საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება – რეფორმა თუ ანტირეფორმა?
შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება – რეფორმა თუ ანტირეფორმა?
სულ ნანახია 789
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი ჩამოერთვა და იგივე დასახელების მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაერთიანდა. შედეგად შვიდი თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად შვიდი მუნიციპალიტის ადმინისტრაციული ცენტრი მივიღეთ. მაგალითად, თუ მანამდე იყო ქალაქი თელავი და თელავის მუნიპალიტეტი, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გვექნება მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტი.

სულ ასეთი თვითმმართველი ქალაქი, რომელიც გაუქმდა და შეუერთდა იგივე დასახელების სათემო მუნიციპალიტეტს, შვიდია - გორი, ამბროლაური, მცხეთა, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე და ზუგდიდი.

 

ნდა აღინიშნოს, რომ ამ შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ისევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიანიჭა 2014 წელს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და 2017 წელს ისევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წაართვა. მაშინ ამ ქალაქებისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. რეფორმის პირველ ეტაპზე თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა  ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს როგორც ევროსაბჭომ, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც.

თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე სხვაგვარად ფიქრობს და ამ ქალაქების ცალკე თვითმმართველ ერთეულად არსებობა აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ კომენტარებში, თვითმმართველი ერთეული არ უქმდება, უბრალოდ განსხვავება მხოლოდ შემდეგშია - თვითმმართველ ქალაქებში ირჩევენ მერებს, სათემო მუნიციპალიტეტებში კი გამგებლებს.

„აქ ლაპარაკია იმაზე, თუ მოხდება გამსხვილება, ანუ დაბრუნება ძველი საზღვრების, მაშინ ეს სათემო მუნიციპალიტეტები იქნება და, ცხადია, იქ არჩეული იქნება გამგებლები“ - აცხადებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი. თუმცა, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ასე მარტივად არ შეხედეს და შეეწინაღმდეგნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

როდესაც დაიწყო მსჯელობა შვიდი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევაზე, არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც ხელისუფლების ეს ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეაფასა, როგორც რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა.

„თვითმმართველი ქალაქების განვითარება - ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც. გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც“ - ნათქვამია 120 ორგანიზაციის სახელით გავრცლებულ განცხადებაში.

როგორც რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე ეჭვობს,  შესაძლოა ხელისუფლების მიერ დასახელებული მიზეზის - ხარჯების შემცირების ნაცვლად, არსებული პრაქტიკით, ადმინისტრაციულმა ხარჯებმაც მოიმატოს. შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ანტირეფორმად მიიჩნევს „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი. მისთვის თვითმმართველობების გამსხვილების გამართლება ხარჯების დაზოგვით გაუგებარია:

“ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტები ძვირი სიამოვნებაა და თანხების დაზოგვა ამ მიმართულებით არ არის გამართლებული. არც ის დეკლარირებული რაოდენობა, რომელსაც მთავრობა ასახელებს, არ იზოგება ამდენი. ძალიან მიზერული თანხები შეიძლება „დაიზოგოს“, მაგრამ ამ დაზოგილ თანხებს შეიძლება ბევრი გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს - ვთქვათ, დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, იგივე სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება და ასე შემდეგ“.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ყოველთვის იწვევს ხოლმე გადაწონვას, ასე ვთქვათ, მუნიციპალური ბიუჯეტისა ქალაქის მხარეს, იმიტომ რომ ქალაქში მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, მეტ სერვისს იღებს სახელმწიფოსგან და ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობს ხოლმე მეტად კმაყოფილი ჰყავდეს დიდი ქალაქის მოსახლეობა და ამ შემთხვევაში სოფლები ყურადღების გარეშე რჩებიან ხოლმე. თავის დროზე, ძალიან კარგი რამ გაკეთდა გაყოფით, იმიტომ რომ მეტი ყურადღება მიექცა სოფლებს, მეტი ინფრასტრუტქურული პროექტების განხორციელება დაიწყო სოფლებში - ბაღები, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისები, რომლებიც სოფლებისთვის აქამდე ხელმიუწვდომელი იყო. ამიტომ არასამთავრობო სექტორის ექსპერტები ფიქრობენ, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის და სათემო მუნიციპალიტეტების  გაერთიანება, ძალიან დააზარალებს მოსახლეობას.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია