დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვის არ ეყოლება მერობის კანდიდატი ქუთაისში
ვის არ ეყოლება მერობის კანდიდატი ქუთაისში
სულ ნანახია 1025
ავტორი:

 

 

პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი  გრძელდება

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისის პოლიტიკური სპექტრი აქტიურად ემზადება. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებების გაკეთებას  მერის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით ან პარტიული სიის პირველი ათეულის შესახებ, მაინც ერიდებიან და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება ხედვას, ქუთაისის განვითარების შესახებ, ისინი თავიანთ პროგრამებში წარმოადგენენ.

ჩვენ გაზეთის წინა ნომერში გიამბეთ რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო სამზადისის შესახებ. ამჯერადაც ვაგრძელებთ პარტიების ქუთაისური ოფისების წინასაარჩევნო საქმიანობის გაცნობას:თავისუფალი დემოკრატების ქუთაისის ოფისს  ჯერჯერობით ქალაქის მერის კანდიდატურა არ დაუსახელებია, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თავისუფალ დემოკრატებს ქუთაისის მერობის კანდიდატი აუცილებლად ეყოლებათ.

 თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ჩვენთან საუბარში აცხადებს: „ჩვენ ველოდებით იმ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს, ქალაქის მერად დასახელებული პირი იყოს პარტიულ სიაშიც პირველი. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით მე ვიქნები დასახელებული. რაც შეეხება პარტიულ სიას, ჩვენ ქუთაისში დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი არ გვაქვს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პარტიული სიის პირველ ათეულში მოაზრებიან. აქვე გეტყვით, რომ ეს საკითხებიც კონსულტაციების ეტაპზეა. რაც შეეხება, ჩვენს სამომავლო გეგმებს ქალაქთან მიმართებაში, მის თვითმმართველის სტატუსის და ფუნქციურ შენარჩუნებას ეხება. ამ ქალაქის მთავარი პრობლემა ის არის დღეს, რომ არ ყავს თვითმმართველობა და რაც გვყავს, ეს ბუტაფორიაა. მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ქუთაისი იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს, თავად განკარგოს შემოსავალიც და გასავალიც. ქუთაისი იყო პირველი ქალაქი ამ ქვეყანაში და სამათხოვრო არაფერი არ აქვს, ის ხელგაწვდილი არ უნდა ითხოვდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან დამატებით თანხებს. ქუთაისი უნდა გახდეს ისეთი თვითმმართველი ქალაქი, რომ თითოეულმა ქუთაისელმა ღირსეულად თქვას - მე ვარ ქუთაისელი!“

 

* * *

ჯერჯერობით აზრთა შეჯერება და კონსულტაციები მიმდინარეობს მმართველ პარტიაშიც. ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებიათ კანდიდატი, ვინც ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს. როგორც პარტიაში აცახდებენ, ეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია ამბობს: „ნუ გავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ ოფიციალურ წარდგენას.  სიასთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და სავარაუდოდ, მათი ვინაობა ცნობილი გახდება კანდიდატის დასახელების შემდეგ. გეტყვით, რომ  პარტია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ორიენტირებული იქნება ქალაქის განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

 

* * *

“რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ოფისში, როგორც პარტიის წევრი გიორგი ხურციძე აცხადებს, ამ ეტაპზე გუნდთან ერთად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების განხილვა.

* * *

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან მრეწველებიც. ქუთაისში ისინი კვლავ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გაერთიანდებიან და დამოუკიდებელ კანდიდატს მერის თანამდებობის დასაკავებლად არ დაასახელებენ. ამ ფაქტს ადასტურებს ფრაქცია მრეწველების წარმომადგენელი ქუთაისის საკრებულოში ვიქტორ დოლიძე. ის ამბობს, რომ მათ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლებათ. ხოლო რაც შეეხება პარტიული სიის ათეულს, არც ამ სიას განიხილავენ აქტიურად, რადგან ისინი მმართველ პარტიასთან ერთად მოიაზრებიან. სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პირველ ათეულში ერთ-ერთი მრეწველების კანდიდატიც იქნება შესული. თუმცა ქალაქის განვითარების ხედვა მრეწველებს მმართველი პარტიისგან განსხვავებული აქვთ.         „განსხვავებულია საკრებულოშიც ჩვენი ხედვა და არის აზრთა ჭიდილი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, შევა-          ჯეროთ საკითხები. ვმსჯელობთ და გავდივართ კონსულტაციებს. ჩვენ საკრებულოს სხდომებზე ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სკითხში ვეთანხმებით მმართველ გუნდს" - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

 

* * *

არც პარტიული სიის პირველი ათეული და არც მაჟორიტარები ჯერ არ შეურჩევიათ ბურჯანაძე-დემოკრატებს.  საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სექტემბრამდე არ იქნება გარკვეული. პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი კანდიდატების სანდოობაზე ამახვილებს ყურადღებას. “ვეცდებით, შევარჩიოთ ისეთი კანდიდატები, ვისაც კვალი გაუვლია ქუთაისის მშენებლობაში და ენდობა მოსახლეობა, გავცეთ ისეთი დაპირებები, რაც შესრულებადია და გამოადგება ქალაქს: -  ქალაქის სტატუსის განსაზღვრა, რაც, სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, სამუშაო ადგილების შექმნა იმ მცირე საწარმოების სახით, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებასთან იქნება დაკავშირებული, თავისივე სასაწყობე მეურნეობებით, რაც უნდა განთავსდეს ქუთაისში, იმერეთის სოფლის პროდუქტებისათვის, ტურიზმის უფრო ფართო მასშტაბების ხელშეწყობა, რისთვისაც ინფრასტრუქტურის აუცილებლად და დროულად მოწესრიგებაა საჭირო, რეალური თვითმმართველობის ამოქმედება და სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრულად, რაციონალურად ხარჯვა.

 

* * *

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკურად ცხელი აგვისტო ელოდება პოლიტიკური პარტიების რეგიონულ ოფისებს. საარჩევნო ვადებიდან გამომდინარე, მათ ამ დროისთვის უნდა დაარეგისტრირონ ქუთაისის მერობის კანდიდატები, მაჟორიტარები და შესაბამისად, პარტიული სიის პირველი ათეულიც უნდა დაასახელონ.

 

 

მარი ტაბიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია