგომი აღმოჩნდა სახანძრო მანქანებისთვის, რის გამოც პროცესში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა გახდა საჭირო. 

„ჩვენი გადამღები ჯგუფი დაბაში ვერტმფრენის გამოჩენამდე მივიდა. შემდეგ მოვიდნენ სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებიც. ცეცხლი თავიდან 3000 კვ. მ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა არეალი ეტაპობრივად გაიზარდა. ცეცხლის ჩაქრობას ერთი ვერტმფრენი ცდილობდა, იმის გამო, რომ გზა მიუვალი იყო, სახანძრო ეკიპაჟებს და ადგილობრივებს იქ მისვლა და ხანძრის ლოკალიზება უჭირდათ. საშინელი სანახავია, როცა უყურებ, როგორ იწვის შენი  ქალაქის ტყეები და ამ დროს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. დაბა წაღვერი კვამლში იყო გახვეული, ჭვარტლმა ქალაქის ცენტრამდე ჩამოაღწია, ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.“ - ასე იხსენებს ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი ნინო ვართაპედიანი ბორჯომში ხანძრის გაჩენის პირველ დღეს.

21 აგვისტოს მდგომარეობა გართულდა, რის გამოც დამხმარე ძალის გამოძახება გახდა საჭირო, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. მოგვიანებით სამმა ვერტმფრენმა დაიწყო მუშაობა, თუმცა ქარის გამო რთულდებოდა ხანძრის ლოკალიზება. პრემიერის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. შტაბის შემადგენლობაში მთავრობის წევრები შედიოდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

22 აგვისტო ერთ-ერთი რთული დღე იყო ბორჯომის ტყეები ისტორიაში, რადგან ცეცხლი კიდევ უფრო მეტ ფართობზე გავრცელდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმ ათეულობით ჰექტარი მოიცვა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსიის  7 ვერტმფრენი ჩაერთო. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1000 ჯარისკაცი ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები.

ადგილზე ჩავიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საგანგებო შტაბში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირს დაესწრო, სადაც სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ კვლავ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღის ბოლომდე მიღწეული იქნებოდა.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ბოლო დღეების განმავლობაში მაშველების და სამხედროების დახმარებით 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე, ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესაფასებლად 23 აგვისტოს გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებისაგან ხანძრის კერებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის გაჩენიდან ოთხი დღის შემდეგ, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში,  დადებითი დინამიკა შეიმჩნეოდა ცეცხლის ლოკალიზების კუთხით.

„აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ დროისთვის ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაობს უკვე მეხუთე დღეა აწარმოებდა ორად გაიყო. ერთი არდაღანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხანძრის კერებზე მუშაობდა, ხოლო მეორე ჯგუფი წაღვერის მონაკვეთზე. საბოლოოდ ცეცხლის ლიკვიდაცია 26 აგვისტოს გახდა შესაძლებელი. თუმცა მაშველების და მეხანძრეების გარკვეული ჯგუფი, 1 სექტემბრის მონაცემებით, ადგილზე რჩება.

„აეროფოტოსურათების დამუშავებით გვაქვს პირველადი მონაცემები ხანძრის ფართობთან დაკავშირებით, თუმცა, მონაცემი შესაძლოა შეიცვალოს ტერიტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ. ხანძარმა თითქმის გაიმეორა 2008 წლის ნახანძრალი ფართობი და პერიმეტრი რუქის მიხედვით შეადგენს 757 ჰა-ს, აქედან 525 ჰა წარმოადგენს 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიას. სამწუხაროდ, ხანძარმა დააზიანა 2013-2017 წლებში გაშენებული ნარგაობის ნაწილიც. ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემი ასევე დეტალური შესწავლის შემდეგ გვექნება. ტერიტორიიდან მაშველებისა და მეხანძრეების გამოსვლის შემდეგ, სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი და მოწვეული ექსპერტები დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის დეტალურ შესწავლას, რომლის დროსაც კონკრეტული ფართობების მიხედვით შეფასდება როგორც ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა, ასევე, დზაიანების კატეგორია, გარემოზე მიყენებული ზიანი და სხვა გარემოფაქტორები. შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შევა ცვლილებები ტერიტორიისთვის არსებულ ტყის აღდგენის პროექტში.“ აცხადებს ჩვენთან საუბარში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

ხანძრის გაჩენის რისკებზე და ფაქტორებზე საუბრობენ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ექსპერტები. ისინი არ გამორიცხავენ დივერსიის ფაქტსაც, თუმცა ყურადღებას დაუდევრობზე, განათლების და ცნობირების პრობლემაზეც ამახვილებენ. გარემოს დაცვითი ორგანიზაციიის CENN-ის ექსპერტი რეზო გეთიაშვილი ამბობს: „ასეთ ტყეებში ბევრი ადამიანი შედის, როგორრც ადგილობრივი მცხოვრები, ასევე  ტურისტი. ეს ტყეები აქტიურად გამოიყენება მერქნული დამუშავებისთვის. ამ არამდგრადი სარგებლობით და მმართველობით ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება. კიდევ ერთი ფაქტორი ძლიერ დეგრადირებული ტყეა, სადაც იყო გახრიოკებული ადგილები, იყო მკვდარი ბიომასა, შესაბამისად რისკებიც არის მაღალი. კიდევ ერთი მიზეზი არის ის რომ სატყეო მეურნეობა დიდი ხანია არ მუშაობს, მართვის გეგმაში უნდა იყოს გაწერილი სახანძრო გზების მოწყობა, მკვდარი ბიომასის გამოტანა, ასევე ტყეში შესაძლოა, საჭირო გახდეს ქვედა ტოტების შეჭრა. ეს კანონმდებლობით გაწერილია, თუმცა არ ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ ტყეები გვჭირდება იმისთვის, რომ დავწვათ ღუმელში, ანუ გამოვიყენოთ სათბობ მასად. ეს ჭრები კი ქმნის მოწყვლად ადგილებს ტყის ხანძრებისთვის. და  ბოლოს, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს მზაობა არის დაბალი, რათა ხანძარს გაუსწორდეს.“

დივერსიის ფაქტთან დაკავშირებით ეროვნულ სატყეო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამ ფაქტს არ გამორიცხავს ექსპერტი მამუკა არეშიძე. „რაც უფრო იმატებს ხანძრების რიცხვი, მით უფრო მაღალი ხარისხით იმატებს დივერსიის ალბათობა. თუმცა, აქ შეგვიძლია, ორ ფაქტორზე ვისაუბროთ - დივერსია შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. მე შიდა ფაქტორს გამოვრიცხავ, თუმცა ფაქტია, რომ შემსრულებლები ადგილზე უნდა ვეძებოთ. რაც შეეხება გარე პოლიტიკურ ფაქტორს, დომინირებს აზრი რუსეთის მიერ მოწყობილ დივერსიაზე. მაგრამ  მე უფრო ვემხრობი იმას,  რომ ეს არ მოდის რუსეთიდან. ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთი, მაშინ უნდა ვთქვათ რატომ რუსეთი? ფაქტია, რომ ეს არის პრესტიჟის შელახვა, დეზორგანიზაცია და ეკონომიკური დარტყმაა ქვეყნისთვის.

 არ არის გამორიცხული, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს. ბოლო დროს ქვეყანამ დასავლეთისკენ ლტოლვა და ნატოს წვრთნების შინაარსი გაზარდა, მე არც ამ ფაქტორს გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ევროპასთან და ნატოსთან დაახლოება ამ დივერსიის ერთ-ერთ მოტივად განვიხილოთ. ქვეყნის გეოპოლიტიკამ დაგვაჩვია ეჭვიანობას, თუმცა ყველას, ვისაც ჩვენი გეოპოლიტიკური სურათი შეიძლება არ მოწონდეს, არ აწყობდეს, რომ სატრანზიტო ქვეყანა საქართველო იყოს, რეგიონში ძლიერ და დასაყრდენ ძალად გვთლიდეს  ევროპა, ყველა შეიძლება ამ შესაძლო დივერსიის უკან იდგეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ძირში ვიყუროთ, ვისი ხელით კეთდება ეს?!

და კიდევ, ყველა ნორმალრად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ეს ხელისუფლება თავს ვერ ართმევს კრიზისული სიტუაციების მართვას. ხელისუფლება არ არის ორგანიზებული და უხდება სხვა ქვეყნებისთვის მიმართვა დახმარებისთვის. შესაბამისად ჩნდება გაღიზიანება და ანტაგონიზმი საზოგადოებაში. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და ვეთანხმები პრემიერ მინისტრს, რომ კონკრეტული ქმედებებია საჭირო.

მდგომარეობა ასეთია - კლიმატი შეიცვალა, რაც ბევრი რამის საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მწარე გამოცდილება მივიღეთ, არაფერი ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. ფაქტია, ახალი გამოწვევები გაჩნდა ქვეყნის წინაშე და არ შეიძლება სტიქიური უბედურების ბრძოლის სამსახურები სამ უწყებაში იყოს გადანაწილებული. თუმცა, ვერაფერს ვიტყვი მაშველების და არმიის პროფესიონალიზმსა და მაღალ ჩართლობაზე.“  აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

ბორჯომის ხეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დივერსიის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 16 აგვისტოდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 29 ხანძრის კერა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ფართობის ტყე დაიწვა ამ პერიოდში, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია